ირაკლი ღარიბაშვილმა 26 მაისი წვევამდელებს და შეიარაღებულ ძალებს მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილმა 26 მაისი წვევამდელებს და შეიარაღებულ ძალებს მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 26 მაისი წვევამდელებს, შეიარაღებულ ძალებს და ოფიცრებს მიულოცა. თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე ტრიბუნა პრეზიდენტის და უმაღლესი მთავარსარდლის გიორგი მარგველაშვილის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა.

"ყველას გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს არის დღე, რომელმაც 96 წლის წინ თავისუფლება მოუტანა ჩვენს სამშობლოს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენს წვევამდელებს! დღეს თქვენ საზეიმოდ დებთ ფიცს ქვეყნისა და ხალხის წინაშე! დღეს თქვენ სამშობლოს ჯარისკაცები ხდებით, დღეიდან თქვენ სამშობლოს სადარაჯოზე, ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგებით! გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. მჯერა, რომ თქვენ წარმატებით შეასრულებთ ჯარისკაცის რთულ, საპატიო მისიას და პირნათლად მოიხდით ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე. მებრძოლი სული და სამშობლოს სიყვარული - აი, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჯარისკაცს და მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი სწორედ ამ სულისკვეთებით იწყებს სამხედრო სამსახურს. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს და ოფიცერს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული პატივითა და მოწიწებით მინდა გავიხსენო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი გმირები. ქედს ვიხრი მათი უკვდავი სახელების წინაშე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებსაც მიმართა.

"საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ჯარების მხარდამხარ ვიბრძვით მსოფლიოში მშვიდობისათვის. ამიტომ მინდა განსაკუთრებულად მივესალმო და მივულოცო 26 მაისი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, რომლებსაც ახლა ყველაზე საპატიო მისია აკისრიათ - ისინი საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალს იცავენ უცხო მიწაზე. ჩვენი გმირი სამხედროების განსაკუთრებულ თავდადებასა და ბრძოლისუნარიანობას ყველა ერთხმად აღიარებს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ეს ძალიან გვეამაყება!" – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წვევამდელებს უსურვა, "არასოდეს გაგნელებოდეთ ვაჟკაცური შემართება და სამშობლოს სიყვარული".

"მჯერა, თქვენ ღირსეულად ატარებთ საქართველოს ჯარისკაცის საპატიო სახელს და ერთგულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს! რაც მთავარია, - მშვიდობას გისურვებთ! საქართველო ამაყობს თქვენით! თქვენთან ერთად ჩვენს ქვეყანას წინ დიდი მომავალი აქვს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა