"2016 წლამდე ალასანიას მეთაურობით შესაძლოა, ახალი კოალიცია ვიხილოთ"

"2016 წლამდე ალასანიას მეთაურობით შესაძლოა, ახალი კოალიცია ვიხილოთ"

პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი კვლავ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას აქვს, რასაც ექსპერტები მისი ფიგურის დამოუკიდებლობით ხსნიან და ამბობენ, რომ ალასანია მოსახლეობაში კოალიციის გარეთ მდგომ, მკვეთრად პროდასავლურ ფიგურად განიხილება.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს კახი კახიშვილს მიაჩნია, რომ NDI-ის კვლევებში მისი ბოლოდროინდელი მაღალი რეიტინგი შემთხვევითი არ არის და ამის მიზეზად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას ასახელებს.

კახიშვილი ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, ამ არჩევნებისთვის მისი ლიდერობით ახალი კოალიცია ჩამოყალიბდეს, მით უფრო იმ ფონზე, რომ მასსა და არც ყოფილ და არც ამჟამინდელ პრემიერს შორის "თბილი" ურთიერთობა არ არის.

"საქართველოში უკვე წლებია კვლევებს მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის აზრის ფორმირების მიზნით ატარებენ. მიღებულ რეიტინგებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს იმისთვის უგზავნიან, რომ მათ შეუქმნან განწყობა, რომ თითქოს საქართველოში ის პოლიტიკური სურათია, რასაც კვლევები აჩვენებს.

"ამ კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი უკვე რამდენი წელია, პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს. ერთი რჩევა მინდა მათ მივცე, იქნებ ამ კვლევებში მოსახლეობას პირველ კითხვად დაუსვან, თუ რამდენი ადამიანი ენდობა მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს.

"გამახსენეთ "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში ერთი კვლევა მაინც, როდესაც NDI მინისტრების საქმიანობასთან დაკავშირებით ასეთი ტიპის კითხვებს სვამდა? ამ კვლევებში აღნიშნული მინისტრების საქმიანობის ამსახველი ციფრები მხოლოდ ერთს მიუთითებს, რომ ისეთი შედეგი დადონ, რომელიც მინისტრთა კაბინეტში მინისტრების მიერ ერთმანეთთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძველი გახდება.

"არ ვიცი, მისი 67%-იანი რეიტინგი რამდენად რეალურია, რადგანაც ქუჩაში მისი მუშაობის შედეგებზე ხალხის საუბარი არ მომისმენია, სამინისტროს ფეხზე დაყენების შესახებ არც სამხედრო ექსპერტები საუბრობენ. მერამდენე კვლევაა, რომელიც ალასანიას წინწამოწევას ეთმობა? ისინი უბრალოდ ისეთ სურათს ქმნიან, რომ ვიღაცას კოალიციის გარეშეც იმხელა რეიტინგი აქვს, რომ ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევს. მითუმეტეს, რომ გამუდმებით საუბარია იმაზე, რომ გუნდში პრემიერსა და ალასანიას შორის კარგი ურთიერთობა არ არის. ტკბილი ურთიერთობა ალასანიას არც ივანიშვილთან ჰქონდა," - აცხადებს კახიშვილი.

პოლიტოლოგი ასევე ამბობს, რომ ალტერნატიულ კოალიციაში, რომელსაც შესაძლოა სათავეში ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჩაუდგეს, ოპოზიციაში გადაბარგებული "ნაციონალური მოძრაობაც" ვიხილოთ.

"არ არის გამორიცხული, ამ ახალ კოალიციას სათავეში ალასანია ჩაუდგეს, მითუმეტეს 2016 წლამდე ბევრი დროა. ამ გაერთიანებაში ალბათ აღმოჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც ნაკლებ აგრესიულები იყვნენ და შესაბამისად მოსახლეობის მხრიდან ნაკლებ აგრესიას იმსახურებენ.

"წარმოიდგინეთ ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოსთან მუდმივი შეხება აქვს და კითხულობს ამ კვლევას, რომლის შედეგების მიხედვითაც ამდენწლიანი მმართველობის შემდეგ, "ნაცმოძრაობას" 22% რეიტინგი აქვთ, აქვე კითხულობენ, რომ ალასანია ლიდერობს. ამის შემდეგ არჩევნებზე სხვა შედეგები რომ დაიდოს, "ნაცმოძრაობას" ეძლევათ საშუალება თქვან, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბაო.

"ამაზე ჩივილს ვერავინ ასწავლის, ამის სპეციალისტები არიან, ამაში სხვებიც თუ დაუჭერენ მხარს, შედმგომში საპროტესტო აქციებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა ჯერ ამის დრო არ დამდგარა. ჯერ საზოგადოების აზრის ფორმირება ხდება, რაშიც ეს ხელისუფლება თავის უმოქმედობით ხელს უწყობს", - უთხრა "რეზონანსს" კახიშვილმა.

"ქართული ოცნების" რეიტინგის დაცემაზე საუბრობს პოლიტოლოგი გია ნოდიაც, ამ ფონზე კი ალასანიას რეიტინგის ზრდას, მისი შუალედურობით ხსნის.

"ქართული ოცნების" რეიტინგი ნელ-ნელა ეცემა, ხალხი მათი საქმიანობით უკმაყოფილოა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მიუბრუნდა გული. ალასანია ამ მხრივ შუალედური ფიგურაა, ერთი მხრივ, ის "ქართული ოცნების" წევრია, მაგრამ კოალიციის პერიფერიასთან ასოცირდება, ანუ კოალიციის შიგნით შედარებით დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად. მის მაღალ რეიტინგს სწორედ ეს განაპირობებს.

"ამაზე გავლენას მკვეთრად გამოხატული პროდასავლურობაც ახდენს. თუმცა არ ვიცი, მასობრივად საზოგადოება ამას ყურადღებას რამდენად აქცევს. ფაქტია, რომ ის ერთადერთი განსხვავებული პოლიტიკოსია და გარდა ამისა, ის სტრუქტურა, რომელსაც ის უდგას სათავეში, უკმაყოფილო ხალხთან ნაკლებად ასოცირდება. ჯარი ეს ის ინსტიტუტია, რომელიც ტრადიციულად პოპულარულია", - აცხადებს გია ნოდია.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას აქვს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში საქართველოს პატრიარქის 96%-იანი რეიტინგის შემდეგ, მეორე ადგილს 67%-ით ალასანია იკავებს. რესპონდენტთა 12%-ს ალასანია არ მოსწონს, 17%-ს კი მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

მოწონების რეიტინგში შემდეგი პოზიციები 64%-ით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, 61% კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს აქვთ. რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, მისი რეიტინგი NDI-ის კვლევის თანახმად 51%-ია.

კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი "რეზონანსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა