ცოტა ხნის წინ ფერმაში დაახლოებით 1000 სული ღორი 10 დღეში დაიხოცა.
ღორის აფრიკული ჭირის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანაში ამ პირუტყვის კიდევ ერთმა სასიკვდილო დაავადებამ იჩინა თავი. ეპიდემიური დიარეის ვირუსი (PEDV), რომელიც ექსკრემენტებით ვრცელდება, ჩრდილოეთ ამერიკაში ღორის მასობრივი დახოცვის მიზეზი გახდა.
ახალი ვირუსი ადამიანისთვის საშიში არ არის, მაგრამ დიდი ეკონომიკური ზარალის მომტანია. ის პირველ რიგში, ცხოველის საკვების მომნელებელ სისტემას აზიანებს და სიკვდილიანობას 80-100%-ით აღწევს.
წლეულს იანვარში, ღორის კლასიკური ჭირის გავრცელების შედეგად, მეღორეობის ფერმა "კალანდაში" 10 ათასი სული პირუტყვი დაეცა. ამ ფერმის თანადაფინანსებაში საპარტნიორო ფონდიც მონაწილეობდა და 1,3 მილიონი დოლარი გაიღო. ფერმას ბანკიდან კიდევ 4,4 მილიონი დოლარის სესხი ჰქონდა აღებული. ცოტა ხნის წინ კი ღორების მასობრივად დაცემა განმეორდა. რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ღორების ფერმაში დაახლოებით 1000 სული პირუტყვი 10 დღეში გაწყდა. ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ დახოცვის მიზეზი ინფექციური დაავადება პასტერელოზი იყო. ფერმერი კი ეჭვობს, რომ პირუტყვი აფრიკულმა ჭირმა გაწყვიტა.
სანდრო გიორგაძე, ფერმერი: "მესამე წელია, ეს ფერმა მაქვს. სულადობის 2500-მდე გაზრდას ვგეგმავდი, მაგრამ რაც მოხდა, თავადაც ხედავთ. პირუტყვს ჯერ სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, შემდეგ საკვების მიღება შეწყვიტა, ტემპერატურამ აუწიათ და დაიხოცა. ლაბორატორიამ მიზეზად პასტერელოზი დაასახელა, მაგრამ ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირუტყვს ჩატარებული ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ ყველა აუცილებელი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიება ჩავატარეთ, მაინც ეს შედეგი მივიღეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ დაავადება სხვა იყო, სავარაუდოდ აფრიკული ჭირი, რომლის ვაქცინა არ არსებობს".
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ღორის აფრიკული და კლასიკური ჭირის სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ ფერმერებს ხშირად ერევათ. დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ აფრიკული ჭირის აფეთქება საქართველოში ბოლოს 2008 წელს მოხდა, რის შედეგად ქვეყანაში 85 ათასი სული პირუტყვი იძულების წესით განადგურდა.
რაც შეეხება დაავადების ერთეულ შემთხვევებს, დეპარტამენტში ამერიკული მხარის დახმარებით შესაბამისი მომზადება გაიარეს და ზაფხულში საზღვრისპირა რეგიონებში დაახლოებით 3000 პირუტყვს აუღებენ სინჯს და გამოიკვლევენ, პირუტყვის რა დაავადებები არსებობს ქვეყანაში.