კოდუასთან დაკავშირებით ბიზნესმებს შორის დავა გრძელდება. დღეს ბრიფინგი კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძის ყოფილმა პარტნიორმა გოგა ზაქაიძემ გამართა და კოდუას და ნამორაძეს გარეწრები უწოდა.
ბიზნესმენი გოგა ზაქაიძე ამბობს, რომ იგი იძულებული გახდა, კოდუა და ნამორაძე "ტიფლის დეველოპმენტიდან" გაეშვა და წილები ჩამოერთვა. ბიზნესმენი ყვება, რომ კომპანიამ საქმიანობა მისი ფულით დაიწყო, მეწილეებს კი ფული, მოგვიანებით უნდა შეეტანათ, თუმცა "გადააგდეს".
ამის მერე, როგორც ზაქაიძე ამბობს, ნარკოტიკები ჩაუდეს და დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ, რაც "180 ათასი დოლარის ოდენობის ქონების სახელმწიფოსთვის გადაფორმების შემდეგ მოახერხა", იძულებული იყო, წილები მოეთხოვა მევალეებისთვის, რადგან ვალი მათგან ვერ ამოიღო.
ბიზნესმენი ამბობს, რომ კოდუა და ნამორაძე, რომლებიც 25-25 პროცენტს ფლობდნენ კომპანიაში, იძულებული გახდნენ, წილები დაეთმოთ, რადგან კომპანია მუშაობას ამ პირობებში ზაქაიძის გადაწყვეტილებით, შეაჩერებდა.
გოგა ზაქაიძე: ნოშიკომ, ისე, რომ ერთი ლარი არ შემოუტანია კომპანიაში, ჩემგან მიიღო 1 მილიონ 100 ათასი დოლარი, პლიუს მიიღო სახლი, ავტომობილი, რომელშიც 70 თუ 80 ათასი დოლარი გადავიხადე და მის ცოლს მივეცი, თუმცა განვადებას მე ვიხდიდი და პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, სახელმწიფოს გადავუფორმე. ნოშიკომ მთხოვა, რომ ვყოფილიყავი მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლია, ქორწილი გადავუხადე კომპანიის კუთვნილი თანხებით რესტორან "ქალაქურში". ამის მერე, ბაკურიანში ვუყიდე "დაჩა". ამის შემდეგ, კომპანიიდან გაიტანა 1300 კვადრატული მეტრი ფართი ნოშიკომ, ამაზე მეტი კი, - კოდუამ. ნოშრევანი და კოდუა არიან ზუსტად ერთნაირი გარეწრები!
ნოშრევან ნამორაძე, რომელიც ბრალდებულია დავით კოდუას ცემაში და ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია, გოგა ზაქაიძეს კოდუების ახლობლად მოიხსენიებს.
საქალაქო სასამართლოში მან თქვა, რომ გოგა ზაქაიძის მეშვეობით დაათმობინეს იძულებით წილები კოდუებმა. ბრალდებულმა სასამართლოში თქვა, რომ სწორედ ამიტომ სცემა დავით კოდუა, რომლის გამოც "ბოლო წლების განმავლობაში თავს სულში ჩაფურთხებულად სცნობდა".
ნამორაძემ თქვა, რომ ერეკლე და დავით კოდუები ზაქაიძის მეგობრები არიან და მათ ჩამოაგდეს მისი მეუღლე ავტომობილიდან, რომელიც ბიზნესწილებთან ერთად დაათმობინეს.
ეს განცხადება ნოშრევან ნამორაძემ მანამდე გააკეთა, ვიდრე გოგა ზაქაიძე ბრიფინგს მოაწყობდა.
ზაქაიძის განცხადებებს კი დღეს, უარყოფს ბრალდებულ ნამორაძის მეუღლე. ნინო სუთიძის განცხადებით, გოგა ზაქაიძე ამ დრომდე მეგობრობს კოდუებთან. სუთიძე უარყოფს ბიზნესმენის ინფორმაციას, რომ მის მეუღლეს "ტიფლის დეველოპმენტის" ვალი აქვს.
ნინო სუთიძე: გიორგი ზაქაიძეს და მის ბოდვებს ქალაქში კარგად იცნობენ. მას სურს, თავი წარმოაჩინოს ჩვეულებრივ ქველმოქმედად, რასაც არავინ დაიჯერებს. რა მჭირდა მისი საყიდელი, ან რატომ უნდა ეყიდა გოგა ზაქაიძეს ჩემთვის ავტომობილი. ის არის ცნობილი ღორი, არაფრით არ გამოუვა "კმარელ" გარეწარ არაკაცს და რცხვენოდეს, რომ ნოშიკო ნამორაძეს მთელი საქართველო გვერდში უდგას, მთელი საქართველო აღშფოთებულია რაც მოხდა, მას კი უნდა რცხვენოდეს, რომ "კმარელი" გიორგი ზაქაიძე მას ეძახის გარეწარს.
ნინო სუთიძე მოგვაწოდა ფოტოც, სადაც ზაქაიძე აქციაში იღებს მონაწილეობას. სუთიძის თქმით, იგი "
კმარას” აქტივისტი იყო.
რაც შეეხება 3 მაისს, აბაშიძის ქუჩაზე ნაცემ დავით კოდუას, ექიმების ბოლო ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ჯერ კიდევ მართვით სუნთქვაზე რჩება კლინიკაში.
დავით კოდუას დედა ლაურა ღაჭავა გამოეხმაურა ბიზნესმენ ზაქაიძის დღევანდელ განცხადებას.
ლაურა ღაჭავა: ახლა გავეცანი ზაქაიძის ინტერვიუს, რომ არც ერთი კაპიკი არ დაუდია ნამორაძეს ამ ბიზნესში. მას კავშირი არ ჰქონია ამ ბიზნესთან და რა პრეტენზიები აქვს, რომ რაღაცას ითხოვს?! ის ამბობს, რომ უფრო მეტი მივეცი, რაც არ ეკუთვნოდაო. თუ ასეა, რატომ სცემა ჩემი შვილი, თუ არავის მისი ვალი არ ჰქონდა?! ჯერ იძახდა ნარკოტიკები ჩამიდეს და მიტომ ვარ გამწარებულიო. დათო კოდუა რა შუაში იყო ნარკოტიკებთან, ექიმი კაცი?!, შემდეგ ამბობს, ვალი ჰქონდათო და აღმოჩნდა, რომ მისი ვალი არავის ჰქონია. მისი მეუღლე, ახალგაზრდა ქალი, გამოდის გაღიმებული სახით და არც აწუხებს ის, რაც მისმა მეუღლემ ჩაიდინა. ადამიანი ახლა სასიკვდილო მდგომარეობაშია. როგორ შეიძლება ასე სცემო ადამიანი?! ადექი და უჩივლე! ცივილიზებული ფორმებით გაარჩიე! ეს ქუჩური გარჩევა რა უბედურებაა?!
ნოშრევან ნამორაძის საჩივრის მიხედვით, "ტიფლის დეველოპმენტთან" დაკავშირებული გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge