ლალი მოროშკინა თანამდებობიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს

ლალი მოროშკინა თანამდებობიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს

ლალი მოროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოროშკინამ განუცხადა, ხელშეკრულებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა.

"მათ უფლება არ ჰქონდათ ჩემი გათავისუფლების. მე ვარ ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომელი და ხელშეკრულება არეგულირებს, რომ მე ორი კვირით ადრე უნდა მაცნობონ და არა პირდაპირი ეთერით ვიგებდე ასეთ გადაწყვეტილებას. ეტყობა ძალიან გამწარდნენ ჩემს განცხადებებზე და ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს უფრო მოუსწრაფებთ მათ პრობლემების ვერ გადაწყვეტას და, შესაბამისად, ჩვენ უკვე შევხვდებით ერთმანეთს სასამართლოში", - აღნიშნა მოროშკინამ.

ამასთან, მოროშკინა უარყოფს, რომ მან პრემიის სახით 30 000 ლარი აიღო და ასევე პრემიის სახით ყოველთვიურად 10 000 ლარი მოითხოვა. "დამიმტკიცონ ეს ყველაფერი სასამართლოში. საია-სთან ერთად დავიწყებ პროცესს. დადონ ყველა ფურცელი, დადონ ყველა მხილება. ამ ბრალდებების გამო სასამართლოში აგებენ პასუხს. მათ აქვთ 40-40 ათას ლარიანი პრემია აღებული. მე უკვე მოვითხოვ, რომ ჩემი ხელფასი იყოს ამოღებული 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან და გასაჯაროვდეს", - აღნიშნა მოროშკინამ. მისი შეფასებით, ის იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ამხილა იმაში, რომ "გადატრიალებას აპირებდნენ".

ამასთან, ლალი მოროშკინა გამოეხმაურა დეპუტატ თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ მოროშკინა მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე რაიმე ინფორმაციას ფლობდა, ძალიან დააგვიანა. მისი თქმით, მან მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს თავის დროზე გადასცა.

"მინდა თინა ხიდაშელს ვუპასუხო. თინა ხიდაშელმა ალბათ არ იცოდა, რომ მე განცხადება კი არ მქონდა მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული, არამედ ეს იყო პუბლიკაცია "ასავალ-დასავალში", სადაც მე რეზიუმირებას ვუკეთებდი ხუთთვიან მუშაობას დეპარტამენტის თავმჯდომარის და ამ პუბლიკაციაში ერთ-ერთ პუნქტად იყო მითითებული, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო ვანო მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით. განცხადება მე არ გამიკეთებია. დეკემბერში და წინა თვეებში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მიტანილი მქონდა შესაბამის სამსახურებში", - აღნიშნა მოროშკინამ.

ლალი მოროშკინა თანამდებობიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ავთანდილ ჟღენტმა განუცხადა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ ლალი მოროშკინას მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს და განვაცხადოთ, რომ აღნიშნული განცხადებები მიმართულია სტრუქტურის ღია დისკრედიტაციისკენ და სრულიად ემთხვევა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს. გვსურს განვმარტოთ, რომ ლალი მოროშკინას მიერ გაკეთებულ დესტრუქციულ განცხადებებს წინ უძღოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მისი შეხვედრა, სადაც მან ყოველთვიურად 10 000 ლარის ოდენობით პრემია და ახალი ავტომანქანა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. მხოლოდ ამის შემდეგ მან დაიწყო სხვადასხვა აბსურდული და ცრუ განცხადებების გაკეთება. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ლალი მოროშკინა დეპარტამენტში 2013 წლის პირველი იანვრიდან ირიცხება მონიტორინგის სამსახურის შტატგარეშე თანამშრომლად. ქალბატონი ლალი მოროშკინა მაშინაც ცრუობს, როდესაც საუბრობს თითქოსდა აღნიშნულ სამსახურში არ აუღია პრემია. მას თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემიიის სახით 30 000 ლარი აქვს აღებული. ლალი მოროშკინას შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს ეწურება. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ლალი მოროშკინა თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა", - განაცხადა ავთანდილ ჟღენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე:

- ლალი მოროშკინა თანამდებობიდან გათავისუფლდა

- ავთანდილ ჟღენტი - ლალი მოროშკინა ყოველთვიურად 10 000 ლარს ითხოვდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ