ირაკლი ალასანია - ჩვენ ყველა სცენარისთვის ვემზადებით

 ირაკლი ალასანია - ჩვენ ყველა სცენარისთვის ვემზადებით

საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე მცირეა, მაგრამ ჩვენ ყველა სცენარისთვის ვემზადებით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "მაესტროს" "ცხრიანში", რუსეთის ქმედებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაძაბულობა თავიდან იყოს არიდებული. მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ასეთ განსაცდელში ქვეყანა არ ჩააგდოს და აქედან გამომდინარე სამხედრო დიპლომატიური ნაბიჯები იდგმება პრემიერ-მინისტრისა და მთელი მთავრობისგან, რათა მოვლენების რთული სცენარით განვითარება დაშვებული არ იყოს.

"მაგრამ ჩვენ არ ვართ დაზღვეული და აქედან გამომდინარე ჩვენ ორმხრივ ფორმატებში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ვფიქრობთ და ვავითარებთ ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს. რაც შეეხება პირდაპირ საფრთხეს, კონკრეტულად, საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხეს, მე ვარ იმ აზრზე, რომ ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არის ძალიან მცირე. პირველი იმიტომ, რომ რუსეთი იმ პრობლემებშია ჩართული, რაც უკრაინასთან აქვს და ის ავანტურა, რაც წამოიწყო, უკვე ძალიან ძვირად უჯდება. რაც შეეხება ჩვენთან ურთიერთობებს, მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოლიტიკას, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას, რომ არ მივცეთ არანაირი მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა რაიმე ფორმით, პოლიტიკური თუ სხვა ფორმით განახორციელოს საქართველოზე თავდასხმა, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ვემზადებით ყველა სცენარისთვის", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

მინისტრის განცხადებით, ნატო-ს ყველა პარტნიორი თუ წევრი ქვეყნის ლიდერი დღეს ერთ აზრზე დგას, რომ რაც უკრაინაში ხდება, რა აგრესიითაც რუსეთმა ექსპანსია დაიწყო, არის ის წითელი ხაზი, რომელზეც აუცილებელია განსაკუთრებული რეაგირება.

ირაკლი ალასანიას თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ დისკუსიები და განხილვები ნატო-ში, სამხედრო კუთხით, თუ რა პასუხი უნდა გაეცეს რუსეთის აგრესიას, იქნება კიდევ უფრო დეტალურად და დაიწყება განხორციელება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზრით, ნატო-ს მხრიდან რეაგირება, მიმართული უნდა იყოს უსაფრთხოების დამატებითი შესაძლებლობების შექმნაზე და არა პირიქით, არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანაზე რეგიონსა და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში.

"ვფიქრობ, ზედმეტად ფრთხილობენ ის ანალიტიკოსები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ არ არის საჭირო ზედმეტი გამაღიზიანებლის შემოტანა ისედაც დაძაბულ ვითარებაში რუსეთთან. რუსეთი ახალ რეალობებს ქმნის ადგილზე და აქედან გამომდინარე, არა მგონია, რაიმემ ან დადებითად ან უარყოფითად იმოქმედოს მათ გეგმებზე. დღეს აქვთ ამოცანად, რომ არ ჩაატარებინონ უკრაინაში არჩევნები, არ ეყოლოს ახლად არჩეული ლეგიტიმური ლიდერი უკრაინას და ამ ამოცანისთვის ისინი სწორედ დესტაბილიზაციას ქმნიან აღმოსავლეთ უკრაინაში, ამაზე უარესს ისინი ვერ გააკეთებენ. აქედან გამომდინარე, უნდა იყოს ძალიან ძლიერი, ნათელი პასუხი ნატოსგან. მაგრამ ნატო-საქართველოს ურთიერთობების გარდაც საქართველოს შეიარაღებული ძალები საკუთრივ თვითონაც ემზადება შესაძლო გართულებებისთვის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა