გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 13%, ანუ დაახლოებით 600 ათასი ადამიანი დღეში 1,25 დოლარს, ანუ 2,18 ლარს ხარჯავს. საარსებო მინიმუმის ყოველდღიურ ხარჯზე – 5,18 ლარზე ნაკლებს კი, ექსპერტული გათვლებით, მოსახლეობის 20-30%-მდე, ანუ 900 ათასიდან 1,3 მლნ-მდე ადამიანი. გამოდის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სრულყოფილ კვებაზე ხელი არ მიუწვდება. სპეციალისტების თქმით, პროდუქტების ის რაოდენობა, რაც დღეს ქართულ მინიმალურ სასურსათო კალათაშია მოცემული, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, 4 წლის ბავშვის კვების რაციონსაც კი ჩამორჩება.
კვების მრეწველობის სპეციალისტი, შოთა ჩხეიძე კი ამბობს, რომ ქართულ სასურსათო კალათაში შეტანილი პროდუქტები და მათი ნორმა საერთაშორისო სტანდარტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამის მაგალითად კი მას იმ კომიტეტის მიერ დამტკიცებული მონაცემები მოჰყავს, სადაც თავად მუშაობდა.
"ნატოს სოფლის მეურნეობის დაგეგმარებისა და ჯანდაცვის კომიტეტმა 2011 წლის ივნისში მიიღო ახალი ნორმა, რომელიც ძველისგან თითქმის არ განსხვავდება, თუმცა ჩვენ მისგან ძალიან შორს ვდგავართ. იქ ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო ნორმებით ხორცი და ხორცპროდუქტების დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის შეადგენს 200 გრამს, საქართველოში კი სულ რაღაც 70 გრამია. პური და პურპროდუქტების საერთაშორისო ნორმაა 200 გრამი, ჩვენთან - 380 გრამი, მოხმარება კი -700 გრამი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პურის მოხმარება სიღარიბის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.
ამავე მონაცემების მიხედვით, ადამიანმა დღეში 680 გრამი რძე და რძის პროდუქტები უნდა მიიღოს. საქართველოში ეს ნორმა მხოლოდ 215 გრამია. ბოსტნეულის წილი საერთაშორისო ნორმებით 680 გრამს შეადგენს, ქართული ნორმებით – 332 გრამს. ხილის დღიური ნორმა 454 გრამია, ჩვენთან სულ რაღაც 200 გრამი და ა.შ.", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შოთა ჩხეიძემ.
მისივე თქმით, პროდუქტების ის რაოდენობა, რაც დღეს ქართულ მინიმალურ სასურსათო კალათაშია მოცემული, საერთაშორისო ნორმების მიხედვით 3,5-4 წლის ბავშვის კვების რაციონსაც კი ჩამორჩება. კერძოდ, საერთაშორისო ნორმებით, ამ ასაკის ბავშვებისთვის ხორცის და ხორცპროდუქტების დღიური ნორმა 113 გრამია, რძე და რძის პროდუქტების - 567 გრამი, ბოსტნეულის – 342 გრამი და ა.შ.
რაც შეეხება მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ გაწეულ მცირე ხარჯს. იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, აუცილებელია, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს დაბალშემოსავლიანების ხელფასი და შემცირდეს გადასახადები.
"საქართველოში მოსახლეობის 80% რომ ღარიბია, ეს გაეროს მიერ არის დადგენილი. აქედან, 35% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, 45% კი არის ღარიბი. ესენი არიან განწირული ადამიანები, რომლებიც არიან მხოლოდ პურზე და მათი შემოსავალი სხვა ხარჯს ვერ ფარავს", - დასძინა შოთა ჩხეიძემ.
ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"