2.5 მლნ ლარამდე გაცემული პრემიები და წამების ახალი ფაქტები - რას ყვება მოროშკინა სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი სკანდალის შესახებ

2.5 მლნ ლარამდე გაცემული პრემიები და წამების ახალი ფაქტები - რას ყვება მოროშკინა სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი სკანდალის შესახებ

ახალი სკანდალი სასჯელაღსრულების სისტემაში. ლალი მოროშკინა სუბარის უწყებაში "ნაციონალების" შეპარვაზე და სიტუაციის არევაზე საუბრობს. მოროშკინა ამბობს, რომ მისმა უფროსმა - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა თანხები გაფლანგა, რისთვისაც სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

მოროშკინა აქვეყნებს ნუსხას, სადაც ყველაზე მაღალი პრემია, დარბაისელის მოადგილეს გოგი გახარიას 39 ათასი ლარის სახით აქვს მიღებული, ხოლო თავად დარბაისელს საკუთარ თავისთვის პრემიის სახით 18 ათას ლარზე მეტი აქვს გამოწერილი. ყველაზე დაბალი საპრემიო თანხის ოდენობა კი – 10 ათასი ლარია. მთლიანობაში, გაცემული პრემიების ოდეობა, მოროშკინას თქმით დაახლოებით, 2.5 მლნ ლარს აღწევს.

"ამ ფონზე, ციხეში ადამიანების წამება გრძელდება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კი, "გაშიფრული ზონდერებით" არის სავსე" – ამაზე და სხვა სკანდალურ დეტალებზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ლალი მოროშკინა Ambebi.ge-სთან საუბრობს.

ლალი მოროშკინა: ფონდი, რომლითაც უნდა დაფინანსებულიყო ჩვენი თანამშრომლებისთვის ჯანდაცვის პოლისების დარიგება, დარბაისელმა პრემიების სახით გაფლანგა. ეს ინფორმაცია დაახლოებით 2 თვის წინ, მივაწოდე ჩვენს ზემდგომ ინსტანციას. ამაზე უნდა დაწყებულიყო რეაგირება, რა დროსაც "ნაციონალებში" გაჟონა ინფორმაციამ. მათ დაასწრეს მთავრობას, მაშინ როცა უნდა მომხდარიყო კანონიერი ქმედება, - გაფლანგული ფული უკან უნდა დაბრუნებულიყო. ეს ფული დარბაისელის მოყვანილ ზონდერებს დაურიგდათ.

მიუხედავად იმისა, რომ  პრემიერ-მინისტრს ძალიან მკაფიო მითითება ჰქონდა გაცემული, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები - უშუალოდ, 6 მაისის, 7 ნოემბრის და 26 მაისის დამრბევები, არ ყოფილიყვნენ მაღალ თანამდებობებზე დანიშნული, დარბაისელმა ესეც არ გაითვალისწინა და ზონდერები დანიშნა თანამდებობებზე. ეს ინფორმაციაც მივაწოდე ზემდგომ ორგანოს.

შესაბამისად, "ნაციონალებმა" დაიწყეს ნერვიულობა და თითქოს მოითხოვეს დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაყენება, რადგან იცოდნენ, რომ რეალურად უახლოეს მომავალში მზადდებოდა ეს. თითქოს დაასწრეს მოვლენებს, მაგრამ ვფიქრობ ეს თამაში გაშიფრულია.

- ზონდერებად ვისაც მოიხსენიებთ, ეს კადრები დარბაისელის წინამორბედის, მიხეილ ღურწკაიას დროს არ მუშაობდნენ სად-ში?

- რა თქმა უნდა არა. ესენი არიან 3 თვის მოყვანილი კადრები. ღურწკაიას დროინდელი აღარავინ დარჩა. ერთადერთი ვარ მე, რომელსაც ხელი ვერ ახლეს. დანარჩენი ყველა გაისტუმრეს, პატაკები დააწერინეს. ყველა აპირებს, რომ შეიტანოს სასამართლოში სარჩელი, იმიტომ რომ უკანონოდ მოხდა მათი გათავისუფლება. მათ ნაცვლად, დარბაისელმა მოიყვანა გაშიფრული ზონდერები, ვინც მჟავა ჩაასხა ბიძინა ივანიშვილის აპარატურაში, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ვინც ცემა გიგლა გობეჩია, ვინც ცემა შალვა ოგბაიძე, ვინც ესროლა რეზინის ტყვია კავკასიის ჟურნალისტს, ანუ კონკრეტული ადამიანები – გაშიფრულები სახელებით და გვარებით. ალბათ ეს ზუსტად ის არის, რასაც ნაცები აანონსებდნენ, რომ ციხიდან აირევაო და ელოდებოდნენ ამ მომენტს. ვფიქრობ, ყველაფერი დროულად გახდა ცნობილი და მინისტრი უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას. მადლობელი ვარ კახი კალაძის, რომელსაც შევხვდი და მან მყისიერი რეაგირება მოახდინა ყველაფერზე.

- ვისი კადრია დარბაისელი? ღურწკაია რატომ შეიცვალა მისით, მაშინ ამის მიზეზი უცნობი იყო, ახლა თუ შეგიძლიათ ამაზე ლაპარაკი?

- ღურწკაიას გათავისუფლება რამდენადაც ვიცი, მისი პირადი გადაწყვეტილებით მოხდა სოზარ სუბარის ხელისმოწერით, მაგრამ დიმა დარბაისელზე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა იყო. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის სოზარ სუბარის კადრი. ალბათ იმის კადრია, ვინც ამ ყველაფერს აკონტროლებდა. ეს არ არის პრემიერ-მინისტრი, უფრო დაბალი რგოლია, ეს ადამიანები, ვისი ინიციატივითაც დარბაისელი დაინიშნა, სათავეში აღარ არიან. ესენი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან და უნდა დაისაჯონ.

- რაც შეეხება სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი დარბაისელის ურთიერთობას, ყოველთვის ვრცელდებოდა კულუარული ინფორმაციები, რომ მათ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ…

- კი ასეა. პირველივე დღიდან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. სოზარ სუბარი ამ კადრის ძალიან წინააღმდეგი იყო. დისკომუნიკაცია იყო და მოვედით აქამდე. სამწუხაროდ, გამოჟონა ინფორმაციამ და გაჟონა პირდაპირ "ნაციონალების" ოფისში. "უსისხლოდ" უნდა ჩატარებულიყო ოპერაცია და არა ასეთი აგორებული ამბით. დარბაისელის გათავისუფლება გადაწყვეტილი იყო და ეძებდნენ შემცვლელს.

- სოზარ სუბარს პირადად გააცანით პრემიების გაცემაზე თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია? რა პოზიცია აქვს მას ამ ყველაფერზე?

-ნაწილობრივ იცოდა რაღაცები, შემდეგ ვერ მოვახერხეთ შეხვედრა. მინისტრი ბევრ რამეზე უკმაყოფილო იყო, განსაკუთრებით იმასთან მიმართებაში, რაც მოხდა #7 საპყრობილეში. სხვათაშორის, შოთა ტრაპაიძე, #7 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი, რომელსაც დარბაისელმა 23 ათასიანი პრემია გამოუწერა, არის გია ლორთქიფანიძის (მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის) უახლოესი ნათესავი და მისი დანიშნული კადრი. ყველაზე მეტი დარღვევა #7 საპყრობილეშია და სახალხო დამცველმა ამაზე გააკეთა განცხადება, რომ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ომბუდსმენის თანამშრომლებს. ასეთი რამ ღრმა აფრიკულ სოფელშიც არ მომხდარა.

- ადრე ხშირად დადიოდით ციხეებში, დარბაისელის სად-ის უფროსობის პერიოდში თუ გქონდათ შესაძლებლობა ციხეებში არსებული მდგომარეობა მოგენახულებინათ?

- არ შევსულვარ არცერთხელ, იმიტომ, რომ დარბაისელთან პირველი წამიდანვე მქონდა ცუდი ურთიერთობა. არ შევდიოდი, რომ ამეცილებინა პროვოკაცია. ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სააგენტოს. ის, რომ დააყრუეს, სცემეს და ცუდად მოექცნენ პატიმრებს, მე ამ ყველაფრის მთელი ჩამონათვალი მაქვს. ბოლო სამი თვის განმავლობაში ციხეებში არაადამიანური მოპყრობის არაერთი ფაქტია დაფიქსირებული.

ასევე - მე მქონდა ნოვაცია – კონტრაქტორი, ანუ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც სამართალზე მუშაობთ, უნდა შეგძლებოდათ ჩვეულებრივად მოხვედრა ციხეებში და ცხელი ხაზის ტელეფონებიც გქონოდათ, მაგრამ სამწუხაროდ ეს პროექტიც შთანთქა დარბაისელმა.

ხათუნა გაგნიძე,

Ambebi.ge

წარმოგიდგენთ სასჯელაღსრულების სამინისტროში გაცემული პრემიების ნუსხას:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა