თედო ჯაფარიძე რასმუსენს - რას ელოდებით ქართველი ხალხისგან, რომ შემდგომ ნაბიჯზე გადავიდეთ

თედო ჯაფარიძე რასმუსენს - რას ელოდებით ქართველი ხალხისგან, რომ შემდგომ ნაბიჯზე გადავიდეთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ვილნიუსში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, გუშინ ასამბლეას სიტყვით მიმართა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელსაც საქართველოს დელეგაციიდან თედო ჯაფარიძემ შეკითხვა დაუსვა.

"თავის შეკითხვაში თედო ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს უკრაინაში განვითარებული მოვლენებზე მისი მტკიცე პოზიციის გამო, ასევე აღნიშნა რომ ეს განცხადებები ყოველთვის დროულია პოსტსაბჭოთა სივრცისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. უშუალოდ შეკითხვა კი შეეხებოდა საქართველოს, მან ხაზი გაუსვა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის, ასევე ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველო პროგრესის შემთხვევაში შემდგომ ნაბიჯად სამოქმედო გეგმას მიიღებდა. რა უნდა გავაკეთოთ კიდევ, ან რას ელით ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოებისგან, რომ ჩვენ შემდგომ ნაბიჯზე გადავიდეთ? - ეს იყო მთავარი შეკითხვა", - აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

თავის მხრივ, რასმუსენი დაეთანხმა თედო ჯაფარიძეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მართლაც იქნა მიღებული აღნიშნულ სამიტებზე და დიახ, თუკი საქართველო შეასრულებდა საჭირო კრიტერიუმებს, მისი შემდგომი ნაბიჯი უკვე სამოქმედო გეგმა გახდებოდა.

"და მართლაც, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ბოლო პერიოდში, მათ შორის, სამაგალითო არჩევნები, სასამართლო სისტემის რეფორმა, თავდაცვის სისტემის რეფორმა, ასევე საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ჩვენს ოპერაციებში ავღანეთში. საქართველომ ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ შეესრულებინა საჭირო კრიტერიუმები ნატო-ს წევრობისთვის და რა თქმა უნდა, ეს ბადებს სამართლიან შეკითხვას, თუ რას ელოდება საქართველო მიმავალი სამიტისგან? მინდა გითხრათ, რომ ამჟამად ოთხი ასპირანტი ქვეყნის შეფასების პროცესში ვიმყოფებით. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრი შეფასების რეპორტებს ივნისის ბოლოს, მათი მიღების შემდგომ, განიხილავს და ვიმედოვნებთ, რომ ამ დროისთვის ჩვენ მივაღწევთ კონსენსუს იმაზე, თუ რა ფორმით ამოქმედდება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა შემდგომ სამიტზე. ჩემი პირადი ხედვა კი ამ საკითხთან მიმართებაში ასეთია - მიღწეული პროგრესი ამა თუ იმ სახით, აუცილებლად უნდა იქნას შეფასებული ამ სამიტზე," - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა