ბიომეურნეობა მთელი სისტემაა, სადაც არ გამოიყენება ქიმიური სასუქები, ჰერბიციდები, პესტიციდები ან სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინონ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში ყველა პირობა არსებობს ბიომეურნეობების მოსაწყობად და ბიოპროდუქტების წარმოებისთვის. თუმცა, დღეს ქვეყანა დიდწილად იმპორტირებულ სურსათს მოიხმარს.
დავით ჩაჩანიძე, "მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის" წევრი: - მოწინავე ქვეყნებში ბაზარი ორად არის გაყოფილი. ჩვეულებრივ პროდუქციას (მას კონვენციურს უწოდებენ) აწარმოებს ნებისმიერი მეურნეობა, რომელიც არ არის სერტიფიცირებული როგორც ბიო, ანუ ორგანული პროდუქციის მწარმოებელი. ბიოლოგიურ პროდუქციას კი გამოარჩევს შესაბამისი ლოგო ან ნიშანი. საქართველოში ბევრ პროდუქტს ნახავთ ეტიკეტზე წარწერით, რომ ეკოლოგიურად სუფთა და ორგანულია, სინამდვილეში ხშირად ეს მარკეტინგული ხრიკია.
ბიოპროდუქტების საწარმოებლად არაერთი პროცედურის გავლაა საჭირო. ნიშანი "ბიო" არ ენიჭება მხოლოდ საბოლოო პროდუქტს - კვლევა იწყება ნიადაგიდან, სადაც ეს პროდუქტი მოჰყავთ და სრულდება შესაფუთი საწარმოს შესწავლით - არის თუ არა მასთან ახლოს საავტომობილო გზა, ქარხანა და სხვ. ბიოპროდუქტების შემოწმება დასავლეთში კონკრეტულ უწყებებს ევალება, ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოს, ზოგანაც კერძო, აკრედიტებულ ორგანიზაციებს.
- საქართველოში რა რესურსია მომგებიანი ბიომეურნეობების მოსაწყობად?
- ჩვენთან სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგი მიწის მხოლოდ 10%-ია ათვისებული, ხოლო ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოსაყვანად ვარგისი მიწისა - მხოლოდ 1%. ყველაზე დიდი რესურსი მთიან რეგიონებშია. უცხოელები გაოცებული ამბობენ: არ გჭირდებათ კონვერსიის პროცესი, რადგან "ბიოში ცხოვრობთო". პირველ ბიომეურნეობებს საქართველოში ძალიან უჭირდათ პროდუქციის წარმოება, რადგან ბიოპესტიციდები და სასუქები უცხოეთიდან უნდა ჩამოეტანათ და ეს საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. თავიდან ყველა ცდილობდა, ტყეში მოპოვებული პროდუქციისთვის მიენიჭებინა ბიოსერტიფიკატი და ასე გავიდა საქართველოდან უცხოეთში კენკრა და წაბლი. ამას მოჰყვა ბიოლოგიურად სუფთა ვარდის ზეთისა და ღვინის წარმოება, მაგრამ საქართველოში ბიოპროდუქტების წარმოება მაინც ძალიან მცირეა. ჩვენთან ბიოპროდუქციას 39 მეწარმე აწარმოებს და მათ შორის მხოლოდ 15-ია ბიოსერტიფიცირებული. მაშინ, როცა თურქეთში ბიოსერტიფიცირებულია 21 ათასი მწარმოებელი. 5 მილიონი ჰექტარი მიწაა ბიოსერტიფიცირებული ავსტრალიაში, მოლდავეთს ბიოსერტიფიცირებული აქვს 5 ათასი ჰექტარი ვენახი, საქართველოში კი მხოლოდ 140 ჰექტარია.
ჩვენ ყველა პირობა გვაქვს ბიომეურნეობის მოსაწყობად, მაგრამ ამისთვის სახელმწიფო ნებაა საჭირო. ბიოპროდუქტების წარმოებისას საქართველო ხელმძღვანელობს მხოლოდ სახელმწიფოს დადგენილებით და არა კანონით, ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია, პროდუქტს "ბიო" დააწეროს და ასეთი ეტიკეტით გაყიდოს შხამქიმიკატებით მოყვანილი პროდუქცია. ბიოპროდუქტების წარმოებით გაგვასწრეს უკრაინამ, რუსეთმა, მოლდავეთმა და დსთ-ის ბევრმა სახელმწიფომ.
პროდუქციის შემოტანაზე ორიენტირებული ქვეყანა არასდროს გადავა ბიოპროდუქციის წარმოებაზე, რადგან ეს სილის გაწნა იქნება იმპორტიორებისთვის.
არ გვესმის, რომ ადგილობრივი, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება მხოლოდ ბიზნესი კი არ არის, ეს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაცაა.
ჩვეულებრივი, ანუ კონვენციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით საქართველოს ძალიან გაუჭირდება დიდ ბაზრებზე შესვლა და კონკურენციის გაწევა, ვთქვათ, თუნდაც ესპანეთისთვის ან ბულგარეთისთვის, მაგრამ საკმარისია ჩვენს პროდუქტს მიენიჭოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ნიშანი "ბიო", მომხმარებელი აღარ გამოიკვლევს, სად და რომელ ქვეყანაშია ეს პროდუქტი წარმოებული. ნდობით მომხმარებელს თავად ეს ლოგო განაწყობს.
იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩინეთი, თურქეთი უძლიერესი აგრარული ქვეყნებია და ვის უნდა გავეჯიბროთ თუნდაც კონვენციური, ანუ ქიმიურად მოყვანილი პროდუქციის წარმოებით? ჩაატაროს სახელმწიფომ ექსპერიმენტი და ერთი ტრაილერი ქიმიურად მოყვანილი მწვანილი გაიტანოს ევროპაში. საზღვარზეც კი არ გაუშვებენ.
ჩვენს პროდუქციას უკვე რუსეთშიც არ იღებენ ნიტრატების მაღალი შემცველობის გამო.
იცით, რას აკეთებს ამ დროს არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი? ქართულ მწვანილში უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და ირანიდან ჩატანილ მწვანილს ურევს.