"მწვანე ალტერნატივა" - დევდორაკიდან სტიქიის შემოტევა შესაძლოა განმეორდეს

 "მწვანე ალტერნატივა" - დევდორაკიდან სტიქიის შემოტევა შესაძლოა განმეორდეს

დევდორაკიდან სტიქიის შემოტევა შესაძლოა განმეორდეს, - ამის შესახებ ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "მწვანე ალტერნატივა" არაერთხელ აღნიშნავდა, რომ დარიალ-ჰესისა და ლარსი-ჰესის მშენებლობის ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების გაცემის პროცესში უგულებელყოფილი იქნა არაერთი გარემოსდაცვითი საკითხი. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც ემუქრება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივ და სოციალური გარემოს ამ პროექტების შედეგად, ჰესების დაპროექტებისას არ იქნა ჯეროვნად გათვალისწინებული ის საფრთხეები, რომლებიც მოელოდა ენერგეტიკულ ობიექტებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს უარყოფითი გეოლოგიური პროცესების შედეგად.

"2006 წელს დევდორაკიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანი იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ დევდორაკთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ მხოლოდ ახლა საუბრობენ როგორც ჰესის მშენებელი კომპანიის, ისე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელებიც, თუმცა ამ საკითხს მათ ყურადღება არ მიაქციეს, როდესაც ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდით როგორც ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული განხილვების დროს, ისე ამ ნებართვის გაუქმების მოთხოვნით წარმართულ სასამართლო პროცესებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, ჰესის მშენებლობისთვის შერჩეული მონაკვეთის ჰიდროლოგიური თავისებურებები, განაპიროებებს ისეთი საშიში გეოდინამიკური პროცესების და სტიქიური მოვლენების განვითარების მაღალ რისკებს, როგორიცაა კლდეზვავი, ზვავი, ეროზიები, შვავი, ღვარცოფი, წყალმოვარდნა, მდინარის ნაპირების წარეცხვები და შესაბამისად საავტომობილო გზისა და ხიდების დაზიანება.

"კლიმატის ცვლილების შედეგად მყინვარების დაჩქარებული დნობით გამოწვეული წყლისა და მყარი ნატანის ხარჯის ცვლილების საკითხი ასევე არ იქნა გათვალისწინებული ჰესის პროექტის შემუშავებისას. სამწუხაროდ, შესაძლებელია ისევ განმეორდეს სტიქიის შემოტევა დევდორაკიდან. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ღვარცოფული მდინარე, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ამ პროექტის განხორციელებისათვის. ანალოგიური საშიშროებაა მოსალოდნელი ყუროსგან და ჩხერისგან - სწორედ ამ მდინარეების შერთვის ადგილას არის დაგეგმილი "დარიალჰესის" კაშხლის, სალექარისა და სათავე ნაგებობის აშენება. მდინარე ყურო ზვავების მიერ დაგროვილ მასალას განსაკუთრებით ინტენსიურად ჟღინთავს წყლით, გადააქცევს ღვარ-ცოფად და სელური ნაკადის სახით მიაქანებს მდინარე თერგისაკენ. ყუროს მიერ წარმოქნილი სელური ნაკადი გზად ყველაფერს ანადგურებს, მის მიერ ერთჯერად ჩამოტანილი მასალა ასეულობით კუბურ მეტრს შეადგენს, რომელსაც არაერთხელ გადაუკეტავს თერგი. ყუროდან სელური ნაკადების გამოსვლა წელიწადში რამდენჯერმე ხდება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"მწვანე ალტერნატივას" წევრების განცხადებით, პროექტის დამტკიცებული სახით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი: თერგის მიერ თავისი მრავალრიცხოვანი შენაკადებიდან წამოღებული ნატანი დაგროვდება ყუროს და ჩხერეს შესართავებთან, რაც გამოიწვევს თერგის კალაპოტის აწევას. ღვარცოფული მდინარე ყურო თავის ჩამოტანილ მასალას ვეღარ გაატანს თერგს, იგი დაგროვდება, გამოავსებს ისედაც ვიწრო ყუროს ხეობას, რის შედეგადაც დაბა სტეფანწმინდა, რომელიც მდინარე ყუროსა და მის სამხრეთით მდებარე ორი ხევის მიერ შექმნილ გამოზიდვის კონუსზე მდებარეობს, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. თერგის მარჯვენა შენაკადის ყუროს მსგავსად, იგივე პროცესები იქნება მდინარე ჩხერის მიმართებაშიც, რომელიც იმავე ადგილას, მარცხნიდან უერთდება თერგს.

ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში დევდორაკის ხეობიდან მეწყერი 2014 წლის 17 მაისს ჩამოწვა. სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. არიან დაშავებულებიც. შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია