საგანგაშო ფაქტები თბილისის ყველაზე ბინძური ბაზრიდან (+ფოტორეპორტაჟი)

საგანგაშო ფაქტები თბილისის ყველაზე ბინძური ბაზრიდან (+ფოტორეპორტაჟი)

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხი ბოლო დროს  აქტუალური მსჯელობის საგნად იქცა. უმრავლესობა თანხმდება, რომ უნდა დაიხვეწოს საწარმოო, კომერციულ თუ ბიზნეს საქმიანობაში მომხმარებელთან დამოკიდებულებისა და ქცევის კულტურა და ხელი შეეწყოს სამომხმარებლო განათლების განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის არის, რომ მომხმარებლის უფლებები ევროპული სტანდარტით გათვალისწინებული ნორმით უნდა იყოს დაცული.

ვიდრე პარლამენტი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტს დაამტკიცებს, ქვეყანაში სურსათის უვნებლობა და საკვები პროდუქტის ჰიგიენის ნორმების დაცვა კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება.

ამჯერად Ambebi.ge თბილისის ყველაზე ხალხმრავალ დეზერტირების ბაზარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჰიგიენის ნორმებით დაინტერესდა. მდგომარეობა არცთუ ისე დამაიმედებელი აღმოჩნდა.

Ambebi.ge გთავაზობთ რეპორტაჟს დეზერტირების ბაზრიდან.

ვისაც დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე სავაჭრო ზონაში გაგივლიათ, ალბათ, პირველი, რაც დისკომფორტის გრძნობას გამოიწვევდა თქვენში, არასასიამოვნო სუნია. ძნელია, ეს სურნელი რაიმე კონკრეტულს შეადარო. შეიძლება იფიქროთ, რომ სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტით სავსე ტერიტორიისათვის ეს ბუნებრივი მახასიათებელია, მაგრამ როცა შუაგულ მზეში დახლზე ხაჭოსა და ნადუღს დაინახავ, ძნელია გაბრაზებისგან თავი შეიკავო.

დავდივარ ფოტოაპარატით დახლებს შორის და მეშინია, ხალხი არ დავაფრთხო. ხაჭოთი მოვაჭრე ქალბატონი მალევე ამჩნევს ჩემს ფოტოაპარატს და ზურგს მაქცევს. ჩემთვის ვფიქრობ, თუ არაფერს აშავებს, რატომ მემალება-მეთქი... საბედნიეროდ, მალფუჭებადი რძის პროდუქტებით მოვაჭრე ბევრი გამყიდველი არ შემხვედრია, მაგრამ ცოტა ხანში გაყინული ქათმის ბარკლები მომხვდა თვალში და ისევ ხელახლა გავბრაზდი. უფრო სწორად, ოდესღაც გაყინული და ახლა უკვე სიცხისგან გამლღვალი ხორცი უმაცივროდ მზეს მიუფიცხებიათ. ყველაზე მეტად კი ის მაოცებს, რომ ხალხი უყოყმანოდ ყიდულობს და არავის უჩნდება კითხვა, რატომ არ ინახება ხორცი მაცივარში. გამყიდველების აგრესია რომ არ გამოვიწვიო, თავს დამოუკიდებელ მოყვარულ ფოტოგრაფად ვასაღებ. ჩემმა ტყუილმა რამდენიმე მათგანი გულახდილი გახადა. ერთმა ისიც კი მკითხა, ამ არაჰიგიენური ადგილის მეტი გადასაღები ვერაფერი ნახე, ხომ ხედავ ხორცი და თევზი არაა სათანადო პირობებში, რაღა მაინცდამაინც მაგას უმიზნებ შენს ობიექტივსო?! გავერიდე, რას ვიზამდი...

იქვე ახლოს დახლზე ღორის ხორცის მოზრდილი ნაჭრები ალაგია, კილოგრამი ხუთ ლარად იყიდება. ჩემ თვალწინ სამმა ადამიანმა იყიდა, ისევ უყოყმანოდ, ისევ არავის გასჩენია კითხვა - ახალია? მაცივრის გარეშე ასეთ ცხელ ამინდში ხომ არ გაფუჭდებოდა?

ახალგაზრდა გოგონას ვეკითხები, ამ ხორცს რომ ყიდულობ, არ გეშინია გაფუჭებული რომ აღმოჩნდეს-მეთქი? მაგაზე არასდროს მიფიქრია, წესით ხომ უნდა ამოწმებდნენ, ჰოდა მეც მჯერა და ვენდობი, სხვა რა გზა მაქვსო.

ყველაზე აშკარა ანტისანიტარია ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ თაღია, იქ დამხვდა. ზუსტად შუადღის 3 საათისთვის, როცა ტემპერატურა 27 გრადუსს აღწევს, საქონლის გულ-ღვიძლი, დაკლული ქათმები და ხორცის ნაჭრები დახლზე ალაგია. ეს ყველაფერი კი გზის პირას ხდება. იქ, სადაც მანქანების გამონაბოლქვი, მტვერი და ანტისანიტარიაა.

როგორც იქნა, საღამოს 7 საათისთვის მოვრჩი გადაღებას. შინ ვბრუნდები და ერთ-ერთ დახლთან გარემოვაჭრე მამაკაცების დიალოგი მესმის: "ევროკავშირში შევალთ, ოღონდ ათი წუთით, როცა "კაზანტიპის" ფესტივალი ჩატარდება ანაკლიაში". მე კი ამ დროს ვფიქრობ - ნეტა ევროკავშირში ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ადგილი მართლა არის?!

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია