ჩენსტოხოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი
გადმოცემის თანახმად, "ჩენსტოხოვისად" წოდებული ღვთისმშობლის ხატი ლუკა მახარებელს იერუსალიმში დაუწერია. 326 წელს, როდესაც ელენე დედოფალი წმინდა მთაზე, მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრისა და სამსჭვალების მოსაძიებლად იყო ჩასული, უკან მობრუნებისას, მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ეს ხატიც წაუბრძანებია და სიწმინდე ერთხანს, კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა, შემდეგ კი ქალაქ ლვოვის დამაარსებელს, ლვოვ ლემბერგს რუსეთში ჩაუბრძანებია. ლვოვმა ხატი თავის მამულში გააცილა და სამღვდელოების წინამძღოლობით, ბელზის ციხეში დააბრძანა. ღვთისმშობლის ხატი სასწაულებით განდიდდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ, თათრებმა რუსეთის საზღვრები გადალახეს და ბელზის ციხეს ალყა შემოარტყეს. იმ დროს ხატი პოლონეთის მმართველის - ვლადისლავის კუთვნილება გახლდათ. ვლადისლავმა ბრძანა, რომ სიწმინდე ეკლესიიდან გამოებრძანებინათ და ქალაქის გალავანზე დაედგათ. თათრებმა ხატსაც მოახვედრეს ისარი. მოხდა სასწაული - ჭრილობიდან სისხლი გადმოვიდა, რაც დღემდე ემჩნევა ხატს. როდესაც სიწმინდეს ისარი მოხვდა, მოულოდნელად, ნისლი ჩამოწვა. უსჯულოები იძულებულნი გახდნენ, ბრძოლა შეეწყვიტათ და უკან გაბრუნებულიყვნენ. საღამოს, ვლადისლავს სიზმრისეულ ხილვაში ჩაესმა ხმა, რომელმაც უბრძანა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩენსტოხოვოში, იასნაია გორაზე გადაეტანა. ვლადისლავმა ჩენსოტოხოვოში მონასტერი დააარსა, ღვთისმშობლის ხატი იქ გადააბრძანა და მისი დაცვა პავლინთა ორდენის კათოლიკე ბერებს დაავალა.
მცირე ხნის შემდეგ სავანეს ჰუსიტები დაესხნენ თავს. მათ მონასტრის განძეულობა წაიღეს და ჩენსტოხოვოს ღვთისმშობლის ხატის გატაცებად მოინდომეს - სიწმინდე ტაძრიდან გაიტანეს და საზიდარზეც დადეს, მაგრამ ცხენები ვერასგზით დაძრეს ადგილიდან. ამან ჰუსიტები განარისხა. ერთ-ერთმა ხატი აიღო და მიწას დაანარცხა, ხოლო მეორემ სახეში ხმალი ჩაასო, ორივეს მაშინვე ღვთის რისხვა დაატყდა თავს: ვინც სიწმინდე მიწას დაანარცხა, ნაწილ-ნაწილ დაიფლითა, მეორეს ხელი შეახმა, თავდამსხმელთა ნაწილი დაბრმავდა, ზოგსაც - მოულოდნელი სიკვდილი ეწვია.
მორწმუნეებმა ხატი კვლავ ტაძარში დააბრუნეს.
ჟიროვიცის ღვთისმშობლის ხატი
ჟიროვიცისად წოდებული ღვთისმშობლის ხატის გამოცხადება 1191 წელს მოხდა. ლიტვის სამთავროში, ჟიროვიცის მხარეში, მწყემსები პირუტყვს მინდორში აძოვებდნენ, როცა უჩვეულოდ მოკაშკაშე ნათელი შენიშნეს. მწყემსები იმ მიმართულებით წავიდნენ, საიდანაც ნათელი მოდიოდა და ხეზე ღვთისმშობლის ნათლით მოსილი ხატი იხილეს. მწყემსები ერთხანს, სიწმინდესთან მიახლოებას ვერ ბედავდნენ, მაგრამ როდესაც ნათება მინავლდა, მათ მუხლი მოიყარეს ხატის წინაშე, თაყვანი სცეს, ხიდან ჩამოაბრძანეს და თავიანთ ბატონს, ლიტველ ხაზინის მცველს, ალექსანდრე სოლტანუს მიუტანეს. მან ხატი ყუთში ჩაკეტა და გადაწყვიტა, მის შესახებ ნაცნობებისთვის ეუწყებინა. ამ მიზნით, ყველანი სახლში მიიპატიჟა - როდესაც ყუთის გამოსატანად წავიდა, ის ადგილზე აღარ დახვდა. ამ ამბავმა ალექსანდრე ძალზე გააოცა.
რამდენიმე ხნის შემდეგ, იმავე მწყემსებმა ხატი კვლავ ხეზე იპოვეს. მათ სიწმინდე კვლავ ბატონს მიართვეს. ალექსნადრემ თავი ღირსად არ ცნო, რომ ხატი შინ დაეტოვებინა და გადაწყვიტა, ხატის გამოჩინების ადგილას ყოვლადწმინდა ღვთისმშობის სახელზე ტაძარი აეგო და სიწმინდეც იქ დაებრძანებინა. ტაძარი ხისგან ააგეს. რამდენიმე წლის შემდგე, ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ხალხი ცდილობდა, ხატი ეხსნა, მაგრამ ამაოდ - ცეცხლის ძლიერ ალში შესვლა ვერავინ მოახერხა. ტაძარი ფერფლად იქცა და ხალხმა მიიჩნია, რომ ღვთისმშობლის ხატიც დაიწვა.
ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, იმ მთაზე, რომლის ძირშიც ეკლესია დაიწვა, ბავშვები თამაშობდნენ. მათ საკმაოდ მოშორებით, ქვაზე მჯდომი ქალწული იხილეს, რომელსაც საოცარი ნათელი ადგა. ბავშვებმა მასთან მიახლოება ვერ გაბედეს და შეშინებულები სახლებში გაიქცნენ, ხილვის შესახებ მშობლებს აუწყეს. წმინდა ქალწულის გამოცხადების ამბავი ღვთისმსახურებმაც შეიტყვეს და ყველანი ერთად წავიდნენ მთაზე. როდესაც ბავშვების მიერ მინიშნებულ ადგილს მიუახლოვდნენ, ქვაზე ანთებული სანთელი დაინახეს, ახლოს მისულებმა კი ჟიროვიცის ღვთისმშობლის ხატი იხილეს, სრულიად უვნებელი და დაუზიანებელი. ხატის სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ მთელი იმ მხარის მოსახლეობამ შეიტყო და მთაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. სიწმინდე დიდი პატივით წააბრძანეს ქალაქში და ერთ-ერთი მოძღვრის სახლში დაუდეს ბინა. მალე, ღვთისმშობლის სახელზე ტაძარი ააგეს და სასწაულთმოქმედი ხატიც იქ დააბრძანეს.
შორენა მერკვილაძე
ჟურნალი "გზა"
#18 30.04.2009