ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მოიმატა სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილმა დანაშაულთა რაოდენობამ. კომენტარი იმის შესახებ, თუ სავარაუდოდ, რამ გამოიწვია ასეთი ტიპის დანაშაულის ზრდა, ფსიქოლოგებს ვთხოვეთ.
ნანა მამულაშვილი(ფსიქოლოგი): თუ ასეთი ტიპის დანაშაულის გახშირებაზე ვისაუბრებთ, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ სექსის თემა გახდა ძალიან გახსნილი და ხელმისაწვდომი. შესაძლებელი გახდა სექსზე თავისუფლად საუბარი. ეს ე.წ. "ამერიკული რევოლუციის" ერთგვარი გამოძახილია და იქიდან შემოჭრილი აგრესიული ტალღაა, რომელიც გარკვეულწილად მოქმედებს. ჩვენ საკუთარ ეთნოკულტურულ ფასეულობებს (რომლითაც მთელი მსოფლიო ამაყობს და ამერიკაც ახლა ცდილობს, რომ ძველი ფასეულობები დაიბრუნოს, ხოლო რაც აქვს - შეინარჩუნოს), რატომღაც გვინდა, რომ გადავახტეთ და ჩვენთვის აბსოლუტურად უცხო სხეული მივიღოთ, რაც არანაირად არაა გამართლებული და უკუშედეგი მოაქვს.
- როგორ ყალიბდება ადამიანში სექსუალური მოძალადე....
- აქ უამრავი ფაქტორია - ხასიათობრივი სტრუქტურა, ტრამვები, სოციალური გარემო, ფსიქოპათიური ხაზები და სხვ. კონკრეტული რეცეპტი, თუ რატომ ჩამოყალიბდა ადამიანში მოძალადე, არ არსებობს.
- რამდენად შესაძლებელია, რომ სექსუალური მოძალადე განიკურნოს?
- რა თქმა უნდა, განიკურნება, თუ შევხედავთ ამას, როგორც მოსაზღვრე მდგომარეობას ჯანმრთელობასა და დაავადებას შორის. ამისთვის საჭიროა კარგი ფსიქიატრის კონსულტაცია, კარგი ფსიქოთერაპია და რეაბილიტაცია და შედეგი აუცილებლად იქნება დამაკმაყოფილებელი.
- ზოგჯერ ადამიანი ატყობს, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემა, თუმცა იმის შიშით, რომ "სხვა რას იტყვის", არ მიდის ფსიქიატრთან...
- ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი სტიგმა. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა და ზოგადად სამყარო სავსეა სტიგმებით და სანამ ამის დაძლევა არ მოხდება, რთულია პრობლემის მოგვარებაზე საუბარი. ხალხმა უნდა გაიგოს, რა არის ფსიქიატრია, ამაში პრესამ, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახელმწიფომ, ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, რათა ყალბი სტიგმები მოიხსნას და როცა ადამიანს აწუხებს პრობლემა თამამად მივიდეს ფსიქიატრთან. ფსიქიატრთან ვიზიტი არ ნიშნავას რომ ადამიანი გიჟია და ეს სტიგმა საზოგადოებამ უნდა დაარღვიოს.
გვანცა იაძე (ფსიქოლოგი):
- სექსუალური ძალადობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სქესობრივი კონტაქტის დამყარებით, არამედ მოიცავს ქმედებათა ფართო სპექტრს, როგორიცაა: ეროტიული ელფერის ალერსი, შეხება, საკუთარი სასქესო ორგანოების დემონსტრირება, პორნოგრაფიული სურათების გადაღება, სექსუალური შინაარსის კადრების ან პორნოგრაფიული ჟურნალების ნახვის ხელშეწყობა და სხვ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სექსუალურ ძალადობაზე აქ უკვე სხვა ასპექტებიც უნდა გავითვალისწინოთ. სექსუალური მოძალადე, როგორც წესი ძალადობრივ ოჯახში ყალიბდება. მას გარკვეული კომპლექსების გამო საპირისპისო სქესთან სრულფასოვანი ურთიერთობის საშუალება არ აქვს და ამიტომ ფანტაზიებს მიმართავს, რომელსაც მხოლოდ ძალადობით ისრულებს. სხათაშორის, არცთუ იშვიათია ასეთი ძალადობა ოჯახშიც, მაგრამ ეს ცოლ-ქმრულ ურთიერთობას არ სცილდება. ცოლ-ქმრული ურთიერთობის დროს კარგი იქნება თუ წყვილები ერთმანეთის ფანტაზიებს გაითვალისწინებენ. ასეთ შემთხვევაში ფანტაზიების ლოკალიზება მოხდება და ის ვინც ასე ვთქვათ, სექსუალურად დაუკმაყოფილებელია, ამ ყველაფერს დაიკმაყოფილებს.
- და თუ ადამიანს არ ჰყავს მეორე ნახევარი?
- მაშინ მუდმივი პარტნიორი ერთადერთი გამოსავალია, თუმცა ამ დროსაც ფანტაზიებს აუცილებლად გასაქანი უნდა მივცეთ, თორემ გარკვეული პერიოდის მერე აუცილებლად ფანტაზიების გაუკუღმართებულ შედეგს მივიღებთ.
ლადო გოგოლაძე