სადისტი შვილი, რომელსაც დედის წამება სიამოვნებას ანიჭებდა - "მდუღარე წყალი გადავასხი და დავამახინჯე"

სადისტი შვილი, რომელსაც დედის წამება სიამოვნებას ანიჭებდა - "მდუღარე წყალი გადავასხი და დავამახინჯე"

ოჯახური ძალადობის ფაქტი ხშირად შუქდება როგორც პრესის, ისე ტელევიზიის მიერ, მაგრამ თუ გსმენიათ ისეთი ფაქტის შესახებ, რომ მშობლების ჩხუბი და ჭურჭლის მსხვრევის ხმა შვილს ახარებდეს? ჩემმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა მიამბო, თუ როგორ ნეტარებას განიცდიდა, როცა დედა მამას სცემდა და ხშირად, მათი ჩხუბის მიზეზი თავად იყო. "ისეთ რაღაცებს ვამბობდი, რომ მშობლებს ერთმანეთი შევაძულე, მაგრამ ახლა, როცა სულ მარტო დავრჩი, ამას ძალიან განვიცდი", - მომწერა ადამიანმა, რომელმაც საკუთარ თავს ურჩხული-34 უწოდა. მისმა მესიჯმა დამაინტრიგა. ვთხოვე - იქნებ, ინტერვიუზე დამთანხმდე-მეთქი. ბოლოს, როცა მასთან მიმოწერა დავასრულე, ჩემი რესპონდენტის შემეშინდა კიდეც. თუ რატომ, ამას თავადვე მიხვდებით.

- მე კახეთის ერთ-ერთი მიყრუებული სოფლიდან გახლავართ. ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა, წლიდან წლამდე ძლივს გაგვქონდა თავი. 5 წლის ვიყავი, როცა დედა დაფეხმძიმდა. მისი მუცლის სიდიდით გაოცებულს ამიხსნეს, რომ მალე პატარა ძამიკო ან დაიკო მეყოლებოდა. ბებიაჩემი საშინელი ქალი გახლდათ, დედას ვერ იტანდა, მაგრამ დღემდე არ ვიცი, ამ სიძულვილის მიზეზი რა იყო. ის რძალს მთელი ცხოვრება აწამებდა და ფეხმძიმე რამდენჯერმე დააგორა კიბეზე. ერთხელ, ეს საკუთარი თვალითაც დავინახე და მამისთვის არაფერი რომ არ მეთქვა, "დამამუშავა". მითხრა: დედაშენს არ უყვარხარ. მუცელში ბავშვი რომ უზის, მარტო ის უყვარს. დამიჯერე, თუ დაიბადა, ყველაფერს წაგართმევს და უბედური იქნები. ასე რომ არ მოხდეს, რომ არ დამეჩაგრო, ამიტომაც დავაგორე დედაშენიო. მოკლედ, მართლაც მაგრად "დამამუშავა". ჰოდა, როცა დედამ ყანიდან შინ დაბრუნებულ ქმარს სიმართლე უამბო და უთხრა, ეს ბავშვმაც დაინახაო, ვიყვირე: რას ამბობ, დედიკო, მე ისე დავინახე, რომ კიბიდან ბებო დააგორე და მერე ყვირილი თავად ატეხე-მეთქი. ბებოს თვალები გაუბრწყინდა და დაიწყო კვნესა: შვილო, ყველაფერი მტკივა, მაგრამ არ მინდოდა, ეს ამბავი გაგეგო. შენი ცოლი მართლა ძალიან მამწარებსო. მოკლედ, დედა კი ცდილობდა, სიმართლე დაემტკიცებინა, მაგრამ ჩვენ წინაშე უძლური აღმოჩნდა. საბოლოოდ, მამამ მას აგინა და ხელიც მოუქნია.

- დედა არ შეგეცოდა?

- პირიქით, ეს ამბავი მახარებდა, რადგან მეგონა, მამა დედას თუ სცემდა, ის პატარა მოკვდებოდა... მოკლედ, მამა სახლიდან რომ წავიდა, დედამ ოთახში შემიყვანა (დედამთილისთვის საყვედურიც კი არ უთქვამს) და დამკითხა, მაგრამ იმდენი ჭკუა მქონდა, რომ ვერ გამომტეხა.. ნებისმიერ კითხვაზე მხოლოდ იმას ვპასუხობდი - მე არაფერი დამინახავს, ძამიკო ან დაიკო არ მინდა-მეთქი! ჩემმა პასუხებმა ის წონასწორობიდან გამოიყვანა დაცემა დამიწყო. ყვირილი მოვრთე: მიშველეთ-მეთქი. სწრედ ამ დროს ოთახში მთვრალი მამა შემოვიდა, დედას ჩემი თავი ხელიდან გამოჰგლიჯა, მერე შარვლიდან ქამარი გამოიძრო და ცოლს უამრავჯერ უთავაზა. ამ ყველაფერს სიამოვნებით ვუყურებდი. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ მას არაფერი სტკიოდა და დარტყმას მხოლოდ პატარა გრძნობდა, რადგან დედა ხმას არ იღებდა, მხოლოდ მუცელზე იფარებდა ხელს.

- მის საშველად ოთახში არავინ შემოსულა?

- ვინ უნდა შემოსულიყო? ეს ამბავი არავის გაუგია, რადგან დედა ყველაფერს მოთმინებით იტანდა. ბებიამ კი შემოყო თავი და როცა დაინახა, ოთახში რაც ხდებოდა, სახე გაებადრა, თვალი ჩამიკრა და მანიშნა, ჩემთან მოდიო. არ დავემორჩილე, რაღაც ძალა არ მაძლევდა უფლებას, მას გავყოლოდი და ამ სანახაობას მოვკლებოდი.

- შენ მართლა სიამოვნებას განიჭებდა ამ შემზარავი სურათის ყურება?

- კი, ასე იყო, მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. ახლა ამაზე რომ ვფიქრობ, თავი ნამდვილი ურჩხული მგონია... ეს ჩემი აღსარება იქნება.

- მერე რა მოხდა?

- დედა გადარჩა. მართალია, ცემის შემდეგ თავს შეუძლოდ გრძნობდა, მაგრამ მუცელი არ მოეშალა. ბებიამ უფრო "დამქოქა" - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დაიჩაგროო. მეც, როცა მამა სახლში შემოვიდოდა, რას აღარ ვიგონებდი, ოღონდ კი დედა ეცემა. ერთხელ ისიც კი ვთქვი (რა თქმა უნდა, ეს ბებიამ მასწავლა, თორემ ამდენს მარტო ვერ მოვიფიქრებდი), სახლში ვიღაც კაცი მოვიდა, დედას ეხუტებოდა და ჩურჩულებდნენ. გავიგონე, იმ კაცმა თქვა, ჩემს შვილს არავის დავაჩაგვრინებო. მა, ვინაა მისი შვილი-მეთქი?.. მამამ ჩემი სიტყვები დაიჯერა, როგორც სხვა დროს. მე ხომ ბებია მყავდა მოწმის სახით. იმ ღამეს დედას დენა დაეწყო, მაგრამ ჩემს ჯიბრზე მუცელი მაინც არ მოეშალა... ჩვენი სახლიდან თითქმის ყოველღამე ისმოდა დედის გმინვა და ჭურჭლის მსხვრევის ხმა.

- ამის გამო სინანული არასდროს გიგრძნია?

- არა. ჭურჭლის მსხვრევის ხმა ჩემთვის "იავნანა" იყო, დედის წამება კი ერთგვარი "კაიფი" გახლდათ.

- ე.ი. შენზე შეიძლება ითქვას, სადისტიაო.

- ჰო, ასეთი ვიყავი, მაგრამ ახლა ყველაფერს ვნანობ.

- მაგრამ სინანული გვიანია, არა? საინტერესოა, შენი დაიკო თუ ძამიკო მაინც მოევლინა ქვეყანას?

- ჰო, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მაიკო მაინც გაჩნდა, მაგრამ დედა მის მშობიარობას გადაჰყვა. საკუთარი და ისე მძულდა, როცა მამამ მოიყვანა, მისი მოგუდვა მომინდა. მაშინ ვერაფერი მოვუხერხე, მაგრამ 3 წლის გახლდათ, როცა მდუღარე წყალი გადავასხი და დავამახინჯე. აი, სწორედ მას შემდეგ გამიჩნდა სინანულის გრძნობა და რადიკალურად შევიცვალე. ახლა ჩემი და, მთელ ქვეყანას მირჩევნია, მაიას კი ვძულვარ, დასანახად ვერ მიტანს.

- იმიტომ, რომ მდუღარე გადაასხი?

- არა, ეს მალევე დაავიწყდა. როცა წამოვიზარდეთ, მას ყველაფერი ვუამბე და შემიძულა. ის ახლა გათხოვილია, ჰყავს შვილები და ბედნიერია, მე კი... ბებია შარშან ჩაძაღლდა, მამა კი დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, უეცრად გარდაიცვალა. ახლა სრულიად მარტო ვარ და განდეგილივით ვცხოვრობ.

- ეკლესიაში თუ დადიხარ, ლოცვებს თუ კითხულობ?

- ტაძარში შესვლა ერთხელ ვცადე, მაგრამ ვერ გავბედე. იქ ჩემი ადგილი არაა.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"

#15 9.04.2009

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია