ელდარ შენგელაია: ''არის ოთხი ფილმი, რომელშიც არაფერს შევცვლიდი და ხელს არ ვახლებდი''

ელდარ შენგელაია: ''არის ოთხი ფილმი, რომელშიც არაფერს შევცვლიდი და ხელს არ ვახლებდი''

ელდარ შენგელაიას ''ცისფერ მთებს'' 2014 წელს კანის 67-ე ფესტივალის სპეციალურ სექციაში - ''კანის კინოკლასიკა'', ფრანგული სუბტიტრებით აჩვენებენ. ფესტივალი 14 მაისს გაიხსნება, ხოლო ფილმს ''ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი'' 16 რიცხვში წარმოადგენენ და კლასიკური ფილმების ჩვენების სექციას იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი გახსნის.

''ცისფერი მთები'' ''კანის კლასიკაში'' 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა და არჩევანი 1000 ფილმს შორის გაკეთდა. შენგელაიას ფილმის გარდა, ოცეულში შესულია სხვა ცნობილი რეჟისორების: ჰიჩკოკის, ვიტორიო დე სიკას, ფედერიკო ფელინის, გოდარის ნამუშევრები...

ამ სექციაში ქართული ფილმი წელს პირველად აღმოჩნდა, თუმცა კანის ფესტივალზე, 1965 წელს, რეჟისორთა კვირეულზე ეს ფილმი ერთი დღის განმავლობაში ორჯერ უჩვენებიათ - დილით და საღამოს. როგორც ბატონმა ელდარმა აღნიშნა, მაშინ ამ ფილმს პრესაში კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად კი ფილმი კანში ქალბატონმა თაკო ტატიშვილმა, ''კინოცენტრის'' ყოფილმა დირექტორმა წარადგინა.

''ცისფერი მთები'' 1963 წელს რეზო ჭეიშვილისა და ელდარ შენგელაიას სცენარის მიხედვით საბჭოთა ცენზურის პირობებში შეიქმნა. ეპოქის ალეგორია, ჩაკეტილი სივრცე და ფილმი აბსურდის თეატრალური ელემენტებით, დღემდე თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესია. ფესტივალზე ფილმის ჩვენებაზე დასწრებას მისი რეჟისორი, ელდარ შენგელაიაც აპირებს...

- ბატონო ელდარ, როცა ამდენი წლის შემდეგ უყურებთ თქვენს ფილმს ''ცისფერი მთები'', გიჩნდებათ რამე ცვლილების სურვილი?

- არა. არის ოთხი ფილმი, რომელშიც არაფერს შევცვლიდი და ხელს არ ვახლებდი. ესენია: ''არაჩვეულებრივი გამოფენა'', ''შერეკილები'', ''სამანიშვილის დედინაცვალი'' და ''ცისფერი მთები''. რაც შეეხება ''ექსპრეს ინფორმაციას'', მე ის გადავამონტაჟე. ამ ფილმს თბილისის ომის პერიოდში ვიღებდით და მუშაობა რთული იყო. არადა, როცა რეჟისორი ფილმს იღებს, სხვა არაფერზე უნდა ფიქრობდეს და აწუხებდეს. ამ ფილმებამდე კი მე და თამაზ მელიავამ გავაკეთეთ ''თეთრი ქარავანი''. ეს ფილმი როგორიც იყო, ასევე დარჩა.

- თქვენ გიყვართ არაპროფესიონალების მიწვევა ფილმებში...

- ჰო, მყავს პროფესიონალები და არაპროფესიონალებიც. ბევრი ჩემი ფილმის პერსონაჟი მსახიობი არ იყო, ისინი ''ცხოვრებიდან'' შევარჩიე. მაგალითად, ''ცისფერ მთებში'' კომენდანტის როლზე ძველი კინოსტუდიის კომენდანტი მივიწვიე, პრინციპში თავის თავს თამაშობდა. რაც შეეხება ვასილ ჩხაიძეს, ''არაჩვეულებრივი გამოფენისთვის'' პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. აკაკი დობორჯგინიძე ის კაცია, რომელსაც ''არაჩვეულებრივ გამოფენაში'' ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა გამოგვდგომოდა - ვასილ ჩხაიძე, ის ფოთის თეატრში მუშაობდა, იქიდან უნიჭობის გამო გარიცხეს და მას შემდეგ სოფელში გერმანულისა და რუსულის მასწავლებლად მუშაობდა.

გურამ ლორთქიფანიძე ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა. გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი - პიპინია იყვნენ. ვასილ ჩხაიძემ მთავარ როლზე უარი მითხრა, ეპიზოდში ვითამაშებო. შევეცადე გადამერწმუნებინა და თბილისში დავიბარე. როცა ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურში გურამი დახვდა და პირდაპირ კინოსტუდიაში მოიყვანა. სინჯებს რომ ვუღებდით, კაცი გაქვავდა. მივხვდი, განათებას და მსგავს გარემოს არ იყო შეჩვეული. ჯერ სხვებს გადავიღებ, თქვენ დამელოდეთ და მერე ჩვენ ვცადოთ-მეთქი, - ვუთხარი ბატონ ვასოს. ასეც მოვიქეცი და მოგვიანებით კიდევ გადავიღე. ეტყობა, შეეჩვია გარემოს და აი, მაშინ უკვე კარგი ნამუშევარი გამოვიდა. ის იყო, რომ მას ხმა არ უვარგოდა და მეორე რეჟისორის, რამაზ შარაბიძის რჩევით, გახმოვანებისას ეროსი მოვიწვიეთ.

ეროსისთან დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შემოქმედებისათვის. მან ''არაჩვეულებრივ გამოფენაში'' პიპინია და შემდეგ ''შერეკილებში'' ქრისტოფორე მგალობლიშვილის პერსონაჟები გაახმოვანა. მისი ხმა გადამწყვეტი იყო.

- ბატონო ელდარ, სამწუხაროდ, ''ცისფერი მთების'' შემადგენლობიდან უმეტესობა გარდაცვლილია. უმრავლესობის გზა და ბედი საზოგადოებამ იცის. თემიკო ჩირგაძე თქვენი მეგობარი იყო, პროფესიით ექიმი. მაგრამ ვინ იყვნენ მდივანი თინა? არტემ ჩაჩანიძე? ან თუნდაც ის ორი კაცი, გივის რომ ეძებდა...

- სამწუხაროდ, რამაზ გიორგობიანი, თემიკო ჩირგაძე, დარეჯან სუმბათაშვილი გარდაიცვალნენ. თემიკო ჩემი ძმის, თენგიზის, უახლოესი მეგობარი იყო. მოგვიანებით ჩვენც ძალიან დავახლოვდით. თემიკო სოფელ ვოროტინსკში სამხედრო ექიმად მსახურობდა. იქვე იყო დიდი აეროდრომი.

ჩვენს დროს ასეთი წესი იყო, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, ვინც პირველ კურსს კარგად ვერ დაამთავრებდა, მას ინსტიტუტიდან რიცხავდნენ. დედა ამაზე ძალიან წუხდა და მოსკოვში ჩამომაკითხა. თუმცა ყველაფერი კარგად ჩავაბარე და ვუთხარი, რომ თემიკოსთან ვოროტინსკში მივდიოდი. დედა მეორე დღეს, ანუ საკუთარ დაბადების დღეზე, მოსკოვიდან უკან ბრუნდებოდა. მითხრა, აუცილებლად ჩამოდი, თორემ არ წავალო. მანამდე კი თემიკოსთან ჩავედი.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია