რატომ გაძვირდა რძე, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და მედიკამენტები?

რატომ გაძვირდა რძე, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და მედიკამენტები?

ბოლო დროს, რძე, რძის ნაწარმი, ბოსტნეული და მედიკამენტები საგრძნობლად გაძვირდა. პროდუქტის ფასმა დაახლოებით, 20-30%-ით მოიმატა, ხოლო მედიკამენტების ფასი თითქმის გაორმაგდა. რამ განაპირობა ინფლაციური პროცესი საქართველოში - სეზონურობამ თუ ბაზარზე არსებულმა მონოპოლიებმა? "ვერსიას" ეკონომიკის ექსპერტი, "ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის" დირექტორი, ირაკლი ლექვინაძე ესაუბრება.

2014 წლის აპრილიდან რძე, მაწონი, არაჟანი და იოგურტი თითქმის 15-20 თეთრით, ხოლო 1 კგ ყველი 2.00 ლარით გაძვირდა, 30%-იანი ზრდა შეინიშნება სხვადასხვა სახის ბოსტნეულზე. ირაკლი ლექვინაძემ "ვერსიას" განუცხადა, რომ აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფლაციური ფონი შეინიშნება, შარშანდელთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე დაახლოებით 3.5%-ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტზე ფასის მატების ტენდენციაა: "გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მზარდია, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახება. ხორბლის ბაზარზეც შეინიშნება ფასის ზრდა - ეს ტენდენცია უკრაინის კრიზისმა განაპირობა და ბუნებრივია, ქართულ ბაზარზეც იქონია გავლენა. ბოსტნეულის შემთხვევაში, ფასის ზრდა მოთხოვნა-მიწოდებამ განაპირობა. შარშანდელთან შედარებით, თითქმის ყველა სახის ბოსტნეული გაძვირდა, რადგან მხოლოდ მიწოდების ნაწილია შევსებული. ბოლო დროს ღვინოც გაძვირდა, რაც რუსეთის ბაზარზე გაყიდვებისა და მოთხოვნის ზრდამ განაპირობა, მაგრამ ინფლაციურ პროცესს მაინც ორი ფაქტორი - მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ხორბლის გაძვირება განაპირობებს, რაც სხვა პროდუქტის ფასის ზრდას იწვევს. შარშანდელთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმლეზე 8%-იანი, ალკოჰოლურ სასმელზე 7%-იანი ზრდა ფიქსირდება, ჯანდაცვის სექტორში კი დაახლოებით 5%-იანი ზრდაა. საკვებ პროდუქტს შორის, განსაკუთრებით გაძვირდა ბოსტნეული, ბაღჩეული, რძე, ყველი და კვერცხი. არის კიდევ ერთი ფაქტორი - დაახლოებით 420 000 ადამიანს დაუბრუნდა დაუბეგრავი მინიმუმი და მიმოქცევაში ფულის დიდი მასა გამოვიდა, რაც მოთხოვნის ზრდაზე აისახა და ბუნებრივია, ამან სამომხმარებლო ბაზარზეც იქონია გავლენა. შესაბამისად, არაერთგვაროვანია იმ ფაქტორების ჯამი, რამაც ბაზარზე გაძვირების ტენდენცია შექმნა. ამ ყველაფერს, გარე და შიდა ფაქტორებიც ემატება. მთლიანობაში, ძირითადი დასახელების პოდუქტები რომ ავიღოთ, რაც სამომხმარებლო კალათში შედის, დაახლოებით, 9,5%-იანი ინფლაციაა, აქედან ყველაზე საგრძნობი სურსათისა და მედიკამენტების გაძვირებაა".

გარეფაქტორებზე საუბრისას, რაც ქვეყანაში ინფლაციურ პროცესს იწვევს, უკრაინის კრიზისს გვერდს ვერ ავუვლით. საქართველოს ორ ძირითად სავაჭრო-პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინასა და რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, იქ ქართული პროდუქციის ექსპორტი შემცირდა; გარდა ამისა, უკრაინაში გრივნა, რუსეთში რუბლი და თურქეთში ლირა უფასრუდება. საინტერესოა, როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოზე, ან რა გავლენას მოახდენს გრივნას, რუბლისა და ლირას დევალვაცია ლარის კრუსზე? ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები საქართველოს ინფლაციურ პროცესზე გრძელვადიან პერსპექტივაში აისახება, რადგან ამ ეტაპზე ასეთი გავლენა არ იგრძნობა: "თუ სხვა ქვეყნების ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესია, ეს იმ ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციის გაძვირებას ნიშნავს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საქართველოზეც აისახება, რადგან ადგილობრივ ბაზარზე უკრაინული, რუსული და თურქული პროდუქტის წილი დიდია. რაც მთავარია, როდესაც ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტა უფასურდება, ეს სარეზერვო ვალუტის გადინებას იწვევს ამ ქვეყნებში. ამ დროს მომგებიანი ხდება სპეკულაციური ოპერაციები, რომლებიც დოლარის გადინებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ გრძელვადიან პერიოდში, თუ ამ დევალვაციურ პროცესს შეუქცევადი ხასიათი მიეცემა, სავარაუდოდ, ლარის კურსზეც აისახება. ამ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ქვეყნის მთავარმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ისე უნდა დააბალანსოს, ასეთი გავლენა მინიმუმამდე შეამციროს".

ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტორი, რაც ქვყანაში ინფლაციურ პროცესს განაპირობებს, არჩევნებია. 2014 წლის 15 ივნისს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ბუნებრივია, არჩევნების წინ, სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხა იხარჯება. ირაკლი ლექვინაძემ "ვერსიას" განუცხადა, რომ მართალია, არჩევნების დროს ბიუჯეტიდან ხარჯვითი პროცესი გაძლიერებულია, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული პომპეზურობით არ გამოირჩევა, რასაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი: "მოახლოებულ არჩევნებს ინფლაციაზე მხოლოდ ერთადერთი, არც ისე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება - წინასაარჩევნო პერიოდში, ადამიანების გარკვეული ჯგუფი დაასაქმეს, რომლებიც შემოსავალს იღებენ, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თანხა არ არის, რაც სამომხმარებლო ბაზარზე აისახება. ზოგადად, ინფლაციურ პროცესში სეზონურობა და გარე ფაქტორების გავლენაა გადამწყვეტი, რასაც დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებული, დიდი ოდენობით თანხაც დაემატა. მიუხედავად ამისა, ინფლაციის ტენდენცია საშიში არ არის, რადგან საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველა რესურსი აქვს, 3.5%-იანი ინფლაცია გააკონტროლოს. ეროვნული ბანკი ამ პროცესს დიდ საშიშროებად არ აღიქვამს, რადგან 2014 წლის აპრილში, რეფინანსირების განაკვეთი 4.0%-ზე დატოვა, რაც ნიშნავს, რომ ინფლაციის უფრო გაძლიერებას არ ელის. გარდა ამისა, გვიახლოვდება აქტიური სეზონი, ვგულისხმობ ბოსტნეულის, ხილის, ბაღჩეული კულტურების მოსავლის აღებას, რადგან სეზონის შემოსვლასთან ერთად, ამ ქვეჯგუფის პროდუქტის ფასი აუცილებლად მოიკლებს და ინფლაციურ პროცესსაც გაანეიტრალებს".

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი, სეზონურობის გარდა, ინფლაციურ პროცესს მონოპოლისტებსაც უკავშირებს, განსაკუთრებით კი ფარმაცევტულ ბაზარზე, რადგან პროდუქტების ბაზარი, მეტ-ნაკლებად, დივერსიფიცირებულია. "ვერსიაში" ვწერდით, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით 24%-ს შპს "ავერსი", ხოლო 23%-ს შპს "პსპ" ფლობს. ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბით "ავერსის" საკუთრებაში 240, ხოლო "პსპ"-ს საკუთრებაში 170 აფთიაქია. ბაზრის მსხვილი მოთამაშეები, "პსპ" და "ავერსი" ბაზარზე მონოპოლიურად მაღალ ფასს აწესებენ, თუმცა სხვა კომპანიის გაკოტრების მიზნით, ცალკეული მედიკამენტების ფასს ხელოვნურად აიაფებენ კიდეც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ "პსპ"-სა და "ავერსს" შორის, ჯენტლმენური შეთანხმებაა, რომლითაც კონკრეტული დასახელების მედიკამენტი მხოლოდ "პსპ"-ს ან "ავერსს" შემოაქვს. გარდა ამისა, ეს კომპანიები ბაზარს ადგილობრივი პროდუქციითაც ავსებენ, სადაც დაახლოებით 70-მდე მწარმოებელია და ამ პროცესის დროს, მსხვილი მოთამაშეები დემპინგურ ფასსაც აწესებენ და ცალკეულ მედიკამენტებს, რომლებიც ექსკლუზიურად შემოაქვთ, მონოპოლიურად მაღალ ფასში ყიდიან.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია