ღალატის მსხვერპლი ცოლების ქართული შურისძიება - "ღამე ტაქსისტთან გავატარე"

ღალატის მსხვერპლი ცოლების ქართული შურისძიება - "ღამე ტაქსისტთან გავატარე"

სახუმარო თემა არ არის, მაგრამ მაინც ხუმრობით დავიწყებ. კაცი მეგობარს ეკითხება: გახსოვს, ახალგაზრდობაში, ქალებში რომ დავძვრებოდითო? - ეს კი მახსოვს, მაგრამ რატომ დავძვრებოდით ის არ მახსოვსო. ხუმრობის ავტორს - ქართლოს კასრაძეს ერთ-ერთ სუფრაზე დაუჩივლია. ცოტა ხნის შემდეგ ეს გამონათქვამი ასე შეიცვლება: გახსოვს, ახალგაზრდობაში ინტერნეტში რომ დავძვრებოდიო? - შემდეგ კი დაუმატებია: ნუ გადამრიეთ, ხალხო - ქალებში ძრომიალს ინტერნეტში ძრომიალი როგორ სჯობიაო?! - ალბათ მიხვდით, ჩვენი საუბრის მთავარი თემაც ეს არის. ვინ ვისთან დაძვრება და რატომ?!

თემა ყველასთვის კარგად ნაცნობი და ახლობელია. შეიძლება, პირადად თქვენ არასოდეს დალოდებიხართ გარდერობში ტრამვაის, მაგრამ ხომ გსმენიათ იმის შესახებ, რომ ასეც ხდება?.. ახლა კი სრულიად სერიოზულად: ცოლქმრული მოვალეობის უპატივცემულობა, რომელიც ერთი სიტყვით - "ღალატით" გამოიხატება, ხშირად არის სასამართლოს თუ ჭორიკანა მეზობლების განსჯის საგანი, მაგრამ რა ჰქვია იმ შემთხვევას, დაუოჯახებელი წყვილი წლების განმავლობაში ერთად რომ ცხოვრობს, ცოლისა და ქმრის სახელს "ოფიციალური საყვარლის" სტატუსს ამჯობინებს და ამას არც მალავს? ბოლო დროს, ძალიან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ჟურნალისტებს დაუფარავად განუცხადა გელფრენდის, ბოიფრენდის თუ "მეგობრის" გვარ-სახელი და რაც შესამჩნევი იყო, ტრადიციულად არ დაამატა: ეს ისე, между нами-ო... თუნდაც აქედან ჩანს ის, რომ დღეს საყვარლობის ინსტიტუტის მიმართაც შეიცვალა დამოკიდებულება და საყვარლის ფსიქოტიპიც (ზოგადად, რა თქმა უნდა). ამ თემაზე სასაუბროდ პირველი რესპონდენტი, რომელიც ინტერვიუზე დავითანხმეთ, ამბობს, რომ სხვა ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც ე.წ. "მეგობარი" ჰყავთ, არ ოცნებობს ცოლის სტატუსის მოპოვებაზე, რადგან სავსებით აკმაყოფილებს ის მდგომარეობა, რომელშიც ამჟამად იმყოფება.

მარინა, 35 წლის (სახელი აქაც და შემდგომშიც, პირობითია):

- მეუღლესთან უკვე გაცილებული ვიყავი როდესაც ჩემს პირველ სიყვარულს შევხვდი. მას ჰყავს ოჯახი, მეუღლე და ორი შვილი. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან ვუყვარვარ. ამაში მეც დარწმუნებული ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ.

- რატომ ხართ ასე დარწმუნებული?

- როგორც ამბობენ, როდესაც ქალი და მამაკაცი ჯვარდაწერილნი არიან, ისინი იმ ქვეყნად ერთად იქნებიან. მან პირველმა შემომთავაზა ჯვრისწერა და ჩვენი ფიზიკური ურთიერთობაც მხოლოდ ამის შემდეგ შედგა. მართალია, ჯვრისწერის დროს არ გავამხილეთ ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ არც მღვდელს უკითხავს, რომელიმე ჩვენგანს ჰქონდა თუ არა ოჯახი.

- ის რომ დაეჭვებულიყო, ალბათ არ დაგწერდათ ჯვარს. არ გაქვთ დანაშაულის განცდა, სხვის ქმარს რომ ხვდებით?

- ოჯახის დანგრევა ჩემთვის იმდენად დიდი ტრაგედია იყო, რომ ასე მეგონა, ვერასოდეს შევძლებდი მამაკაცთან ურთიერთობას. მაგრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ სიყვარული ბავშვობის დროინდელი ოცნების სახით გამომეცხადა. დანაშაულის განცდა არ მაქვს იმდენად, რამდენადაც მე არ ვაპირებ მისი ოჯახის დანგრევას, მეუღლისთვის - ქმრის და შვილებისთვის მამის წართმევას. ვიცი, რომ შვილები ძალიან უყვარს და თუ ის ოჯახის მიტოვებას შეძლებს, ე.ი. ჩემი მიტოვებაც არ გაუჭირდება. არ ვოცნებობ მის ცოლობაზე, რადგან მიმაჩნია რომ ორ ადამიანს შორის გრძნობა მუდმივია მხოლოდ მაშინ, როცა ის ოჯახური მოვალეობებით არ არის შეზღუდული. რაც არ უნდა მიმტკიცონ, რომ ცოლ-ქმარს ისევე უყვარს ერთმანეთი, როგორც 20 წლის წინ - არ მჯერა! ეს საზოგადოებისთვის ნათქვამი ტრაფარეტია. ბევრი ცოლ-ქმარი მინახავს, ვინც ამას ამბობს, მაგრამ ვიცი, რომ ან ქმარი დაძვრება სხვაგან, ან ცოლი. მე სხვაზე ნაკლებად მიყვარს? მე ხომ მის ცოლსაც ვუფრთხილდები - ვცდილობ, ეჭვიანობისა და ნერვიულობის საბაბი არ მივცე. დამიჯერებთ? ჩემი საყვარლის ბინის ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცი, მხოლოდ მობილურით ვუკავშირდები ხოლმე. თუ გამორთული აქვს, ზარს მეორედ აღარ ვუშვებ და ველოდები, სანამ თვითონ არ დამირეკავს. ძალიან მაინტერესებს, როგორი ურთიერთობა აქვს მეუღლესთან, მაგრამ ვიცი - ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გააღიზიანებს და არ ვეკითხები. მისი მეუღლე საეროთ ნაცნობის დახმარებით შორიდან ვნახე. პირველი შეხედვისთანავე მივხვდი, რომ ჩვეულებრივი, პატიოსანი ქალია - ოჯახის დიასახლისი. იმაზე მეტი რომ ყოფილიყო, რაც ვნახე, გული დამწყდებოდა; იმაზე ნაკლებ რომ ყოფილიყო - მაშინაც!.. ცოლზე არ ვეჭვიანობ, მაგრამ ვიღაც სხვა ქალი თუ გამოჩნდა, ვისაც თვალს გააყოლებს, საშინლად განვიცდი. იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ოდესმე, სხვასაც ისე მოეფეროს, როგორც მე მეფერება.

- ბევრი ერთგული ქალი გადაქცეულა მოღალატე ცოლად და ამის მიზეზი ქმრის უყურადღებობა ან სხვა ქალით გატაცება ყოფილა...

- მართალია, ტელესერიალების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ერთხელ ასეთ ეპიზოდს შევესწარი ქალმა დაიქირავა კაცი იმისათვის, რომ საყვარლის ცოლი ეცდუნებინა და მიზანსაც მიაღწია. ძალიან უცნაური გრძნობა დამეუფლა. ვიფიქრე და მივხვდი: ისეთ მამაკაცთან ურთიერთობას ვერ შევძლებდი, რომელსაც ცოლი ღალატობს - თუ ერთგული ცოლი არ ჰყავს, ის კაცი ჩემთვის კაცი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ჩემს საყვარელ კაცს ერთგული ცოლი რომ ჰყავს.

- სანამ ქმარს გაეყრებოდით, მასზე არასოდეს გიეჭვიანიათ? ან რას მოიმოქმედებდით იმ ქალის წინააღმდეგ, ვინც ქმარს შეგეცილებოდათ?

- ჯობს, ქალმა ურთიერთობა ქმართან გაარკვიოს. როცა მეტოქეს შეურაცხყოფას აყენებ, მამაკაცის სიმპათია ყოველთვის დაჩაგრულის მხარესაა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, კაცი მაინც მოახერხებს ყოველნაირი ბარიერის გადალახვას და საყვარელ ქალთან ურთიერთობის შენარჩუნებას.

- თუ ცოლი ემოციებს არ აჰყვება და ჭკვიანურად მოიქცევა, კაცი ბოლოს ისევ მეუღლესთან რჩება. გიფიქრიათ ამის შესახებ?

- არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა და ამაზე ფიქრით არ ვიტკივებ თავს. ჯერჯერობით ცხოვრების დინებას მივყვები და ვცდილობ, მომავალზე არ ვიფიქრო. მარტოობის კი, მეც ისევე მეშინია, როგორც ყველა, საღად მოაზროვნე ადამიანს.

- ფინანსურად თუ გიმართავთ ხელს?

- არა, არასოდეს მოუცია ჩემთვის ფული. ის მხოლოდ იმ ბინის ქირას ისტუმრებს, რომელშიც ერთმანეთს ვხვდებით. ზოგჯერ, საჩუქარსაც მიძღვნის. სულ მცირე თანხაც კი არ მითხოვია მისთვის და არც თვითონ დაუტოვებია ბალიშის ქვეშ ასდოლარიანი. ფინანსურ მხარეს სიყვარულთან რა კავშირი აქვს?!

რასაკვირველია, სკანდალი არ არის გამოსავალი, მაგრამ რა უნდა ქნას ცოლმა, თუ მას ქმარი უყვარს, კაცმა კი გული აიყარა ოჯახზე? ჩვენი მორიგი რესპონდენტის ნაამბობით, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - არავითარ შემთხვევაში ქალმა არ უნდა იფიქროს შურისძიებაზე, რადგან შურისძიებას არავისთვის მოაქვს ბედნიერება.

მაია, 30 წლის:

- ვერ გეტყვით როგორ, მაგრამ როგორც არ უნდა შეეცადოს კაცი, დამალოს სხვა ქალით თავისი გატაცება, ცოლი მაინც გრძნობს მათ ურთიერთობაში მესამის გამოჩენას. ვიგრძენი მეც და გადავწყვიტე, ქმართან გულახდილად დალაპარაკება. ჩვენი საუბარი იმით დამთავრდა, რომ მითხრა: მოჩვენებები დაგეწყოო. ერთი წელი ვაწვალეთ ერთმანეთი და ბოლოს აღიარა, რომ მართლა ჰყავდა საყვარელი და მე ან უნდა შევგუებოდი ამ მდგომარეობას, ან ჩემოდანი უნდა ჩამელაგებინა. ისიც მითხრა - თუ წავიდოდი, ჩემს პირად ცხოვრებაში არ ჩაერეოდა და მე თავისუფალი ქალი ვიქნებოდი, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები მასთან დარჩებოდნენ. იცით, რით ახსნა საყვარლის გაჩენა? - თურმე ცივი ქალი ვყოფილვარ, ამავე დროს - ნევრასტენიკი და ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ქმარი, მაინც მიღალატებდა... მოვკიდე ბავშვებს ხელი, ტაქსი გავაჩერე და მშობლების მისამართი ვუთხარი. მძღოლმა ატირებული რომ მნახა მკითხა - რით შემიძლია დაგეხმაროთო? არც ვაციე, არც ვაცხელე და ვკითხე, თუ შეგიძლიათ იმის დადგენაში დამეხმაროთ, ცივი ქალი ვარ თუ არა-მეთქი?.. ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირველი მამაკაცი, ვისთანაც ქმარს, მასზე შურისძიების მიზნით ვიღალატე, ტაქსის მძღოლი იყო. მაშინ მისი სახელიც კი არ ვიცოდი. იმ დღეს უგონოდ მთვრალი მივედი შინ, დილა რომ გათენდა, არავინ იყო ჩემზე უბედური. ერთი თვის შემდეგ მეუღლე მოვიდა და შერიგება მთხოვა. ჩემს ქმარს ისევ ჰყავდა საყვარელი. რამდენჯერ შინ მოსვლას დააგვიანებდა, იმდენჯერ სასტუმროში გატარებულ იმ ღამეზე ვიწყებდი ფიქრს და ასე ვაგრძელებდი შურისძიებას. ერთ დღეს, მეგობრის დაბადების დღეზე გადავწყვიტეთ წასვლა, არ მოვიდა, მარტო წავედი. დავლიე, გვიან მომაკითხა შინ წასაყვანად, სახლამდე ვერ მოითმინა, საბააზანოში გამიყვანა და - რას ჰგავხარ, თავს რად მჭრიო? - მითხრა და გამარტყა. სკანდალი მოვაწყვე, ვყვიროდი: ახლა რაც გინდა ქენი, მე უკვე ვიცი, ცივი ქალი რომ არ ვარ-მეთქი!.. ამის შემდეგ მართლა დამენგრა ოჯახი. ბავშვები ჩემთან არიან. მეუღლემ ის ქალიც მიატოვა, ვისზეც ვეჭვიანობდი. ჩვენი დაშორებიდან ორი წლის შემდეგ კი, სულ სხვა ვიღაც მოიყვანა ცოლად. როგორც ვიცი, ბედნიერი ოჯახი აქვს. ზოგჯერ ბავშვები მიჰყავს, ფინანსურადაც გვეხმარება, მაგრამ მე დღემდე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. ძალიან მრცხვენია იმის, რაც ჩავიდინე. ასე მგონია, ჩემი ამბავი მთელმა ქალაქმა იცის. მთელი შეგნებით ვგრძნობ, რომ მე ვერ ვიბრძოლე ქმრის დასაბრუნებლად ისე, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვსულიყავი და ამის გამო დავისაჯე კიდეც. იქნებ, ჩემი მაგალითი ვიღაცას დაეხმაროს იმაში, რომ ოჯახის გადარჩენის სხვა გზა აირჩიოს. შურისძიების გრძნობა, ამ შემთხვევაშიც ცუდი მეგზური ყოფილა...

ახლა კი, სპეციალისტის კომენტარი თემაზე.

თეონა ლომთაძე, ფსიქოლოგი:

- საქართველო ტრადიციული კულტურის ქვეყნად რჩება, სადაც მამაკაცს კვლავ პრიორიტეტული მდგომარეობა უკავია. პარტნიორულ ურთიერთობაში მას გაცილებით მეტი რამ ეპატიება, ვიდრე ქალს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი. საზოგადოება მოღალატე მამაკაცის მიმართ უფრო შემწყნარებელია, ვიდრე მოღალატე ქალის მიმართ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ქალი, რომელმაც შურისძიების მიზნით გადაწყვიტა ღალატი, შურისძიებაში ბედნიერებას ვერ იპოვიდა. მამაკაცისთვის, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის მიღმა ურთიერთობები ღალატად არ აღიქმება. მანდილოსნები კი, ერთჯერად ურთიერთობას - ე.წ. შემთხვევით კავშირებს უფრო იოლად აპატიებენ ქმარს, ვიდრე ე.წ. ოფიციალური საყვარლის ყოლას. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ყველა შემთხვევაში, ქალია დაზარალებული. თავისი მდგომარეობით ბოლომდე კმაყოფილი არც ცოლის სტატუსზე ქვეცნობიერად მეოცნებე საყვარელია ("რა იქნება შემდეგ, ამაზე ფიქრი არ მინდა", "სიმარტოვის მეშინია!") და არც ცოლი, რომელმაც უნდა გააკეთოს არჩევანი - შეეგუოს ბედს თუ ჩაალაგოს ჩემოდანი. ორივე შემთხვევაში, მომავალი ბურუსითაა მოცული. არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია მამაკაცი (ყველაფერში დამნაშავე მამაკაცი!), რომელმაც შეიძლება იმის გამო, რომ ორ ქალს შორის არჩევანი ვერ გააკეთა, სიცოცხლე მძიმე ინფარქტით დაამთავროს... ასე რომ, ნურავინ იფიქრებს, რომ მამაკაცისთვის, სრული იდილიის შესაქმნელად საკმარისია ლამაზი საყვარლის და ერთგული მეუღლის ყოლა. ორ ცეცხლს შუა მოქცეული მამაკაცისთვის ძალიან ძნელია ჰარმონიული გარემოს პოვნა და სულიერი სიმშვიდის მოპოვება.

ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული კულტურული საწყისი აქვს გელფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტს და საყვარლობის ინსტიტუტს. პირველი ქორწინებებში არმყოფი პარტნიორების ურთიერთობას გულისხმობს, მეორის გამომწვევი მიზეზი კი, შეიძლება იყოს: 1) ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ცხოვრების მოუწესრიგებლობა, რომელიც ძალიან ხშირადაა ოჯახის დანგრევის რეალური მიზეზი, თუმცა, ქალი და მამაკაცი სხვადასხვა მიზეზზე აკეთებენ აქცენტს; 2) არასრულფასოვნების კომპლექსი (ქალს ან მამაკაცს აქვთ სურვილი, ხშირად შეიცვალონ პარტნიორი და სურთ, ამით საკუთარი სიძლიერის დემონსტრირება მოახდინონ); 3) ორგანული დარღვევა, რომელიც აიძულებს ადამიანს, ურთიერთობა ჰქონდეს რამდენიმე პარტნიორთან. როცა ვსაუბრობთ საყვარლობის ინსტიტუტზე და ცალკეულ შემთხვევებს ვეცნობით, მივდივართ დასკვნამდე, რომ არც ქალი და არც მამაკაცი არ არის ბოლომდე ბედნიერი, როცა ოჯახის გარეთაც აქვს სქესობრივი ურთიერთობა ვინმესთან. ბოლოს, ბევრი მათგანი აკითხავს ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრს და რეაბილიტაციის კურსს გადის. მათ შორის ბევრი მამაკაცია, ამიტომ, ჩვენი ზოგადი რჩევა იქნება - ცხელ გულზე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას და კარგად აწონ-დაწონეთ ადეკვატური ზომები, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიიღოთ. ზოგჯერ, ოჯახური ურთიერთობის გადასარჩენად, სულ მცირე რამ არის საჭირო. რაც შეეხება გელფრენდისა და ბოიფრენდის ინსტიტუტს, მიუხედავად ამ საკითხზე ჩვენი საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობისა, ამ მოვლენის გავრცელება მაინც შეუჩერებელი პროცესია, რომელსაც თავისი დადებითი მხარეც აქვს. ფაქტია, რომ იმ პარტნიორების შემდგომი ოჯახური ურთიერთობა უფრო მყარია, რომლებმაც გელფრენდისა და ბოიფენდის ეტაპის გავლის შემდეგ შექმნეს ოჯახი.

ნანა ქიბიშაური

ჟურნალი "გზა"

#27 3.07.2003

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია