ოჯახი, რომელსაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სამი ტყუპი შეეძინა

ოჯახი, რომელსაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სამი ტყუპი შეეძინა

წყვილმა, რომელზეც უნდა მოგითხროთ, ოჯახი 7 წლის წინ შექმნა, მაგრამ 4 წლის განმავლობაში შვილი არ ეყოლათ. 2013 წლის 20 თებერვალს კი, უფლის ნებით, მათ ერთდროულად სამი ტყუპი - ელენე, შიო და ლილე შეეძინათ, ეს კი ექიმი გვანცა არაზაშვილისა და იურისტი გიორგი კოპალიანის წყვილისთვის ცხადია, უზარმაზარი შოკი და ამავე დროს, უდიდესი ბედნიერება გახლდათ.

პატარები ახლა უკვე წლისა და 2 თვის არიან. კოპალიანებს გასულ კვირას ვესტუმრე და მათი ხილვით თავადაც დიდი სიხარულით ავივსე, რადგანაც პირველად ვნახე სამი უმშვენიერესი პატარა ტყუპი...

სახლი ახლა მხოლოდ მათი ნივთებითაა სავსე: რამდენიმე ჭოჭინა, ეტლი, საწოლი, საწოვარა ბოთლი, სათამაშოები... შიო თავისთვის დადიოდა, ელენემ ჩემი დანახავა იუცხოვა და ატირდა, ლილე კი მამასთან მოკალათდა და მშობლების საუბარს ისე უსმენდა, გეგონება, ყველაფერი ესმისო.

- როდის გაიგეთ, რომ ტყუპი გეყოლებოდათ?

- 4-5 კვირის ორსული ვიყავი, როცა სისხლის ანალიზმა ჰორმონის მაღალი დონე უჩვენა. ექიმმა მითხრა, - შეიძლება, ტყუპი იყოსო. ექოსკოპიაზე კი დარწმუნებით მითხრეს, რომ ტყუპი იყო: ჯერ მითხრა, ერთიაო, მერე - მეორეც არის და შენ წარმოიდგინე, მესამეცო, - ეს რომ თქვა, ექიმს სახე წაეშალა (იცინის)...

გიორგი კოპალიანი:

- ის დღე ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარია. ექიმი გარეთ რომ გამოვიდა, შემომხედა და გაიცინა, - თქვენთვის დიდი სიურპრიზი მაქვს, ტყუპი გეყოლებათო. გამიხარდა. მერე დასძინა: კიდევ ერთი სიურპრიზიაო, - მეტი რაღა უნდა იყოს-მეთქი? - ჩავილაპარაკე. - ტყუპი სამია და არ ვიცი, რა გეშველებაო, - და გაეცინა.

გვანცა:

- შოკისგან სახე მეც წაშლილი მქონდა, - დიდი რისკი იყო სამი ბავშვის მუცლით ტარება... პირველ თვეებში არც ტოქსიკოზი მქონია და არც არანაირი ჭირვეულობა. ვამბობდი: არანაირი შეგრძნება არ მაქვს, თითქოს ორსულად არც ვიყო-მეთქი. მაგრამ ბოლოს, როცა გაიზარდნენ, მუცელში ყველა თავისებურად მოძრაობდა. ამის გამო პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ შევშინდი და საოცარ "უსაფრთხოების წესებს" ვიცავდი: სახლიდან გარეთ იშვიათად გავდიოდი, სამსახურს დროებით თავი დავანებე და არც ზაფხულში გავსულვარ თბილისიდან. ყველა ჩემი ახლობელი და ოჯახის წევრი მეხმარებოდა, ხელს მიწყობდა. მოკლედ, უსაქმურობისგან დავიღალე... 17 ივლისს შევიტყვე, რომ მუცელში სამი შვილი მყავდა, სექტემბერში სქესიც მითხრეს და ისიც ვიცოდი, თითოეული მათგანი მუცელში დაახლოებით სად იყო "დაბანაკებული". პირველი ელენე დაიბადა (2 კილო და 300 გრამი; 47 სანტიმეტრი), მეორე ლილე იყო (2 და 700 გრამი; 49 სანტიმეტრი), შიო მესამე გახლდათ (2 და 300 გრამი; 47 სანტიმეტრი). ჯენტლმენურად მოიქცა, პირველობა გოგონებს დაუთმო... სულ შვიდ-ნახევარ კილომდე იყვნენ, წონაში კი 16 კილოგრამით ვიყავი მომატებული. უზარმაზარი მუცლით დავდიოდი. ექიმებმა მირჩიეს, საკეისრო კვეთა გამეკეთებინა. მთელი ორსულობა იმაზე ვფიქრობდი, რომ ჯანმრთელები ყოფილიყვნენ, მშობიარობაზე არც კი ვნერვიულობდი. ექიმი რომ დამინახავდა, იცინოდა ხოლმე, - ბაგა-ბაღი მოვიდაო (იცინის).

გიორგი:

- ჩემი სამი შვილი რომ ვნახე, ლამის გავგიჟდი, საოცარი შეგრძნება დამეუფლა.

- ამდენი წლის ლოდინის შემდეგ, ასე უეცრად გახდით სამი შვილის მშობლები...

გვანცა:

- ხომ გითხარით, შოკში ვიყავით. ჩვენთან სახლში თავიდან ისეთი ალიაქოთი იყო, რომ ამ ყველაფრის გააზრებასაც ვერ ვასწრებდი, გონზე ნელ-ნელა მოვდივარ. დილით ბავშვებს რომ დავხედავდი, ვამბობდი, - ესენი ხომ ნამდვილად ჩემები არიან-მეთქი?

გიორგი:

- სამივე ძალიან კონტაქტურია, უბრალოდ, ელენემ ბოლო დროს უცხოობა დაიწყო... ძალიან დამჯერი ბავშვები არიან. უყვართ სეირნობა, გარეთ გასვლა, რაც ცალკე რიტუალია.

- მათ შორის ისეთი გარეგნული მსგავსება არ არის, რომ ერთმანეთისგან ვერ გაარჩიოთ...

გვანცა:

- სულ პატარები რომ იყვნენ (ყველა ჩვილი ხომ ისედაც, ერთმანეთს ჰგავს), გიორგი ვერ ასხვავებდა. როცა რომელიმეს მივუყვანდი და მოეფერებოდა, მეორედაც ისევ ის რომ მიმეყვანა, ვერც ხვდებოდა, რომ ცოტა ხნის წინ ეჭირა ხელში. ამით ვხალისობდი. გარეგნულად კი ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ სხვადასხვანაირი ხასიათი ჰქონდათ და ალბათ ამიტომაც არ მიჭირდა ერთმანეთისგან მათი გარჩევა.

- მათ მარტო ზრდი?

- გვყავს ძიძა, რომელიც სულ ჩვენთან არის...

როცა ტყუპის მშობლებთან ინტერვიუს ვწერდი, ბავშვების ძიძა - ნუნუ შანიძე იქვე ტრიალებდა და ხან ერთი პატარა ეჭირა ხელში, ხან - მეორე.

ქალბატონი ნუნუ:

- 8 წელი საბერძნეთში ძიძად ვმუშა­ობდი, ახლა კი ამ ოჯახს ვეხმარები, მხოლოდ შაბათს მივდივარ შინ. თავიდან 6 საათი დავდიოდი, მერე მხოლოდ დღე ვიყავი, ახლა ღამესაც აქ ვათევ. ძალი­ან კარგი ოჯახია და კარგი შვილებიც ჰყავთ. საერთოდ, როდესაც დედ-მამა მშვიდია, ბა­ვშვებიც ასეთები არიან და მეც ვცდილობ, არასდროს ავღელდე (იღიმის).

ქალბატონი მანანა (ბებია):

- ერთხელ ისე მო­ხდა, რომ გვანცა ბავშვებთან სულ მარტო დარჩა. სახლში მოსულებმა ასეთი სურათი ვნახეთ: ერთს ძუძუს აწოვებს, მეორეს ბოთლით აჭმევს და მესამის საწოლს ფეხით არწევს... ავდექი და მაშინვე სურათი გადავუღე...

გვანცა:

- მაშინ მართლაც, ღამეები არ მეძინა, მაგრამ ღმერთი და თავად ბავ­შვები მაძლევდნენ ძალასა და ენერგიას. თან, ყველა მეხმარებოდა: გმირი ძიძა ნუნუ, დედამთილი მანანა, დედაჩემი. ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი (იღიმის).

- სახელების დარქმევაზე როგორ შეთანხმდით?

გიორგი:

- შიომღვიმეში შეთქმული გვქო­ნდა: თუ ბიჭი გაჩნდებოდა, შიოს დავარქმევდი. ღმერთმა მხოლოდ ერთი ბიჭი კი არა, სამი შვილი ერთდროულად მომივლინა. სახელი ელენე ორივეს მოგვწონდა და ერთდროულად შევარჩიეთ; ლილე გვანცას შერჩეულია (ძველი სვანური სახელია).

გვანცა:

- ბავშვებს თავიანთი სამყარო აქვთ და ძალიან სასაცილოები არიან. თუ ღმერთის ნება იქნება, შვილს კიდევ გავაჩენ. მერწმუნეთ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. როდესაც ღმერთი შვილს გაძლევს, იქვე გაძლევს ძალას საიმისოდ, რომ აღზარდო... როცა დავოჯახდით, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ტყუპის დედა გავხდებოდი. ჩვენი პატარები პატრიარქის ნათლულები არიან. უწმინდესი ჩვენი ოჯახის ნათლიაა და ამით ბედნიერები ვართ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია