მაღალმთიანი აჭარიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაბნეული ეკომიგრანტების ყოფა ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, დაუსრულებელ ან ავარიულ სახლებში ადამინებს შინაურ ცხოველებთან ერთად სძინავთ, ლუკმა-პურს სხვის მიწაზე მუშაობით შოულობენ, ბავშვებს ოჯახის მარჩენალი თითო ან უკეთეს შემთხვევაში, ორი ძროხით ზრდიან და ბედს მაინც არ ეპუებიან.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დისველის ტერიტორიაზე აჭარიდან სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული 100 ოჯახი 1989 წლის აპრილში ჩაასახლეს. სოფლის სტატუსი დისველს მხოლოდ 2011 წლის 23 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის # 99 ბრაძანებულების საფუძველზე მიენიჭა. 2004 წელს სოფლის მოსახლეობას 10 წლის ვადითბოლნისის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგეობამ 240 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გამოუყო, ამასთანავე, თითვეულ ოჯახს 0,5 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გადაეცა საკუთრებაში.
2012 წლის აპრილში ეკონონომიკური განვითარების სამინისტრომ ზემოთ აღნიშნული 240ჰა მიწის ფართობიდან, 100 ჰა ინვესტორზე გაასხვისა. მიწა შპს ,,ABD GEORIA”-ას საკუთრება გახდა. ორი წლის განმავლობაში დისველის მოსახლეობამ გასხვისებული მიწის ფართობის სოფლის სარგებლობაში დაბრუნების მოთხოვნით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სახელზე არაერთი წერილი დაწერა. დისველში მცხოვრები აჭარელი ეკომიგრანტები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ. ერთ-ერთ წერილში, რომელიც მაშინდელმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეაგირებისათვის ბოლნისის თვითმმართველობას გადაუგზავნა, ნათქვამია, რომ სოფლის მოსახლეობა მიწის ფასის შემცირებას და სათიბი ტერიტორიების სოფლისათვის დაბრუნებას მოითხოვს.
,,რადგან ჩვენ არ გვაქვს ელემენტარული საარსებო საშუალება და ვერ ვიხდით მიწის გადასახადს, რომელიც 27 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა, ვერ შევძლებთ შევისყიდოთ მიწეები, ამიტომ გთხოვთ, ეს 240 ჰა დარჩეს სოფელს და სახნავი ფართობი გადაიყვანოთ სათიბად, რათა იაფად შევისყიდოთ,“ - ნათქვამია დისველის მოსახლეობის კოლექტიურ წერილში.
სამი წლის წინ აღნიშნული წერილი ბოლნისის გამგეობამ შეისწავლა და პასუხიც არ დააყოვნა.
,,თვენი 2011 წლის 23 მაისის #8153 წერილის მოთხოვნათა შესაბამისად ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა სოფელ დისველის მოსახლეობის მოთხოვნა, მათთვის 200 ჰა სახნავი მიწის სათიბის სახით გადაცემის შესახებ და განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა მხოლოდ დაბალი ინტენსივობის სავარგულების კატეგორიიდან, მაღალი ინტენსივობის კატეგორიაში გადაყვანის შემთხვევაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახნავი მიწის კატეგორიიდან სათიბ კატეგორიაში გადაყვანა, მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამება,“- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარე იოსებ ლალიაშვილი.
აღნიშნული წერილიდან ნათლად ჩანს, რომ სოფელმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიწის იაფად შეძენის თხოვნაზე უარი მიიღო. დღეს არა თუ სახნავი, დისველს, სათიბი მიწებიც აღარ გააჩნია.
,,ამ მიწის გარდა სოფელს არაფერი გაააჩნია, პირველყოფილი თემური წყობილების დროს როგორც ცხოვრობდნენ, ისე ვცხოვრობთ ახლაც. ძალიან გვიჭირს, ამ მიწით ძროხებს ვინახავდით შვილებისათვის ელემენტარული პირობები, რომ შეგვექმნა. 2004 წელს 10 წლით სარგებლობაში გადმოგვცა სახელმწიფომ, დანაშაული ჯერ კიდევ მაშინ ჩაიდინეს, რადგან აუქციონებს მაშინ არ ატარებდნენ, ჩვენ კიდევ აუქციონის წესით გადმოგვცეს მიწა. როცა მიწის გადასახადი 1ჰა-ზე 27 ლარი იყო, ჩვენ 34-36-40 ლარს ვიხდიდით. პატიოსნად ვიხდით მიწის გადასახადს და ერთი თეთრი დავალიანებაც კი არა გვაქვს, მაგრამ 2012 წელის აპრილში, ჩვენს დაუკითხავად გაასხვისეს სოფლის მიწები. როცა ამის შესახებ გავიგეთ უკვე გვიანი იყო, პრეზიდენტს მაინც ვთხოვეთ დახმარება. ჩვენი საქმის მოგვარება ეკონომიკის სამინისტროს დაევალა, დაიმედებულები წამოვედით, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მაშინ არჩევნებისათვის ჩვენი ხმები სჭირდებოდათ და სულ ეგ იყო. ჩაიარა არჩევნებმა, თესლი მოვიმარაგეთ, მაგრამმიწის მოსახნავად ინვესტორის ტრაქტორები შემოვიდა, რა თქმა უნდა წინააღმდეგობა გავუწიეთ, არ შევუშვით,“ - აცხადებს სოფელ დისველის მკვიდრი ზურაბ შაინიძე.
ნაირა ხოზრევანიძე დისველში საცხოვრებლად ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხადან ჩავიდა ოჯახთან ერთად, ამბობს, რომ არაადამიანურ პირობებში ცხოვრება ძალიან უჭირს.
,,კანცელარიასთან მთელი სოფელი ჩავედით გასულ წელს და ყურადღება არავინ მოგვაქცია. სახელმწიფო კანცელარიაში დახმარების თხოვნით 20-ჯერ მაინც ვართ ნამყოფი. ძალიან რთულია მიწის გარეშე ცხოვრება, რადგან თავს მესაქონლეობით ვირჩენთ, ხალხს ბოსელის აშენების საშუალებაც კი არა აქვს, სახლში ცხოველები და ადამიანები ერთად არიან, ერთ მხარეზე ადამინებს სძინავთ, მეორეზე პირუტყვს, აბა ეს ცხოვრებაა?!“ - ამბობს, ნაირა ხოზრევანიძე.
მიწის პრობლემასთან ერთად დისველის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებს. ადგილობრივებს სოფლის ცენტრში, სკოლასთან 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ასლან შაინიძის სახელობის წყარო და პატარა სკვერი საკუთარი ძალებით აუშენებიათ, მაგრამ წყარო უკვე მეექვსე წელია უფუნქციოდაა.
დისველში ერთი სკოლაა, პედაგოგები სკოლაში ბოლნისიდან დადიან, სოფელში არც საბავშვბო ბაღია. პატარები ბოლნისის საბავშვო ბაღში ყოველ დილით ადგილობრივი გამგეობის მიერ დანიშნული მიკროაავტობუსით დაჰყავთ, ამავე მიკროავტობუსს დაყვებიან დისველის სკოლის პედაგოგებიც, რომლებიც სკოლაში ინვენტარის უქონლობას უჩივიან.
დისველის სკოლის პედაგოგი მედეა ჯაფარიძე ამბობს, რომ საკმარისი რაოდენობის მერხებიც კი არა აქვთ, წიგნებზე ხომ საუბარი აღარააა.
,,ერთმა აჭარელმა კაცმა 300 ლარი შემოგვწირა და ბავშვებს წიგნები ვუყიდეთ. ძალიან ნიჭიერი და კარგი ბავშვები გვყავს, მაგრამ აქ არც სწავლის და არც გართობის პირობები არა აქვთ.ოჯახს რომ დაეხმარონ, წიგნები და ტანსაცმელი, რომ იყიდონ, მეზობელ სოფლებში დაქირავებულ მუშებად მუშაობენ, სეზნურად ხან კარტოფილის ამოსაღებად, ხან სათოხარში და ხანაც დასაბარად დადიან,“ - ამბობს მედეა ჯაფარიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ და ,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ ერთობლივი პროექტით ორგანიზებული ,,მედიატურის“ ფარგლებში შეკრებილმა ჟურნალისტებმა, დისველიდან გეზი უკვე კახეთისაკენ ავიღეთ.
რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში ჩავედით. სოფელი მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. ერისიმედის გადასახვევს, რომ მიუახლოვდით, ტყის პირას მდგარმა ქართველმა მესაზღვრემ გაგვაჩერა და ზრდილობიანად გვკითხა, ვინ ხართ და საით მიემართებითო?!
ერისიმედში, ისევე როგორც დისველში აჭარელი ეკომიგრანტები 1989წელს ჩაასახლეს, რამდენიმე ოჯახი 1988 წელს საინგილოდან, სოფელ კახიდან ჩასულა, არიან პანკისის ხეობიდან ჩასახლებულებიც.
ადგილობრივები სოფლის სახელწოდებაზე ვერაფერს საუბრობენ და ამბობენ, ალბათ საზღვართან, რომ ვცხოვრობთ, ერისიმედიც ამიტომ დაარქვეს სოფელსო.
ერისიმედელები გასული წლების მსგავსად, დღესაც კარგავენ მსხვილფეხა რქოსანს, საძოვარზე გაშვებული ძროხები აზერბაიჯანის მხარეს გადადიან და მათ დასაბრუნებლად ქართველი მესაზღვრეების ჩარევა ხდება საჭირო. საზღვარი კი პირობითი ხის მესერითა და მავთულხლართითაა განსაზღვრული.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მუსულმანია. ისინი სოფელში მოწყობილ სამლოცველოში დადიან სალოცავად. სამლოცველო ერთ-ერთი მიტოვებული სახლის პირველ სართულზე მოუწყვიათ.
ერისიმედში მიწის პრობლემას არ უჩივიან, აღარც გაზაფხულზე მოვარდნილ ღვარცოფს, რადგან გასული წლის გაზაფხულზე გარემოსდაცვის სამინისტროს მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაუტარებია. სოფლამდე მისვლაც გაიოლდა, რადგან გზაც შეუკეთებიათ. ერისიმედში ამბულატორიაც გაუხსნიათ. სოფლის სკოლის პედაგოგი თალიკო მახარაძე ამბობს, რომ ექიმი სოფელ ჯუგაანიდან კვირაში რამდენჯერმე დადის, ადგილზე მხოლოდ მედდაა, თუმცა ამბულატორიაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების არც ნივთები და არც მედიკამენტებია. ერისიმედში არა აქვთ აფთიაქი და მაღაზია, პროდუქტისა და მედიკამენტების საყიდლად სიარული ადგილობრივებს სოფელ წნორში უწევთ.
ასმათი გუმაშვილი (ფაშაევა) ერისიმედში პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან ჩასახლდა. ამბობს, რომ მისი მამამთილი ერისიმედის მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა და 24 წლის წინ ოჯახიც თან წამოიყვანა. გუმაშვილების სახლი საზღვრიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრითაა დაშორებული, ასმათი ამბობს, რომ გასულ კვირას მავთულხლართში ხბო გაძვრა და მესაზღვრეების დახმარებით დაიბრუნეს, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა აზერბაიჯანის მხარეს გადასული საქონელი ეკარგებათ.
ერისიმედში დღეს აღარ ამბობენ, რომ ღვთის იმედად არიან, სოფელში სასმელი წყლის პრობლემაც მოგვარებულია, გზაც შეკეთებული და პირველი გაზაფხულია, რაც მდინარის ადიდების დროს სოფელი დატბორვას გადაურჩა.
ერისიმედი იმედიანად დავტოვეთ, იმ იმედით, იქნებ დისველში დაგროვილ პრობლემებსაც მიხედოს ადგილობრივმა ან ცენტრალურმა მთავრობამ.
მარიკა ვარდოშვილი
ამბები.გე