რაში ადანაშაულებენ მე-12 კლასელები გამოცდების ეროვნულ ცენტრს?

რაში ადანაშაულებენ მე-12 კლასელები გამოცდების ეროვნულ ცენტრს?

"რაში ადანაშაულებენ მე-12 კლასელები გამოცდების ეროვნულ ცენტრს?", - ამ სათაურით აქვეყნებს "ფეისბუქში" "მე აბიტურიენტი ვარ" სახელწოდებით სარეგისტრირებული გვერდი საპროტესტო წერილს.

"რა ამბები მოჰყვა თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე გამოსაშვებ ე.წ. კატის გამოცდებს, რომელიც კომპიუტერულ ტესტირებას გულისხმობს? რატომ მიიღეს მოსწავლეებმა მასობრივად დაბალი შეფასება? არის თუ არა ეს პროცესი მიმართული პედაგოგების წინააღმდეგ? 21 მაისს, როცა სკოლებში ქართულის გამოცდა მიმდინარეობდა, დაგვიკავშირდნენ ანერვიულებული მოსწავლეები: გამოცდის დროს კომპიუტერული სისტემა ჭედავდა და ტესტები ცენტრიდან დროულად არ მოდიოდა, რის გამოც მოსაფიქრებელი დრო დაგვაკლდაო. გარდა ამისა, როგორც წესი, ტესტურ კითხვას ოთხი პასუხი აქვს, საიდანაც ერთი ჭეშმარიტია, სამი კი მცდარი. ჩვენს შემთხვევაში მეოთხე გრაფა ცარიელი იყო და ამან დაგვაბნიაო და კიდევ ტესტებში აღმოვაჩინეთ არაპროგრამული მასალაო. ამის შემდეგ უკვე კომენტარისთვის დავუკავშირდით ექსპერტს განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილს:

მანანა ნიკოლაიშვილი: 20 მაისს ჩატარდა პრეტესტი ოთხ საგანში: ქართულში, ისტორიაში, მათემატიკაში და უნდა ყოფილიყო უცხო ენაშიც, მაგრამ ისე, რომ არავინ გაუფრთხილებიათ, უცხო ენაში არ ჩატარებულა. ასევე, არავინ გაუფრთხილებიათ იმის შესახებ, რომ კატის ტესტებში თურმე უმაღლესი შეფასება რვა ქულა იყო. კითხვას ვსვამ, რისი მომცემია ამდენი საგნის ერთდროული პრეტესტი? ამით დაადგინეს რამე? რაც შეეხება კატის გამოცდებს: მიმინოშვილი გამოვიდა და ტელევიზიით განაცხადა, გაუმართავობა უამინდობის გამო ხდებოდაო და რა უამინდობა იყო? სისტემა ზოგ შემთხვევაში გაუმართავად მუშაობდა და ხშირი იყო გათიშვები. გარდა ამისა, ტესტი ოთხ სავარაუდო პასუხიანიც იყო სამიანიც. მაგრამ სამპასუხიანში მეოთხე პასუხიც ჩანდა, რაც ბავშვებს აბნევდა. ამ ინფორმაციას ბავშვებიდან ვიგებდით, რომლებიც გამოცდიდან ტირილით გამოდიოდნენ: უმეტესობა უკმაყოფილო იყო შედეგით. ბავშვებსა და მშობლებს უნდოდათ გასაჩივრება, მაგრამ რა უჭირავთ ბავშვებს ხელში? რა უნდა გაასაჩივრონ? ამიტომ, მივმართავ პრემიერ-მინისტრს, შექმნას კომისია, ჩართოს დაინტერესებული პირები, სპეციალისტები და შეისწავლონ საგამოცდო ცენტრის ის ჯგუფი, ვინც ამ ტესტებზე მუშაობდა. რაც შეეხება ეროვნული ცენტრს, რაც არ უნდა ილაპარაკონ და ბავშვებს აბრალონ, რომ შედეგები არის დაბალი, როგორ? ერთეულებმაც კი ვერ მიიღეს მაღალი შეფასებები? რატომ არ დაიწერა მაღალი ქულები? რა, ყველა უცოდინარი იყო? ესაა სიცრუე! ამიტომ უნდა მოხდეს მასალების ამოღება, შერჩევით შემოწმდეს ყველაზე ძლიერი მოსწავლეების ნამუშევარი და საერთოდ შემოწმდეს იმ ტესტების ხარისხი, რომელიც აშკარად ხარვეზიანი იყო! პროგრამაში ის ტესტები არ უნდა ყოფილიყო, რაც ეროვნული გამოცდების პროგრამაშია, რადგანაც ეს სხვადასხვა პროგრამებია და ესეც მაგათ სინდისზე იყოს. გამახსენდა დიმიტრი შაშკინის გამოსვლა, როცა მაია მიმინოშვილს დაეჯახა. ერთ-ერთი საკითხი, რასაც მაშინ შაშკინი აყენებდა, ესაა შეფასების სქემები და კრიტერიუმი. 22 მაისს გამოცდა ისტორიაშიაო? ამ დროს, ბრძანებით, გამოცდა უცხო ენაში იყო და შეეშალა თურმე! ამ დროს ყველა დაბნეული და გაგიჟებული იყო, გამოცდა რა საგანში ტარდებოდა, არავინ იცოდა! სრული შოკი ჰქონდათ ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და სულყველას! მაგათი შედგენილი ტესტები რომ შეფასდეს და ჩატარებული გამოცდები, სტატისტიკა უნდა დაიდოს და უნდა ვნახოთ, ვინ არის მართალი. უამრავი ბავშვია ჩაჭრილი და ამიტომ ეს სასწრაფოდაა გასაკეთებელი. რა გააკეთეს და რა დაამტკიცეს ამით? კახა ჯამბურია არის ჯგუფის ხელმძღვანელი და ვიცნობ ამ კაცს პირადად, პატიოსანი კაცია და რა აერიათ? როგორ შეიძლება, რომ უძლიერესი ბავშვები გამოვიდნენ უმცირესი შეფასებით?", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

გუშინ მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა. გამოცდები ერთდროულად 1500-მდე სკოლაში ჩატარდა. გამოცდების დაწყებამდე მოსწავლეებს სკოლებში სპეციალური ბარათები დაურიგდათ, სადაც მითითებული იყო სრული განრიგი. საგამოცდო ოთახები აღჭურვილი იყო ვიდეოკამერებითა და ხმის ჩამწერი აპარატურით. დამამთავრებელი კლასის 38 000-მდე მოსწავლემ პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარა.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ჩატარდა. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია - ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემის მაქსიმალური დაცულობისთვის ასევე მომზადდა და დაინერგა სპეციალური პროგრამა ე.წ. Gcat browser, რომელიც ტესტირების სრულ დაცულობას უზრუნველყოფს და კომპიუტერის სტანდარტულ შესაძლებლობებს ზღუდავს. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს.

მე-12 კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) ოქტომბერში ჩააბარეს. მოსწავლეებს, რომლებმაც შემოდგომაზე ზღვარი ვერ გადალახეს (ან ვერ გამოცხადდნენ გამოცდაზე), შესაძლებლობა ჰქონდათ ეს გამოცდები დანარჩენ ოთხ საგანთან ერთად ჩაებარებინათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია