26 მაისს აღლუმი ალბათ არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა
ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, 26 მაისი აღინიშნება, თუმცა ის განსაკუთრებული პომპეზურობის გარეშე ჩაივლის.
"იქნება ზედმეტი პომპეზურობის გარეშე, მაგრამ ჩვენი ხალხი აუცილებლად აღნიშნავს ამ დღესასწაულს ისე, როგორც ეკადრება", -განაცხადა ყიფიანმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა აღლუმი, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ "ალბათ, არ იქნება".
26 მაისის საორგანიზაციო კომისია დღეს შეიკრიბება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის გუშინდელი სხდომის შემდეგ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, საორგანიზაციო საკითხებზე სამთავრობო კომისია მუშაობს.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპკორპუსის წევრების დაპატიჟება ეხება და ამას უზრუნველყოფს. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, თუ რა იგეგმება, მისთვის უცნობია. ასევე არ არის გადაწყვეტილი ჩატარდება თუ არა სამხედრო აღლუმი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დღესასწაული. მისი უწყებიდან კომისიის მუშაობაში ჩართულია მისი მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.