როგორ "იჭმებოდა" ქართული ოქრო - კაზრეთიდან საყდრისამდე

როგორ "იჭმებოდა" ქართული ოქრო - კაზრეთიდან საყდრისამდე

გასული საუკუნის 90-იან წლებში სამთო გადამამუშავებული კომბინატი " მადნეული" იმ საწარმოთა რიცხვს განეკუთვნებოდა რომელიც ქართული ეკონომიკის სრული გაჩანაგების პირობებშიც ახერხებდა თავის გატანას. 2001 წელს "მადნეულში" ავსტრალიელები გამოჩნდნენ დიდი ფულით და გრანდიოზული ჩანაფიქრით, საქართველოს საკუთარი ოქროს გადამუშავება უნდა დაეწყო: ასე შეიქმნა საწარმო "კვარციტი", მალე პირველი ოქროს ზოდიც - "დორეც" გამოჩნდა და "კვარციტში" იმატა პოლიტიკოსებისა და საქმოსნების სტუმრობებმა. საქმე იქამდე მივიდა რომ საქართველოს ერთ ერთი ღატაკი ბოლნისის რაიონი ლამის საჩვენებელ რაიონად იქცა ხოლო მანამდე ნახევრად დაცლილ კაზრეთში ცხოვრებას დედაქალაქელებიც კი აღარ თაკილობდნენ. მადნეულის "ოქროს ხანა" ალბათ დიდ ხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ერთ დღესაც ავსტრალიური მხარე (რომელიც წილის 50%-ს ფლობდა) სახიფათო თამაშში არ ჩაერთო. აი, ასე იხსენებს იმდროინდელ მოვლენებს "კვარციტის" ერთ-ერთი თანამაშრომელი:

"2001 წელს ავტრალიური მხარის წარმომადგენელმა, დირექტორმა ჰენკი ნაიტინგეილმა, თანამშრომლებს გამოგვიცხადა, - ჩვენ სახელმწიფოს 17 მილიონი ზედმეტი გადავუხადეთ, ის კი არ გვიბრუნებს; გარდა ამისა, მადანში ოქროს შემცველობა ძალიან შემცირდა და იძულებული ვართ, ხელფასი შეგიმციროთო." "მადნეულსა" და "კვარციტში" სიტუაცია აირია. დაიწყო გაფიცვები. ავსტრალიურმა მხარემ ადვოკატად ირაკლი ოქრუაშვილი აიყვანა (სწორედ მაშინ გავრცელდა ხმა, რომ "ავტრალიური გამბიტის" უკან იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იდგა) და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა, იმ 17 მილიონის სანაცვლოდ მათთვის "მადნეულში" სახელმწიფოს წილი - 97% დაეთმოთ. გენერალურმა დირექტორმა ელდარ ბოჭორიშვილმა წნეხს ვერ გაუძლო და გადადგა."

ავსტრალიური მხარე ჯიუტად ითხოვდა დირექტორის თანამდებობაზე "მათი კაცი" დაენიშნათ, თუმცა პრეზიდენტი შევარდნაძე არ აპირებდა დაეთმო ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის (სააკაშვილი, ჟვანია) და გუბერნატორ ლევან მამალაძის რეკომენდაციით, გენერალურ დირექტორად ზურაბ ლობჟანიძე დანიშნა. მალე საწარმოში კონტროლის პალატა შევიდა. საბოლოოდ, ავსტრალიურ მხარეს თაღლითობაში დასდეს ბრალი სახელმწიფოს სასარგებლოდ - 17 მილიონის (ზოგიერთი მონაცემით - 10 მლნ, - ავტ) გადახდა აქეთ დააკისრეს. შევარდნაძემ იცოდა, რომ სააკაშვილი დამარცხებას ვერ შეეგუებოდა, დამარცხებას ვერ ეგუებოდა კრიმინალური სამყაროც, რომლისთვისაც ქართული ოქროთი ნაშოვნი მილიონები ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა. თუმცა ბოლოს შავებმა მაინც მოახერხეს და " კვარციტის" ოქროს შავი ბაზარი ხელში ჩაიგდეს... საწარმოდან ოქროს მოპარვაში თანამშრომლები ისე დაოსტატდნენ, მათ ქურდულ მოხერხებულობაზე ლეგენდებიც კი დადიოდა. საწარმოდან გატანილ ოქროს თბილისში ოქროს ბირჟაზე "შინაურ" კაცს აბარებდნენ, ის თავის მხრივ მას ყიდდა, შავი ბაზრიდან მონაგებს კი თანამშრომლებს ქურდული სამყარო უყოფდა...

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე იერიში "მადნეულზე" "ვარდების რევოლუციის" ორი კვირის თავზე მიიტანა.

ზურაბ ლობჟანიძე, "მადნეულისა" და "კვარციტის" ყოფილი გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:"- "შევიცარიაში დამირეკა მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გაჩეჩილაძემ და გენერალური პროკურორის, ნუგზარ გაბრიჩიძის ინფორმაცია გადმომცა"- ზურაბ ჟვანიამ "მადნეულისა" და "კვარციტის" ხელმძღვანელობიდან თქვენი გადაყენება დამავალაო. თუ არ გადადგებით, თქვენი დაპატიმრება მოუწევსო. გაჩეჩილაძემ მთხოვა, სიტუაცია რომ არ დამეძაბა, თავად გადავმდგარიყავი. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, თუმცა, ვიცოდი, არ მომეშვებოდნენ. მართლაც, 2003 წლის 15 დეკემბერს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს და, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი გადაყენება მოსთხოვა. სამეთვალყურეო საბჭომ 29 დეკემბერს ჩემს გათავისუფებაზე უარი თქვა. პარალელურად "კვარციტში" შემოვიდნენ და "დორეს" მარაგი წაიღეს. როგორც გავიგეთ, "საქართველოს ბანკში" 2004 წლის 24 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ მე თითქოს რევოლუციის შემდეგ 3 ტონა ოქრო გამიტანია ქვეყნიდან; მეოთხის წაღება ვერ მომისწრია და ის ხელისუფლებამ ამოიღო აეროპორტის გზაზე(?!)"

მალე მიხეილ სააკაშვილს არც პრემიერი ზურაბ ჟვანია ჩამორჩა... საბოლოოდ, ხელისუფლებამ დიდი ზეწოლის შედეგად, მაინც მოახერხა ზურაბ ლობჟანიძის არა მარტო გადაყენება, არამედ სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა სამსახურებრივი უფლებამოსილების და სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით. გამოცხადდა შვეიცარიაში მყოფი "ურჩი" ბიზნესმენის ძებნა. მოულოდნელად, ხელისუფლებამ ზურაბ ლობჟანიძეს გარიგება შესთავაზა. შუამავლობა მაშინ ბიზნესმენის პარტნიორმა ბადრი პატარკაციშვილმა ითავა - საქართველოში დაბრუნების და ბიზნესის უსაფრთხოდ კეთების სანაცვლოდ "ნაციონალები" ლობჟანიძისგან 1 500 000 ლარს ითხოვდნენ, რომელიც მას გენპროკურატურის სპეციალურ ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. 2004 წლის 11ოქტომბერს გარიგება შედგა. გადახდილი თანხის სანაცვლოდ ბიზნესმენს ძებნა მოუხსნეს, წაყენებულ მუხლებს კი ამნისტია შეეხო, თუმცა, როგორც ლობჯანიძე აცხადებს, "ჩემი დაპატიმრება სულ მალე ისევ მოუნდათ, ამჯერად გადასახადების თავიდან აცილების ბრალით. მქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანვე დამაპატიმრებდნენ. ამჯერად ხელისფულებას უნდოდა, დამეთმო 817.484 ათასი დოლარი, რომელიც "საქართველოს ბანკის" ანგარიშზე მქონდა."

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია