ნოშრევან ნამორაძე: კოდუებმა სხვა გზა არ დამიტოვეს

ნოშრევან ნამორაძე: კოდუებმა სხვა გზა არ დამიტოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნოშრევან ნამორაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას დავით კოდუას ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი.

შეგახსენებთ, 3 მაისს, დაახლოებით 13 საათზე, ირაკლი აბაშიძის 56 ნომერში მდებარე სილამაზის სალონში, ბიზნესმენი დავით კოდუა 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იყო მისული. ბავშვს თმას ჭრიდნენ, როცა დავითს სალონის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევის ადგილზე მალე უამრავი ადამიანი შეიკრიბა და დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. დავით კოდუა დღემდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ცხვირი აქვს გატეხილი და ყბის მოტეხილობა აღენიშნება. ექიმების თქმით, დღეს მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ ოჯახი სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას აპირებს.

აღნიშნულ ფაქტს დიდი ხმაური მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე მისულს, ფაქტის თვითმხილველმა, მაღაზიის გამყიდველმა ასეთი რამ მიამბო:

- დღის პირველი საათი იყო, კივილი რომ შემომესმა. მეგონა, ბავშვები იყვნენ. მაღაზიაში კლიენტები მყავდა და ვერ მივატოვე. მერე ისევ გავიგონე ქალის განწირული კივილი. დავინახე, დასისხლიანებული დათო ძირს ეგდო, თავს ეხვივნენ სალონის თანამშრომლები, ბავშვის ძიძა დახმარებას ითხოვდა. მალე "სასწრაფო" მოვიდა. დათო უგონოდ იყო და მანქანაში ჩააწვინეს. მალე მისი მცველებიც მოვიდნენ, ბავშვი და ძიძა მათ წაიყვანეს სალონიდან. დათო ყოველთვის დაცვით დადის და არ ვიცი, იმ დღეს მარტო რატომ იყო. თავდამსხმელები არ მინახავს. ამბობენ, 3 მაღალი, გამხდარი ბიჭი იყოო. თავდაპირველად ითქვა, რომ შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს კოდუას და თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. ეს ფაქტი არ დადასტურდა. გაირკვა, რომ დამნაშავეს ნიღაბი არ ეკეთა. დანაშაული იმავე საღამოს გაიხსნა. პოლიციაში ბრალის აღიარებით ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე მივიდა. მის წინააღმდეგ საქმე ცემის ფაქტზე აღიძრა, თუმცა მოგვიანებით, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და მას ამჟამად 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმეზე გამოძიება 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დღემდე მხარეები სადავოდ ხდიან იმ გარემოებას, თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა კოდუას ცემაში. ბრალდებული ირწმუნება, რომ ქუჩაში ბიზნესმენი შემთხვევით ნახა და მას მარტო გაუსწორდა. ჯერჯერობით გამოძიებას დაზარალებული არ დაუკითხავს. ის ალბათ ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

პროკურორმა დავით ხვედელიძემ ნამორაძის დაპატიმრება მოითხოვა: "ნამორაძე გამოძიებისთვის დაუდგენელ პირებთან ერთად დაესხა თავს კოდუას და მიაყენა განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. ეს დადასტურებულია საქმის მასალებით, ბრალდებულის ნაწილობრივი აღიარებითა და სხვა მტკიცებულებებით. ბრალდებული ადრე მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევია, მას პირობითი მსჯავრი დაედო და ამნისტიით მოეხსნა პირობითი სასჯელი, მაგრამ კვლავ ჩაიდინა დანაშაული. დასადგენია სხვა პირების ვინაობა და მისი გათავისუფლება ხელს შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. შესაძლოა მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა".

მისი პოზიცია გააპროტესტა ბრალდებულის ადვოკატმა, ლილიკო გელაშვილმა. ის აცხადებს, რომ ნამორაძეს ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. ის პროკურატურის მიერ ბრალის დამძიმებასაც აპროტესტებს: "კვალიფიკაცია პროკურატურამ შეცვალა მხოლოდ ერთადერთი მოწმის, კოდუას ძიძის ჩვენების საფუძველზე. სხვა არავინ ამბობს, რომ იქ რამდენიმე ადამიანი სცემდა კოდუას. ყველა ამბობს, რომ ერთი ურტყამდა. პროკურატურა მოექცა ატეხილი აჟიოტაჟის გავლენის ქვეშ და ბრალი დაუმძიმა ნამორაძეს მაშინ, როცა ჯერ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა. დაკითხულია ექიმი, რომელიც აცხადებს, რომ კოდუას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება არ აქვს მიყენებული. არც სათვალთვალო კამერის ჩანაწერიდან ჩანს, რომ იქ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს კოდუას. კამერაში ისიც ჩანს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ორი ადამიანი ჯდება სამარშრუტო ტაქსიში, სხვადასხვა ინტერვალით. საყურადღებოა ერთი გარემოება: ფაქტის შემდეგ ნოშრევან ნამორაძე მიდის შემთხვევის ადგილიდან. მთელი დღე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იმ ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები არ იყო. ნამორაძეს არ ჰქონია ის განცდა, რომ მაინც ამოიცნობდნენ. ამის მიუხედავად, ის საღამოს ბრალის აღიარებით მივიდა პოლიციაში. ის რომ არ გამოცხადებულიყო, თქვენ ეს დანაშაული გაუხსნელი გექნებოდათ", - მიმართა პროკურორს ადვოკატმა და სასამართლოს 5.000-ლარიანი გირაო შესთავაზა. ამ პოზიციას დაეთანხმა ბრალდებულის მეორე ადვოკატი, ირმა ჭკადუა და მანაც დაასაბუთა, რომ ნამორაძეს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში და არ იყო საჭირო პატიმრობის შეფარდება. პროკურატურასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა თავად ბრალდებულმა.

ნოშრევან ნამორაძის ჩვენებიდან:

- ჩემთვის ძალიან მძიმეა, შევეხო იმ მტკივნეულ თემას, რამაც მაიძულა იმის გაკეთება, რაც მოხდა. 2008 წელს, დათო და ერეკლე კოდუებმა გამინადგურეს მთელი ოჯახი და ქუჩაში დაგვტოვეს. არ ვლაპარაკობ მატერიალურ ზარალზე. წამართვეს ქონება, გამანადგურეს და დამტოვეს შიშველი ხელებით, გარეთ. პირველ რიგში, რაც ყველა კაცისთვის მტკივ­ნეულია და რის გამოც ვარ გაბრაზებული, ის არის, რომ ჩემი ოჯახი შეურაცხყვეს. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ქართველი კაცისთვის არ არსებობს. დიდი რაოდენობით "ჰეროინი" ჩამიდეს. ცხოვრებაში არასდროს არც მომხმარებელი ვყოფილვარ და არც შეხება მქონია ნარკოტიკთან. დავით კოდუამ ერეკლე კოდუასთან ერთად დაგეგმა ყველაფერი. სახლში შემომიცვივდნენ. ნუკრი ჩიკვილაძეს დაავალეს ამის განხორციელება და მანაც შეასრულა. ამის მერე ქუჩაში ჩემი მეუღლე ყაჩაღურად, ბანდიტურად მანქანიდან ჩამოაგდეს და წაართვეს მანქანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქონებაზე არ მაქვს საუბარი. არაფერი ღირს საიმისოდ, რაც განვიცადე. ღირსების საკითხია. ელემენტარულ ადამიანობაზე და კაცობაზეა ლაპარაკი. შემილახეს სახელი და გარდა ამისა, ეს ორი პიროვნება, ძმები კოდუები, ქალაქში დადიოდნენ და ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს მე ვიყავი იმ დანაშაულში ბრალდებული. კარგად გამიგეთ, ძალიან რთული იყო ეს წლები ჩემთვის. საკმაოდ დიდ წნეხს განიცდიდა მთელი ოჯახი. სხვა გზა არ იყო, უნდა ვმჯდარიყავი ციხეში დღევანდლამდე, ან ჭკუა მეხმარა და ჩემი და ჩემი ოჯახის საკეთილდღეოდ ნაბიჯი გადამედგა. სხვა გზა არ დამიტოვეს, გარდა აღიარებისა. მთავარი იყო, გამოვსულიყავი ციხიდან. დღესაც მიჭირს ჩემი სიმართლის დამტკიცება. გამოძიება მიმდინარეობს და ვამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. იმედიანად ვარ, რომ გაირკვევა სიმართლე. იმ პერიოდში ყველა ოჯახს შეეხო ეს უბედურება. ბევრს ნერვიულობით მამა, დედა და ოჯახის წევრები დაეღუპა. მაშინ მივედი იმ დასკვნამდე, რომ დამეთმო ყველაფერი. სახლი არ მექნებოდა და კარი, მაგრამ მთავარი იყო, ჩემს ოჯახთან ვიქნებოდი. იძულებული გავხდი, მეღიარებინა ის, რაც არ ჩამიდენია. გადავიხადე 500.000 ლარი. ამის შემდგომაც ისევ დავრჩი კოდუების გარემოცვაში და ჩემზე ზეწოლა გაგრძელდა. რომ ჩემი ქონება ჩაეგდოთ ხელში. - არ ეცადო ერთი წამით უარის თქმას, თავს არ დაგანებებთ, რაც გაქვს, ის უნდა დათმოო, მეუბნებოდნენ და ასე დამათმობინეს "ტიფლის დეველოპმენტის" 50-პროცენტიანი წილი. ამ ფირმის დამფუძნებელი ვიყავი. მითხრეს, ამ ბიზნესში შენ არაფერი გესაქმებაო. იმ პერიოდში დაიწყო ხალხის პროტესტი. ვეცადე, გამეწელა დრო, მაგრამ გაიმარჯვა ძველმა სიტუაციამ და დარჩა ისევ კოდუების საპარპაშო ქვეყანა. ჩემი მეუღლე და დედაჩემი მივიდნენ ნოტარიუსთან და ეს ქონება 200 ლარად გადავუფორმეთ კოდუების სასურველ პიროვნებას, გოგა ზაქაიძეს. წარმოიდგინეთ, რატომღაც, ციხიდან გამოსვლის, 500. 000-ის გადახდის, მანქანის წართმევის შემდეგ, მომინდა სამშენებლო კომპანიის 200 ლარად ჩუქება კოდუებისთვის. 6 წელი გავიდა იმის მოლოდინში, რომ ეს ყველაფერი ოდესღაც დამთავრდებოდა.

ცოტა ხნის წინ შევხვდი დავით კოდუას, ვესაუბრე, ვუთხარი, რომ აუცილებლად, პირველ რიგში, ჩემთვის ბოდიში ჰქონდა მოსახდელი და სხვა დანარჩენი მერე გაგვერკვია. მისგან ადამიანური ბოდიშიც არ მიმიღია. სულში ჩაფურთხებული ვიყავი და ასეთ მდგომარეობაში ვარ ახლაც. ადამიანური ბოდიში მაინც რომ მოეხადა, შეიძლებოდა, ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ესეც არ იკადრა დავით კოდუამ. ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. არ ვაპირებ არსად წასვლას, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. არ დავმალულვარ და არასოდეს ჩავიდენ ისეთ რამეს, რომ დასამალავად გამიხდეს საქმე".

მოსამართლემ ნამორაძეს პატიმრობა შეუფარდა. ამით კმაყოფილი დარჩნენ დაზარალებულის ახლობლები და დატოვეს ტერიტორია. ტირილით გამოვიდა დარბაზიდან ნამორაძის შვილი. მისმა მეუღლემ, ნინო სუთიძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა. ის ფიქრობს, რომ სასამართლო ისევ "ნაციონალების" გავლენის ქვეშაა. ადვოკატი, ლილიკო გელაშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს:

- ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ. რამდენიმე თვეა, ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება არ მომისმენია, რაც მოსამართლე არევაძემ მიიღო. მით უფრო, ასეთი მუხლი ჰქონდა წარდგენილი. პროკურატურამ ვერც ერთი წინადადებით ვერ დაასაბუთა, რატომ ითხოვდა პატიმრობას. ჩვენ არგუმენტირებულად დავასაბუთეთ, რომ გირაო იყო ყველაზე სწორი, სამართლიანი გამოსავალი. ვფიქრობ, ჩემდა სამწუხაროდ, სასამართლო იმ აჟიოტაჟის ზეგავლენის ქვეშაა, რაც ამ საქმეზე მიმდინარეობას. არადა, ეს ერთი ბანალური საქმეა. ატეხილი აჟიოტაჟი სასამართლოზე ზეწოლას ემსახურებოდა და ამ ზეწოლას ვერ გაუძლო მოსამართლემ. რომელ მიმალვაზეა საუბარი, როცა ადამიანი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში მაშინ, როცა არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა მის წინააღმდეგ. იმდენი მოწმიდან ყველა ცალსახად ამბობს, გარდა ერთი ადამიანისა, რომ ერთი პირი სცემდა. ნამორაძეს მსუბუქი დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. ასეთი ბრალით ყველას გარეთ უშვებენ. არევაძე ის მოსამართლე გახლავთ, რომელმაც გიგი უგულავა დატოვა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე - ბრალდებული, რომელსაც ედავებიან მილიონობით თანხის გაფლანგვას. ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, რა ჩვენებას მისცემს გამოძიებას თავად დაზარალებული. დადასტურდება თუ არა, შემთხვევის ადგილზე სხვა პირების ყოფნა და დაადგენს თუ არა მათ ვინაობას გამოძიება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ