გიგი უგულავა და "ორი კვირით" დაბრუნების შანსი

 გიგი უგულავა და "ორი კვირით" დაბრუნების შანსი

თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერი გიგი უგულავა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობის აღდგენის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავს. უგულავას განცხადებით, სამსახურში ორი კვირით აღდგენა თვითმიზანი არ არის, მაგრამ საუბარია, პრინციპზე.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატ გიორგი გოცირიძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს და ყოფილ მერს სრული უფლება აქვს, ადრე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა და თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვოს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა გიგი უგულავას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს. გამოძიების მონაცემებით, ბიუჯეტის კუთვნილ 48 მლნ ლარს ედავება.

უწყებაში აცხადებენ, რომ უგულავამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თბილისის განვითარების ფონდისთვის, დედაქალაქის რეაბილიტაცია-განვითარებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრები გაფლანგა. სწორედ ამის გამო პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 23 დეკემბერს უფლებამოსილება შეუჩერა.

საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას. უფრო კონკრეტულად კი, ამ მუხლში საუბარია თანამდებობაზე არჩეული პირის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაყენებასა და ამ პროცედურის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვაზე.

სასამართლო განაჩენის გამოცხადებას უგულავა თავად ესწრებოდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ საქმის მსვლელობას გააგრძელებს და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე თანამდებობაზე აღდგენასაც მოითხოვს.

"ორი კვირით სამსახურში აღდგენა ჩემთვის თვითმიზანი არ არის. აქ არის პრინციპზე საუბარი. ის, რაც არ გეკუთვნის, ის, რაც უკანონოა, უზნეოა - მთავრობამ არ უნდა ჩაიდინოს, ანდა ქვეყანაში უნდა არსებობდეს ის ინსტიტუტები, განსაკუთრებით სასამართლო, რომელიც ამ უზნეობის ჩადენას სასამართლოს არ შეარჩენს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ ყველა მერი და გამგებელი იქნება მთავრობისგან დაცული.

"საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საქართველოში თვითმმართველობის განვითარებისთვის. 15 ივნისიდან საქართველო ირჩევს ახალ მერებს და გამგებლებს.

"ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ წერტილი დაუსვა იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც გამოიყენა ამ მთავრობამ, პროკურატურამ. დღეიდან მერების და გამგებლების არჩევას ექნება აზრი. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ახალი თვითმმართველობის კოდექსი მიიღო, შავი ხვრელი იყო დატოვებული და ნებისმიერ დროს, თუ მთავრობას არ მოეწონებოდა ხალხის არჩეული მერი, შეეძლო, ასეთივე პარტიზანული მეთოდებით გადაეყენებინა და დროებით თანამდებობიდან მაინც ჩამოეცილებინა", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს. მისი თქმით, პირდაპირი წესით არჩეული პირის გადაყენება არასწორი ქმედება იყო, რომელიც მომავალში სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს წარმოშობდა.

"ზეპირი განხილვის გარეშე პირდაპირი წესით არჩეული მერის გადაყენება არასწორი ქმედება იყო და სერიოზულ პრობლემებს წარმოშობდა სამართლებრივი კუთხით. თანაც, მოგეხსენებათ, ეს მოხდა ღამის საათებში, ისე, რომ მას ამის შესახებ არც შეატყობინეს.

"საკონსტიტუციო სასამართლო არ ამბობს, რომ არ შეიძლება დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ აწარმოო საპროცესო ტიპის განსაზღვრული ღონისძიებები, მაგრამ პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს დაცვის საშუალება. სპეციალური გარანტიები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ადამიანმა დაიცვას თავი იმ ბრალდებებისგან, რომელსაც მას უყენებენ კონკრეტულ შემთხვევაში", - უთხრა "რეზონანსს" გოცირიძემ.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას გამართლება ახალ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს და ყოფილ მერს შეუძლია სასამართლოს თანამდებობაზე აღდგენა მოსთხოვოს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იწვევს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას. ანუ, იგი აღდგენილად არ ითვლება. უბრალოდ, გიგი უგულავას ადვოკატს უფლება აქვს, მიღებული გადაწყვეტილებით მიმართოს თბილისის საქალქო სასამართლოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიჩნიოს ახლად გამოვლენილ გარემოებად და მოსთხოვოს ადრე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მე-20 მუხლში წერია, რომ ნორმის არასკონსტიტუციურად ცნობა არ იწვევს ადრე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას", - გვითხრა გოცირიძემ.

საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კველევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ეთანხმება და ამბობს, რომ ფარული განხილვით არ უნდა ხდებოდეს პირის გადაყენება. თუმცა, ამავდროულად, მისი თქმით, უნდა არსებობდეს აუცილებელი მექანიზმი, რომ საჭიროების შემთხვევაში თუნდაც არჩეული პირის გათავისუფლება მოხდეს.

"სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად. პირველი - სასამართლო ითხოვს, რომ პირის გადაყენება მოხდეს გარკვეული ვადით, მანამ სანამ გამოძიება დასრულდება, რაშიც ვეთანხმები. ეს დრო პროკურატურასაც უნდა შეეხოს, რომ დროულად მოხდეს საქმის გამოძიება, თუმცა ამავე დროს პროკურატურას უნდა დარჩეს მექანიზმი, რომ საჭროების შემთხვევაში არგუმენტებით გაამყაროს თავის მოთხოვნა და სასამართლოს ვადის გაგრძელება მოსთხოვოს.

"რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის ის, რომ უფლებების შეზღუდვის საკითხის განხილვა არ უნდა ხდებოდეს პირის მონაწილეობის გარეშე. თუმცა, "ნაციონალურ მოძრაობას" ეს საკითხი გაახსენდა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირადად შეეხო. არადა, ეს რეგულაცია მთელი 9 წლის განმავლობაში ლახავდა ადამიანების უფლებებს.

"ამასთან, მიმაჩნია, რომ პროკურატურას უნდა დარჩეს მექანიზმი და დასაბუთების შემთხვევაში ნებისმიერი ჩინოვნიკისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვოს, მათ შორის პირდაპირი წესით არჩეული პირისა", - გვითხრა კახიშვილმა.

გაზეთი  "რეზონანსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა