მარიკა ლორთქიფანიძე - არ შეიძლება ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს

 მარიკა ლორთქიფანიძე - არ შეიძლება ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს

ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის აზრით, არ შეიძლება ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მარიკა ლორთქიფანიძემ განუცხადა, თამარ მეფის თანამედროვე ისტორიკოსები წერენ, რომ თამარი გელათშია დაკრძალული და მას ამაში თავადაც ეჭვი არ ეპარება.

"ალანიის დედაქალაქის ძვირფასეულობაზე ვერაფერ გეტყვით, მაგრამ არ შეიძლება ინგუშეთში თამარ მეფის საფლავი იყოს. რა უნდა ინგუშეთში თამარ მეფის საფლავს?! მართალია ჩრდილოეთ კავკასია მაშინ საქართველოს პოლიტიკურ გავლენაში იმყოფებოდა, მაგრამ რატომ უნდა დაესვენებინათ ინგუშეთში?! რაც მთავარია სამმა ისტორიკოსმა, რომელთაგან ორი თამარ მეფის თანამედროვეა, ხოლო ერთი თამარის შვილის, ლაშა-გიორგის, დაწერა ერთი და იგივე, რომ თამარი დაკრძალულია გელათში. ეჭვი არ მეპარება, რომ თამარ მეფე გელათშია დაკრძალული", - განაცხადა მარიკა ლორთქიფანიძემ.

ინგუშეთში ავტოსაგზაო ბრიგადის მუშებმა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, უძველესი გამოქვაბული აღმოაჩინეს, რომელშიც, სავარაუდოდ, ალანიის დედაქალაქის ძვირფასეულობაა დამალული ან თამარ მეფის სავარაუდო საფლავია. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" კრუპნოვის სახელობის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილემ უმალატ გადიევმა განუცხადა.

"წინასწარი ინფორმაციით, რომელიც გაგვაჩნია, გზის მშენებლობისას, იქ, სადაც საერთაშოროსიო ტურნირი "მთებში შერკინება" უნდა გამართულიყო, მეწყერი ჩამოწვა. გაწმენდითი სამუშაოებისას გამოჩნდა გამოქვაბული. მსგავსი გამოქვაბულები ინგუშეთში ადრეც არაერთხელ აღმოუჩენიათ. ისინი IX-XI საუკუნეებით თარიღდება", – აღნიშნა გადიევმა.

მისი თქმით, შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ აღმოჩენილი გამოქვაბული თამარ მეფის საფლავი იყოს. ასევე, არ არის გამორიცხული, ასეთივე გამოქვაბულში იყოს დამალული ალანიის დედაქალაქის, მაგასას ძვირფასეულობა. გადიევის განცხადებით, ამის შესახებ დადასტურებულად რაიმეს თქმა შეუძლებელია, სერიოზული მუშაობა კი ჯერ არ დაწყებულა.

ამასთან, ადგილი უკვე მოინახულა ინგუშეთის პირველმა პირმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა, რომელმაც გასცა განკარგულება ადგილის დაცვის შესახებ, რათა არ მოხდეს გამოქვაბულში უცხო პირების შეღწევა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია