შევარდნაძეს - 400, მარგველაშვილს - 6900 - პირველი პირების ხელფასების ზრდის დინამიკა ბოლო ათწლეულის განმავლობაში

შევარდნაძეს - 400, მარგველაშვილს - 6900 - პირველი პირების ხელფასების ზრდის დინამიკა ბოლო ათწლეულის განმავლობაში

საქართველოში ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ჩინოვნიკების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ზრდა რამდენჯერმე მოხდა. 2002 წლიდან დღემდე დეპუტატის საშუალო ხელფასი, საშუალოდ, 2426%-ით გაიზარდა, მინისტრის - 2930%-ით, პრეზიდენტის ხელფასი კი-1625%-ით. თანამდებობის პირებისთვის ხელფასის მატებას "ნაცმოძრაობა" კორუფციის შემცირების მიზნით ხსნიდა, "ქართული ოცნება" კი ირწმუნება, რომ ხელფასი "ბევრი მუშაობის" გამო მოიმატეს.

"რევოლუციამდელი პარლამენტარები" თვეში ხელფასის სახით 150 ლარს იღებდნენ, 2003 წლის შემდეგ კანონმდებლის ხელფასი რამდენჯერმე გაიზარდა და საბოლოოდ 2000 ლარი გახდა. დღეს კი საქართველოს პარლამენტის რიგითი წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3790 ლარს შეადგენს, ისიც მაშინ, თუ დეპუტატი არ არის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და ა.შ. საბოლოო ჯამში, ბოლო 15 წლის განმავლობაში ქართველი დეპუტატების ხელფასი 2426%-ით გაიზარდა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ხელფასი 1625%-ით გაიზარდა. თუ შევარდნაძის მმართველობისას მისი ხელფასი იყო 400 ლარი, გიორგი მარგველაშვილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6900 ლარს შეადგენს. მიხეილ სააკაშვილი კი მის წინამორბედთან შედარებით 1070%-ით მეტ ხელფასს იღებდა, მისი თანამდებობრივი სარგო წლების განმავლობაში 4720 ლარი იყო.

რაც შეეხება მთავრობის წევრების ანაზღაურებას. 2003 წლამდე მინისტრის საშუალო ხელფასი 165 ლარს შეადგენდა. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მინისტრის ხელფასი 3540 ლარი იყო, "ქართული ოცნების" მმართველობისას კი მინისტრის ხელფასმა ცვლილება ორჯერ განიცადა. ყოფილმა პრემიერმა მისი გუნდის წევრებს ხელფასი გაუზარდა, მოქმედმა პრემიერმა კი, საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ისევ შეუმცირა. დღეს მინისტრის ხელფასი საშემოსავლოს დაქვითვით 5000 ლარია. საერთო ჯამში, დამოუკიდებლობის პერიოდში ქართველი მინისტრების ხელფასი 2930%-ით გაიზარდა.

ჩინოვნიკები და ხელფასები

საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მოხელეთა ხელფასს წმინდა სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, განსაკუთრებით ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როდესაც რიგითი ჩინოვნიკის ხელფასი 200-300 ლარსაც კი არ სცილდებოდა. 2003 წლის შემდეგ ხელფასების ფორსირებული ზრდა დაიწყო, რასაც "ვარდების რევოლუციის" გზით ხელისუფლებაში მოსული მთავრობა კორუფციის შემცირების მიზნით ხსნიდა.

მინისტრებს, დეპუტატებს ხელფასები გაეზარდათ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც. თუმცა, ამჯერად მიზეზი, თუ რატომ გახდა აუცილებელი ჩინოვნიკების ისედაც მაღალი ხელფასის გაზრდა, პრაქტიკულად არავის დაუსახელებია.

შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დეპუტატის ყოველთვიური შემოსავალი 150 ლარს შეადგენდა. 2004 წლიდან კი კანონმდებლების საშუალო ხელფასი 2000 ლარი გახდა, რასაც ყოველთვიური თუ ყოველკვარტალური პრემია ემატებოდა.

დღესაც საქართველოს პარლამენტის წევრის ყოველთვიური ხელფასი, კანონის მიხედვით, 2000 ლარის ოდენობითაა განსაზღვრული, ანუ წელიწადში 24 000 ლარით. დეპუტატებს ყოველთვიური სახელფასო დანამატებიც აქვთ განსაზღვრული და საშუალოდ ერთი დეპუტატის შენახვა ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 50 ათასი ლარი, თვეში 4000 ლარზე მეტი უჯდება. საგულისხმოა ისიც, რომ ხელფასისა და სახელფასო დანამატების გარდა, პარლამენტის წევრებისთვის ბიუჯეტიდან ფინანსდება ასევე საკომუნიკაციო, სამივლინებო, საწვავისა და ბინის ქირის ხარჯიც.

დეპუტატები არ იღებენ პრემიებს, თუმცა ყოველთვიურად ეძლევათ სახელფასო დანამატი. 2013 წლის 1-ელი იანვრიდან სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი ასე განისაზღვრება: პარლამენტის თავმჯდომარე - 3 905 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 3 570 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 3 505 ლარი. საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარე - 2 705 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარე - 2 635 ლარი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე - 2 105 ლარი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 1 970 ლარი, კომიტეტისა და ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები -1 905 ლარი, პარლამენტის წევრი- 1790 ლარი.

შესაბამისად, გამოდის, რომ დღევანდელი პარლამენტარის მინიმალური ხელფასი 3790 ლარს შეადგენს. ესეც მაშინ, თუ კანონმდებელი არც პარლამენტის თავმჯდომარეა, არც თავმჯდომარის მოადგილე, არც უმრავლესობის და არც უმცირესობის ლიდერი.

მომავალში კი პარლამენტარებს ხელფასი გაეზრდებათ და თანაც აუცილებლად. საკანონმდებლო ორგანომ უკვე მოითხოვა ბიუჯეტის 2,6 მლნ ლარით გაზრდა, საიდანაც ნაწილი ხელფასების მატებაზე, ნაწილი კი ავტოპარკის განახლებაზე გადანაწილდება. საერთო ჯამში, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი მომავალი წლისათვის 54,7 მილიონი ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ" დადგენილება კანონმდებლებმა უკვე მიიღეს და ამ დოკუმენტით მთავრობას მიმართეს - თუ რა ოდენობით უნდა განსაზღვროს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის თანხა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. მთავრობას უფლება არა აქვს, აღნიშნული პარამეტრი შეამციროს, მას შეუძლია, ეს პარამეტრები მხოლოდ გაზარდოს. როგორც პარლამენტში განმარტავენ, დადგენილებით დამტკიცებული პარამეტრები სრულად შეესაბამება 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების დროს მიღებულ საპროგნოზო პარამეტრებს.

რაც შეეხება მინისტრების ხელფასს. თუ ვარდების რევოლუციამდე მინისტრის ხელფასი სიმბოლური, სულ რაღაც 160-200 ლარი იყო, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მთავრობის წევრთა ანაზღაურება 3540 ლარამდე გაიზარდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, მინისტრის ხელფასი 7875 ლარამდე გაიზარდა (საშემოსავლოს დაქვითვით 6300 ლარი).

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა