ქართველი ნარკომანი ქალები, სუბოტექსის საიდუმლო და ინფორმაცია, რომელიც მარიხუანას მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ

ქართველი ნარკომანი ქალები, სუბოტექსის საიდუმლო და ინფორმაცია, რომელიც მარიხუანას მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ

"ნარკოტიკი" ბერძნული სიტყვაა და გამაბრუებელს, დამარეტიანებელს ნიშნავს. ნარკოტიკული მცენარეები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ჯერ აღაგზნებს, ხოლო შემდეგ თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებსაც ნარკომანები ხმარობენ, არის: ოპიუმი, ოპიუმის დერივატები (მორფინი, კოდეინი, ჰეროინი), ჰაშიში (იგივე პლანი, ანაშა, მარიხუანა), კოკაინი და სხვა. ენციკლოპედიაში ასევე აღნიშნულია: "ნარკოტიკების ხანგრძლივად მიღება იწვევს ნარკომანის ფსიქიკის ცვლას. აღინიშნება ინტერესების შეზღუდვა, სულიერ მოთხოვნათა სიღარიბე, ეგოიზმი. ნარკომანიის შედეგად შეიძლება განვითარდეს ფსიქიკური დაავადებაც, მაგალითად - ანაშას ხანგრძლივი მიღება ხშირად, სრულდება შიზოფრენიის მსგავსი მდგომარეობით, რასაც ახასიათებს სმენითი ჰალუცინაცია, დევნის ბოდვითი იდეები და სხვა".

ნარკომანია არა ახალი და არა უბრალოდ ჩვენი რეალობის პრობლემაა, მოთხოვნილება ამ საკმაოდ ძვირად ღირებულ "სიამოვნებაზე", მიუხედავად ჩვენში არსებული სოციალური გაჭირვებისა, წლიდან წლამდე მატულობს.

ნარკომანიასთან დაკავშირებულ კითხვებს გელა ლეჟავა პასუხობს.

- რა განსხვავებაა მომხმარებელსა და ნარკომანს შორის?

- მომხმარებელი არის ადამიანი, რომელიც პერიოდულად იღებს ნარკოტიკს, ნარკომანი კი - ის, ვისაც პრაქტიკულად არ შეუძლია ნარკოტიკის გარეშე, დამოკიდებულია მასზე და აქვს მოთხოვნილება, რომ ყოველდღე მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდად ხდება.

- შეიძლება თუ არა, ნარკომანიისაგან ადამიანის სრულად განკურნება?

- ითვლება, რომ ეს ქრონიკული დაავადებაა. ქრონიკული კი ნიშნავს იმას, რომ არ იკურნება. მაგრამ თუ ნარკომანი მკურნალობას ყველა წესის დაცვით ჩაიტარებს, შეიძლება, სიცოცხლის ბოლომდე აღარ მოიხმაროს ნარკოტიკი. ეს დაახლოებით ისეა - თუ ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანი დაიცავს რეჟიმს, შეიძლება, წნევამ სულ აღარ შეაწუხოს.

- ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, წინა წლებთან შედარებით, ნარკომანი ქალების რიცხვი გაიზარდა. შეგიძლიათ, ეს დაადასტუროთ ან უარყოთ, თქვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით?

- საბედნიეროდ, საქართველოში ქალებს ჯერ კიდევ რცხვენიათ იმის, რომ ნარკოტიკებს იღებენ, ამიტომ ცდილობენ, არ მოხვდნენ ჩვენს დაწესებულებაში და პოლიციასაც დაუძვრნენ ხელიდან. პოლიციაც, ეტყობა, ჯერჯერობით გვერდს უვლის მათ და ლოიალობას იჩენს მათ მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების რიცხვმა იმატა, მაგრამ სტატისტიკაში ეს არ აისახება.

- საერთოდ, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენთან ნარკომანი ქალი მოეყვანათ?

- კი, როგორ არა. საერთო რაოდენობის 3-4%-ია დაფიქსირებული. მაგრამ ეს ძალზე მცირეა და აბსოლუტურად არ ასახავს რეალობას.

- რამდენად შესაძლებელია, რომ ადამიანმა გასინჯოს, რამდენჯერმე გაიკეთოს ნარკოტიკი, მაგრამ არ მიეჩვიოს მას და არ იქცეს ნარკომანად?

- შესაძლებელია. თუ ნარკოტიკის მოხმარება 10-ს არ აღემატება, მაშინ უფრო არსებობს იმის ალბათობა, რომ არ მიეჩვიოს. ამასთანავე, გააჩნია, რას იკეთებს. სიგარეტი ყველას გაუსინჯავს, მათგან ვიღაცამ დაიწყო მოწევა, ვიღაცამ - არა. მაგრამ ალბათობა იმისა, რომ გასინჯვის შემდეგ, ნარკოტიკის კეთებას დაიწყებ, უფრო დიდია, ვიდრე სიგარეტის მოწევისას. ნარკოგენულობა ჰეროინისა, სიგარეტთან შეუდარებელია. შეიძლება, დღეს მთელი კოლოფი სიგარეტი მოსწიო და ხვალ საერთოდ არც გაეკარო, რაც ჰეროინის შემთხვევაში, წარმოუდგენელია.

- ჰეროინი, კოკაინი და სხვა მსგავსი ნარკოტიკული საშუალებები საკმაოდ ძვირი ღირს. ჩვენში ცხოვრების დონე დაბალია, ნარკოტიკის მომხმარებელი კი უხვად გვყავს. როგორც ამბობენ, ბევრი, კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს...

- ჩვენში ყველანაირი ვარიანტი არსებობს: არიან ისეთები, ვისაც აქვს ჰეორინის საყიდელი ფული, ისინი, ვისაც არა აქვს ფული, მაგრამ შოულობს ნარკოტიკის 5 დოზას და ფულს ართმევს 7 კაცს... ეს ფულის შოვნის საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. ამისთვის საიჭროა, ამ საქმეში ახალბედების ჩაბმა, იმიტომ, რომ ახალბედას ჯერ კიდევ აქვს ფული, ან სახლში აქვს რაღაც, ვიღაცას ატყუებს და თანხას ასე შოულობს. აი, "საქმეში გასულ" ნარკომანს აღარც გასაყიდი აქვს რამე და არც მოსატყუებელი დარჩა ვინმე, მისი ერთ-ერთი საშუალება, "ბარიგობაა"... გარდა ამისა, არსებობს სხვა გზებიც. როცა ჩვენში ყაყაჩოს თესლი გაჩნდა, უამრავმა ადამიანმა დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება იმიტომ, რომ ძალიან იაფი იყო. რაც მთავარია, ბევრი ასაკოვანი ადამიანი, ვისაც უკვე 5, 10 წლის წინ, დანებებული ჰქონდა თავი, ისევ დაუბრუნდა ნარკოტიკს. არსებობს კიდევ, შინაურ პირობებში მოხარშული, თვითნაკეთი, კოკნარის კოქტეილი და უამრავი სხვა საშუალება... ჩვენში არ გამიგია, მაგრამ მოსკოვში ერთი პერიოდი, თაგვის საწამლავს ურევდნენ ჰეროინში, გამაბრუებელი ეფექტის გასაძლიერებლად. სუფთა ჰეროინი არსად არ არის, იმ ადგილის გარდა, სადაც მას ამზადებენ. ჰეროინის შემცველობა დოზაში 5-დან 30%-მდეა, დანარჩენი - ნარევია.

- არაც შეეხება სუბოტექსს, რომელზეც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ; ამბობენ, რომ იწვევს ძვლების დაშლას და ა.შ. თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, რა ტიპის ნარკოტიკია სუბოტექსი?

- ეს არის ხელოვნურად დამზადებული ოპიუმის სახესხვაობა, რომელიც დამზადებულია იმისთვის, რომ ხანგრძლივად იმოქმედოს ადამიანზე. სუბოტექსი აბის სახით გამოდის და მისით ნარკოტიკის ჩანაცვლება ხდება. საზღვარგარეთ არსებობს ჩანაცვლებითი პროგრამები, რომლებიც გამორიცხავს ნარკოტიკის მიღების ვენურ გზას. ამ პროგრამის მეშვეობით ხდება არამხოლოდ მკურნალობა, არამედ რეაბილიტაციაც: ნარკომანს, ნარკოტიკული საშუალების ნაცვლად აძლევენ სუბოტექსს და ნელ-ნელა უკლებენ დოზას. სწორედ ამისთვის იყო ეს წამალი შექმნილი. მაგრამ როგორც ნებისმიერი წამალი, შეიძლება, საწამლავად გამოიყენო, ასევეა ამ შემთხვევაშიც. თუ სუბოტექსს ვენაში გაიკეთებ, სულ სხვა ეფექტს მიიღებ. ჩვენები ვენაში იკეთებენ - იმის მაგივრად, რომ დალიონ.

- რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას? როგორც გავიგე, სუბოტექსის კოლოფს ახატია გადახაზული შპრიცი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ვენაში გაკეთება დაუშვებელია.

- მართალია. ეს არ შეიძლება. ისე სიმართლე გითხრათ, მე არც მინახავს ეს წამალი, რადგან ოფიციალურად ჩვენთან არ შემოდის. ეს არის კონტრაბანდა. ახლა განიხილება საკითხი - მოვახდინოთ თუ არა მისი რეგისტრაცია. ჯერ ვფიქრობთ, იმიტომ, რომ რეგისტრაციის შემთხვევაში, მის შემოტანას ფარმაცევტული ფირმები დაიწყებენ და თუ წინასწარ არ განვსაზღვრავთ, ვინ, როგორ და რამდენი უნდა მიიღოს, ეს ნარკოტიკის შემოტანის ლეგალურ გზად გადაიქცევა. ასე რომ, ამ საკითხს ბევრი და სერიოზული ფიქრი სჭირდება. ჯერ უნდა შემუშავდეს ჩანაცვლების პროგრამა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.

- დღეს საქართველოში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ძალზე გავრცელებულია ე.წ. მოსაწევი - პლანი. ამას საზოგადოება, ხშირად კი - მომხმარებელთა მშობლებიც, არ თვლიან საგანგაშოდ, რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა?

- ეს არის ეროვნული ტრაგედია. ხშირად გვესმის, რომ მოსაწევი არ არის სახიფათო და ამის დასადასტურებლად, ჰოლანდია მოჰყავთ. მაგრამ იქაც მიხვდნენ, რომ მავნებელია და უკვე გამოვიდა ლიტერატურა, სადაც წერია, რომ ნარკოტიკებისადმი ასეთმა მიდგომამ უბედურება მოუტანა ჰოლანდიას. დადგენილია, რომ ანაშის მწეველთა 40% შემდეგ მძიმე ნარკოტიკზე გადადის. ანაშის მოწევა იწვევს სერიოზულ ცვლილებებს, განსაკურთებით ახალგაზრდებში, რადგან ამ დროს, ადამიანში ხდება ნერვული სისტემის ფორმირება და ნარკოტიკის ზემოქმედების შედეგად მრუდდება და ჩლუნგდება სიამოვნებისადმი დამოკიდებულება, თვით სიამოვნების შეგრძნება; დუნდება, უქვეითდება ყურადღების კონცენტრირების უნარი; უსუსტდება მეხსიერება. ანაშის "პროფესიონალი" მწეველი იქცა აბსოლუტურად დაჩლუნგებულ ადამიანად, რომელსაც ცხოვრებაში აღარაფერი აინტერესებდა. ანაშა ადამიანს უსპობს ყოველგვარ სურვილს, რაიმე აკეთოს, ინტერესს იმისა თუ რა აცვია თავად, ვინ რას იტყვის და ა.შ. მთელი უბედურება ის არის, რომ ანაშა ჩვენს მიწაზეც მოდის, ხარისხით მთლად ისეთი არ არის, როგორიც ვთქვათ, ინდოეთისა, მაგრამ მაინც ხარისხიანია და ძალიან ბევრიცაა... არსებობს გაეროს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კონტროლის ეროვნული ბიურო. მისი უფროსის მოადგილე ამას წინათ წერდა: ჩემი აზრით, სამხრეთ აზია იმიტომ არის ასეთი ღარიბი და გაუბედურებული, რომ ყველა ანაშას ეწევაო... ადამიანს ცხოვრებისადმი ყოველგვარი ინტერესი ეკარგება და ეს არის ძალიან ცუდი, ამას დაამატეთ ისიც, რომ ანაშის მწეველთა ნარკვეული ნაწილი შიზოფრენიით ავადდება. შარშან ჩვენთან შიზოფრენიით დაავადებული 7 ადამიანი მოიყვანეს. ახალგაზრდები იყვნენ, პირველად მოსწიეს და... განგაში უნდა ავტეხოთ. არაფრით არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. მთელ საქართველოს, ყველაზე მაღალმთიანი სოფლის თითოეულ მაცხოვრებელს უნდა გავაგებინოთ, რომ საშინელებაა, დამღუპველია, რადგან ანაშას ყველაზე ხშირად იყენებენ. სკოლაში გამოკითხულთა ბავშვების 56%-ს აქვს გასინჯული(!). ჰეროინზე ნებისმიერი მშობელი ატეხს განგაშს. ანაშის გამო კი, თითქმის არ ნერვიულობენ... ამიტომ არის სახიფათო: ანაშის ყოველი მწეველი მერე აუცილებლად დაიწყებს ჰეროინის კეთებას.

ნათია თენიეშვილი

ჟურნალი "გზა"

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდა