ლალი მოროშკინა შვეიცარიისთვის თავშესაფრის მოთხოვნით იმუქრება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მან ბოლო პირობა Ambebi.ge-ს მეშვეობით წაუყენა.
მოროშკინა ამბობს, რომ თუ კი მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და სად-იდან "ზონდერებს" არ გაუშვებენ, სამხილებს დეპარტამენტის ირგვლივ ევროკავშირის ელჩს შეატყობინებს, რის შემდეგაც მოითხოვს ოჯახთან ერთად შვეიცარიაში თავშესაფარს.
"დღეიდან ვთიშავ მობილურს, ვწყვეტ სოციალური ქსელით სარგებლობას, აღარ ვაკეთებ აღარანაირ განცხადებას. ვითხოვ სად-ს მოაშორონ ზონდერები, მოხდეს დარღვევებზე რეაგირება, რასაც სახალხო დამცველიც ითხოვს. სამხილები ბევრია და თუ ასე არ მოხდა, ევროკავშირის წარმომადგენლობა ბევრ რამეს გაიგებს. არის საკითხები, რაზეც საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, თუმცა დეტალურად მივაწვდი ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლებს. თუ ჩემი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ოჯახთან ერთად მოვითხოვ თავშესაფარს შვეიცარიაში", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.
ლალი მოროშკინა თანამდებობიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი სოციალური მუშაკი ავთანდილ ჟღენტი:
"გვსურს გამოვეხმაუროთ ლალი მოროშკინას მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს და განვაცხადოთ, რომ აღნიშნული განცხადებები მიმართულია სტრუქტურის ღია დისკრედიტაციისკენ და სრულიად ემთხვევა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს. გვსურს განვმარტოთ, რომ ლალი მოროშკინას მიერ გაკეთებულ დესტრუქციულ განცხადებებს წინ უძღოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მისი შეხვედრა, სადაც მან ყოველთვიურად 10 000 ლარის ოდენობით პრემია და ახალი ავტომანქანა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. მხოლოდ ამის შემდეგ მან დაიწყო სხვადასხვა აბსურდული და ცრუ განცხადებების გაკეთება. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, ლალი მოროშკინა დეპარტამენტში 2013 წლის პირველი იანვრიდან ირიცხება მონიტორინგის სამსახურის შტატგარეშე თანამშრომლად. ქალბატონი ლალი მოროშკინა მაშინაც ცრუობს, როდესაც საუბრობს თითქოსდა აღნიშნულ სამსახურში არ აუღია პრემია. მას თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემიიის სახით 30 000 ლარი აქვს აღებული. ლალი მოროშკინას შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს ეწურება. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ლალი მოროშკინა თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა".
ლალი მოროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მის გათავისუფლებას სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი განცხადებით, ხელშეკრულებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა.
ლალი მოროშკინა: მათ უფლება არ ჰქონდათ ჩემი გათავისუფლების. მე ვარ ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომელი და ხელშეკრულება არეგულირებს, რომ მე ორი კვირით ადრე უნდა მაცნობონ და არა პირდაპირი ეთერით ვიგებდე ასეთ გადაწყვეტილებას. ეტყობა ძალიან გამწარდნენ ჩემს განცხადებებზე და ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს უფრო მოუსწრაფებთ მათ პრობლემების ვერ გადაწყვეტას და, შესაბამისად, ჩვენ უკვე შევხვდებით ერთმანეთს სასამართლოში", - აღნიშნა მოროშკინამ.
ამასთან, მოროშკინა უარყოფს, რომ მან პრემიის სახით 30 000 ლარი აიღო და ასევე პრემიის სახით ყოველთვიურად 10 000 ლარი მოითხოვა. "დამიმტკიცონ ეს ყველაფერი სასამართლოში. საია-სთან ერთად დავიწყებ პროცესს. დადონ ყველა ფურცელი, დადონ ყველა მხილება. ამ ბრალდებების გამო სასამართლოში აგებენ პასუხს. მათ აქვთ 40-40 ათას ლარიანი პრემია აღებული. მე უკვე მოვითხოვ, რომ ჩემი ხელფასი იყოს ამოღებული 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან და გასაჯაროვდეს".
რამდენიმე დღის წინ, ლალი მოროშკინამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსისა და სხვადასხვა თანამშრომლების მაღალი პრემიების შესახებ ნუსხა გამოაქვეყნა. მან სად-ის წარმომადგენლები ყოფილი ხელისუფლების პირობებში "ზონდერობაში" დაადანაშაულა და სად-ის თავმჯდომარეს, დიმიტრი დარბაისელს ციხეში ბუნტის მოწყობის მცდელობა დააბრალა, რომლის უკან, მოროშკინას მტკიცებით, "ნაციონალები" დგანან.
ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge
ასევე დაგაინტერესებთ: