საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას გათავისუფლების გადაწყვეტილება გირაოს გადახდის სანაცვლოდ მიიღო, ექსტრადირების საკითხის განხილვა კი, ორი თვით გადადო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რა ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა დათა ახალაიას, თუმცა ოჯახის ახლობლები მზად არიან, ნებისმიერი თანხის გადახდა უზრუნველყონ, უძრავ-მოძრავი ქონების ჩადებით.
"გირაოს თანხის შეტანა ხვალისთვის მოხერხდება", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
რაც შეეხება ექსტრადირების საკითხის განხილვის ორი თვით გადადებას, ნადარეიშვილის თქმით, ამის მიზეზი საქართველოს პროკურატურის მასალები გახდა, რომელიც "საბერძნეთის სასამართლომ დაიწუნა".
დათა ახალია საბერძნეთში რამდენიმე თვის წინ დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. საქართველოში დათა ახალიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ნავთლუთის სპეცოპერაცია და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.