რა უნდა ვიცოდეთ წმინდანებთან დაკავშირებით

რა უნდა ვიცოდეთ წმინდანებთან დაკავშირებით

წმინდანებად იწოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ეკლესიამ ღვთაებრივი ძალის მქონეებად აღიარა და რომელთა სახელებიც სამარადჟამოდ უკვდავყო ღმერთმა, მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის. წმინდანები სასუფეველში ღვთის სიახლოვეს ნეტარებენ. მათ ჩვენთვის ადამიანებისთვის უფლის წინაშე შუამდგომლობა შეუძლიათ. წმინდანებში იგულისხმებიან: "ძველი აღთქმის" მამები; წინასწარმეტყველნი; მოციქულები; მოციქულთასწორები და განმანათლებელნი; მოწამენი; მღვდელმთავრები; ღირსნი მამანი და დედანი; მართალნი; უვერცხლონი ანუ უსასყიდლონი; ნეტარნი და სალოსნი.

"ძველი აღთქმის" მამებად იწოდებიან ერისმთავარნი რომლებიც ცხოვრობდნენ სინას მთაზე, მოსეს მიერ კანონის - ანუ სჯულის მიღებამდე. ეს ადამიანები, თავიანთი კეთილმორწმუნე ცხორვებითა და მტკიცე რწმენით, ჭეშმარიტად ადასტურებდნენ მაცხოვრის (მხსნელის) ხორციელად მოვლინების გარდაუვალობას.

წინასწარმეტყველებად იწოდებიან "ძველი აღთქმის" დიდმორწმუნე და ბრძენი მამები. ისინი განსაკუთრებული მომავლის წინასწარ ჭვრეტის ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი ღვთისგან და განსაკუთრებული სიწმინდითა და ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ. ამ უდიდესი სიწმინდისა და ღვთისმოსაობის გამო, მათზე დავანებული იყო სულიწმიდა და სულიწმიდის კარნახით წინასწარმეტყველებდნენ. ყოველი წინასწარმეტყველი, ღვთის ბრძანებით, ვალდებული იყო, დაერიგებინა ხალხი და დაემწყოს ის ჭეშმარიტი სჯულით და მოძღვრებით, ემხილებინა ადამიანთა სჯულის საწინააღმდეგო საქციელი და უმთავრესად, ეწინასწარმეტყველა მომავალი - მაცხოვრის შობა, მიწიერი ცხოვრება (სასწაულები), ჯვარცმა და ბრწყინვალე აღდგომა.

"ძველი აღთქმის" დროს არსებობდა 4 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველი. დიდი წინასწარმეტყველები არიან: ესაია, იერემია, იეზეკილი და დანიელი. მცირე წინასწარმეტყველნი: ოსია, იოილი, ამოსი, ავდია, იონა, მიქვა, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონი, ავგია, ზაქარია და მალაქია.

მოციქულები - მოციქულებად იწოდებიან მაცხოვართან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანები, მისივე არჩეულნი და მოწაფედ წოდებულნი, რომლებიც თვით უფალმა იესო ქრისტემ დამოძღვრა და განსწავლა. მანვე გაგზავნა ქრისტიანული სჯულის საქადაგებლად, ზეცად ამაღლების შემდეგ. წმინდა მოციქულებმა პირველებმა შეიცნეს თავიანთ მოძღვარში - იესო ქრისტეში - მხსნელი, მესია, ხოლო შემდეგ, თვით განხრციელებული ღმერთი. ეს რწმენა მოციქულთა სახელით აღიარა წმინდა მოციქულმა პეტრემ. ამის შესახებ საუბარია მათეს "სახარებაში", როდესაც მაცხოვარი თავის მოწაფეებს ეკითხება: "თქვენ კი რას იტყვით: ვინ ვარ მე?" - ამის პასუხად სიმონ-პეტრე პასუხობს: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა ცოცხლისა" (მათე 16, 16). წმინდა მოციქულთაგან ცნობილია ქრისტეს 12 უახლოესი მოციქული და კიდევ 70 მოციქული. 12 მოციქულის სახელებია: პეტრე, ანდრია პირველწოდებული, იაკობ ზებედეს ძე, იოანე, ფილიპე, ბართლომე, თომა, მათე მებაჟე, იაკობ ალფეს ძე, თადეოზი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა მაცხოვარი და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო; დანარჩენმა თერთმეტმა მოციქულმა, მის ნაცვლად აირჩია მატათა - ერთ-ერთი, ქრისტეს 70 მოწაფეთაგან.

მოციქულთასწორნი და განმანათლებელნი არიან ის პიროვნებები, რომლებიც მოციქულთა მსგავსად, უშუალოდ არ დასწრებიან მაცხოვრის ქადაგებას და ქრისტეს არ წარუგზავნია ქრისტიანული სჯულის საქადაგებლად, მაგრამ მოციქულთა მსგავსად ავრცელებდნენ ქრისტიანობას - მაგალითად, მოციქულთასწორი ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო.

მღვდელმთავრებად იწოდებიან ეპისკოპოსები და მთავარეპისკოპოსები, რომლებიც სათნო ეყვნენ უფალს – ე.ი. თავიანთი ცხოვრება უფალს მიუძღვნეს, მთელი ცხოვრება იღვწოდნენ ღმერთის სადიდებლად - მაგალითად, მღვდელმთავარი წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მღვდელმთავარი ბასილი დიდი და სხვები, ის მღვდელმთავრები, რომლებიც მოწამებრივად აღესრულნენ, მღვდელმოწამეებად იწოდებიან.

მოწამეებად იწოდებიან ის კეთილი, მორწმუნე ქრისტიანები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს ქრისტიანული სჯულისთვის. ისინი თავიანთი რწმენის გამო უდრტვინველად ითმენდნენ წარმართთაგან მიყენებულ ყველანაირ ტანჯვა-წამებას, მაგრამ ბოლომდე უერთგულეს ჭეშმარიტ სჯულს. მოწამეთა შორის ის მოწამეები, რომლებიც განსაკუთრებული ტანჯვით აღესრულნენ, იწოდებიან დიდმოწამეებად, - მაგალითად, წმინდა დიდმოწამე ქეთევანი, წმინდა დიდმოწამე გიორგი.

ღირსნი მამანი და დედანი. ღირსებად იწოდებიან მხოლოდ ბერმონაზვნები, ანუ ის ადამიანები, ერში ცხოვრებას განერიდნენ და ქალწულებრივი (უქორწინებელი) ცხოვრებით სათნო ეყვნენ უფალს. ის ბერმონაზვნები კი, რომლებიც ქრისტიანული სჯულისთვის მოწამებრივად აღესრულნენ, იწოდებიან ღირსმოწამეებად.

უვერცხლოთა სახელით ცნობილი არიან ის ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც ქრისტეს სახელით კურნავდნენ ადამიანებს, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე. ამიტომაც ეწოდათ მათ უვერცხლონი ანუ უსასყიდლონი. ისინი, უფლის შეწევნით, საოცარ კურნებებს აღარსულებდნენ, აღადგენდნენ დავრდომილთ, ბრმებს თვალს უხელდნენ და სხვა. უვერცხლონი არიან წმინდა პანტელეიმონი, კოზმა და დამიანე და სხვები.

მართლებად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ერში, ოჯახის ცხოვრების სიმძიმე იტვირთეს და ბოლომდე დაითმინეს საზოგადო ცხოვრების სიძნელეები, რადგან მათთვის ოჯახი ღვთის განდიდების საშუალება იყო - ე.ი. მართლები, მიუხედავად ერში ცხოვრებისა, ცხოვრობდნენ ქრისტეს სჯულის ღრმა რწმენით და მის ყოველ მცნებას ასრულებდნენ.

ნეტარებად აღიარებდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული თავმდაბლობით და ყოველივე ამქვეყნიური სიკეთისა და ფუფუნების მკაცრი უარყოფით.

სალოსებად - ანუ ქრისტესთვის სულელებად - იწოდებიან ის ადამიანები რომლებიც ხალხის წინაშე განგებ ისულელებდნენ თავს, რითაც საშუალება ეძლეოდათ, უფლის სიმართლე ეთქვათ მაღალი წრის წარმომადგენელთათვის, ემხილებინათ საზოგადოების მანკიერებები.

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია