ძალიან კარგ საქმეს აკეთებს დღეს "მაესტრო" და მხოლოდ მივესალმები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა თეა სიჭინავას "პოლიტიკის დროში", მთავრობისა და "ქართული ოცნების" მიერ ვახო სანაიას "რეპორტაჟის" კრიტიკის შეფასებისას განაცხადა.
"მე ვარ "მაესტროს" გულშემატკივარი. ეს არის ტელევიზია, რომელსაც ყველაზე მეტად ვგულშემატკივრობ საქართველოში, ისეთი უბედურებიდან იშვა. მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ის მომენტი, როცა ყველა სიტყვა, რომელსაც ეთერში ჟურნალისტი იტყვის, ბედნიერების მომტანი იქნება ჩვენთვის. ეს იქნება კატასტროფა, ამიტომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს დღეს "მაესტრო" და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, რასაც აკეთებს. ძალიან კარგია, როცა ცივ შხაპს გადაგასხამენ. მთავარი ის კი არ არის, კონკრეტულ თემაზე აბსოლუტური სიზუსტით თქვა რაღაცა თუ ცოტა რამე შეეშალა, მთავარი ისაა, რომ მე ახლა სოფლებში რომ დავდივარ, იქ გლეხებმა ზუსტად იციან, მიცემული აქვთ ძალიან კარგი შეფასება სოფლის მეურნეობის პროგრამისათვის, იმის მიუხედავად, რას იტყვის "მაესტრო", მაგრამ "მაესტროს" საქმე არ არის, "იმედის" საქმე არ არის, რომ გამაბედნიეროს თავისი ეთერიდან, მომეფეროს, მითხრას როგორი ლამაზი ვარ, რომ ჩემზე ფანტასტიური მეორე არ არის - ეს არ არის ტელევიზიის ფუნქცია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.