თეა წულუკიანი - ყველა დავიღალეთ იმის შემყურე, თუ ვინ მოაწერს ხელს

თეა წულუკიანი - ყველა დავიღალეთ იმის შემყურე, თუ ვინ მოაწერს ხელს

ყველა დავიღალეთ იმის შემყურე, თუ ვინ მოაწერს ხელს, - ამის შესახებ "მაესტროს ცხრიანში" საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ თემით დაიღალა პრეზიდენტი, დაიღალა პრემიერი, დაიღალა თითოეული მოქალაქე და დაიღალა თვითონ.

"დაიღალა პრეზიდენტი, დაიღალა პრემიერი, დაიღალა თითოეული მოქალაქე, დავიღალე მეც. ჩემთვის, მთელი მთავრობისთვის, პრეზიდენტისთვის არ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ეს დებატი შედგა ამ თემაზე, რაც დასანანია. დღეს მთავრობამ დასვა წერტილი. თქვა, რომ პრემიერი მოაწერს ხელს. მე ძალიან გამიხარდა პრეზიდენტის განცხადება, როგორც ქვეყნის გამაერთიანებლის, იმ ადამიანის, რომელმაც ზემოდან მასშტაბურად უნდა უყუროს მოვლენებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავარია ქვეყანამ მოაწეროს ხელი, ამას იზიარებს პრემიერი და მიხარია, რომ მოქალაქეებიც ასე თვლიან", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტსაც შეუძლია მოაწეროს ხელი და პრემიერსაც. "დიპლომიანი, უდიპლომო, ვერავინ ვერ ამბობს იმას, რომ პრემიერს არ აქვს უფლება ხელი მოაწეროს ან პრეზიდენტს არ აქვს უფლება ხელმოწერის. ყველა ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტსაც შეუძლია ხელი მოაწეროს, რაღაც შემთხვევებში მთავრობის თანხმობა სჭირდება და თუ მოაწერს რაღაც შემთხვევებში, კონტრასიგნაციაც საჭიროა. პრემიერსაც შეუძლია მოაწეროს. ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა ნორმების საფუძველზე. რაც დასკვნები კეთდება, ეს არის პოლიტიკური საკითხი. არავის აქვს არავიზე დომინირების სურვილი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობა ცდილობს გააუმჯობესოს ის კონსტიტუცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილზე იყო მორგებული. "რაღაც ჯგუფი ადამიანების, ავთანდილ დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით, ჩაიკეტნენ ერთ ოთახში და დაწერეს ეს კონსტიტუცია. მახსოვს, რომ მე, ირაკლი ალასანიას და ლევან იზორიას შეგვხვდნენ ერთხელ, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ უთხრა, ოპოზიციაც არსებობს ამ ქვეყანაშიო. ახლა სულ სხვა რეალობაა, ყველას აქეთ ვეძახით. ეს კონსტიტუცია დაიწერა აბსოლუტურად ჩაკეტილ პირობებში და მმართველი გუნდი კარნახობდა მათ, რა როგორ ყოფილიყო. მახსოვს, მიშა იყო ასეთი კაცი, რომელმაც მოირგო კონსტიტუცია და ეგონა ერთი სავარძლიდან გადაჯდებოდა მეორეში. როდესაც გვეღირსა, რომ შევხვედროდი მათ და გვეთქვა, რომ ეს კონსტიტუცია არ შეიძლებოდა მოერგოთ სააკაშვილისთვის, გვითხრა, რომ ნერვიულობთ, მოიგეთ არჩევნები და მერე შეცვალეთ კონსტიტუციაო და თუ მაგრები ხართ მოიგეთ არჩევნებიო. დიახ, ჩვენ მაგრები ვართ. ბიძინა ივანიშვილმა შეძლო გაეერთიანებინა ჭრელი სპექტრი ოპოზიციის და შეძლო დაემარცხებინა ეს ბოროტი ძალა, რომელსაც ჩვენ 9 წელი ვებრძოდით. გვინდა გავაუმჯობესოთ ახლა", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა