"შენობა ვჭამოთ?!" - რა პრობლემებს უჩივიან წინასაარჩევნოდ საზოგადოების ცნობილი და უცნობი სახეები

 "შენობა ვჭამოთ?!" - რა პრობლემებს უჩივიან წინასაარჩევნოდ საზოგადოების ცნობილი და უცნობი სახეები

რეკრეაციული ზონების ნაკლებობა, პარკების ნაცვლად მშენებლობები, კულტურული ღონისძიებების ფაქტობრივად არ არსებობა, შენობები, რომლებსაც რესტავრაცია ჭირდება, პარკინგი, უმუშევრობა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებმაც თავი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "ქალაქი ამბობს" სახელით დარეგისტრირებულ გვერდზე მოიყარეს. საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი სახეები იმ პრობლემებს ასახელებენ, რომლებიც ქალაქს ყველაზე მეტად აწუხებს და რომლებზეც ფიქრობენ, რომ აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

ნინი ჭანტურიას, როგორც მოქალაქეს, აწუხებს, რომ თბილისში რეკრეაციული ზონების ნაკლებობაა. მის წუხილს ასევე ისიც იწვევს, რომ ბავშვებს არ აქვთ სათამაშო ადგილები, სადაც შეიძლება გახვიდე პარკში, ითამაშო და ისუნთქო სუფთა ჰაერი.

პარკინგის პრობლემაზე საუბრობს თოკოია შენგელია. "მანქანებს ისე აყენებენ, რომ ადამიანი ვერ გაივლის. უნდა გადაახტე ან უნდა დაელოდო სანამ გაიყვანენ მანქანას. ასევე პრობლემაა სიგარეტის გადაგდება ქუჩაში. ერთი საათი გაქვს ადამიანს დასვენება, მაგრამ ვერ დაისვენებ ვერსად, ყველგან რაღაც ააშენეს. მწვანე აღარ გვაქვს, ყველაფერი არის შენობა. შენობა ვჭამოთ?!", - აცხადებს შენგელია.

ალექსანდრე ბაგრატიონისთვის მიუღებელია, რომ სპორტსმენებისთვის ქალაქში არაფერია გათვალისწინებული. მისთვის პრობლემა, რომ მთაწმინდა, ვერა, სოლოლაკი "გვენგრევა თავზე".

"ასევე ძალიან მინდა, რომ იყოს ფეხით სასიარულო ბევრი ქუჩა და არ მინდა ამდენი მანქანა ტროტუარზე. მე მინდა მანქანებისგან უფრო თავისუფალი ჩემი ქალაქი" - აღნიშნავს ალექსანდრე ბაგრატიონი.

ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ არ გვაქვს ბევრი სკვერი, - მიიჩნევს ანა ყიასაშილი. მისი თქმით, სეირნობის მოსურნე არის ბევრი, მაგრამ პარკები არის ცოტა.

"რაც არის, არის მოუვლელი. არ არის გაზონები და ბალახი, რომ დასვენების დროს დავსხდეთ, წიგნი წავიკითხოთ და ა.შ. ძალიან მაწუხებს, რომ ტროტუარებზე დადიან მანქანები და ტროტუარზე სიარულის დროს მიწევს ფიქრი, რომ არ დამეჯახოს მანქანა. თითქოს ქალაქში ყოველთვის აგებენ ქვაფენილს, მაგრმ წვიმის დროს ჭყაპუნობს და ფეხებზე გვესხმევა ტალახიანი წყალი. პრობლემაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეეზოვეები ხშირად გვიან ქალაქს, მაინც სულ ყრია ნაგავი. ეს ხალხის შეგნების პრობლემაა. მათ არ აქვთ იმდენი თვითშეგნება, რომ სახლის გარეთაც ქალაქი არის ჩვენი. სინამდვილეში, ეს ქალაქი ჩვენია და ჩვენ თვითონ უნდა მოვუაროთ", - მიიჩნევს ყიასაშვილი.

გვანცა გიორგობიანი ძველ თბილისში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "ყველაზე მეტად მაწუხებს ქალაქის დაგეგმარება. კორპუსები შენდება ისეთ ადგილას, რომელსაც არ უხდება. ზევიდან რომ გადმოხედავ თბილისს, ნახავ რომ იქ სადაც პარკები და კაფეები იყო, დიდი მახინჯი კორპუსი დგას. ჩვენ გვაქვს სახლი აბო თბილელის ქუჩაზე, პურის მოედანთან ახლოს, სადაც ინგრევა სახლები. ჩვენ პირადად არ ვცხოვრობთ ამ სახლში. გარე ფასადის შეცვლის უფლება არ გვაქვს, თვითონ უნდა გაამაგრონ, მაგრამ ეს გამაგრება არ ხდება. ძველი უბნები უნდა რესტავრირდეს".

საჯარო ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორსაც ყველაზე მეტად თვალში გამწვანების ნაკლებობა და ტროტუარებზე ბევრი მანქანა ხვდება.

"ეს შეიძლება ქუჩების სივიწროვის გამო არის, მაგრამ ამის მოწესრიგება მონდომების შემთხვევაში არის შესაძლებელი", - აცხადებს გიორგი კეკელიძე.

სოფო ბიბლაია კი ყველაზე მეტად კულტურული ღონისძიებების ნაკლებობით არის შეწუხებული: "თუ ტარდება კულტურული ღონისძიებები, მხოლოდ ეროვნულ დღესასწაულებზე და ეს ყველაფერი აურზაურით მთავრდება ხოლმე, ხალხს არ აქვს იმის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი სტანდარტის ფარგლებში და მშვიდად ჩაივლის. მინდა აღინიშნებოდეს 17 მაისი და სხვა ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომლებიც ტარდება სხვა ქვეყნებში".

ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას ერეკლე ურუშაძე. ამის მაგალითად მას რუსთაველის გამზირი მოყავს. მისი თქმით, თბილისის ამ ცენტრალურ ქუჩაზე, არ არის ფეხით მოსიარულეებისთვის არც ერთი გადასასვლელი, რაც მას "უნიკალურს" ხდის.

მარიამ გრძელიძე კი აცხადებს, რომ განსაკუთრებული საჭიროების ადამიანებისთვის არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. მისი თქმით, ქალაქი აბსოლუტურად გაუვალია მათთვის.

"იგივე მიწისზედა გადასასვლელები რაც გააკეთეს, მასზე ლიფტი არ არის. ლიფტი არ არის მეტროში. არ არის ლაპარაკი მარტო განსაკუთრებული საჭიროების ადამიანებზე, აგრეთვე საუბარია ხანდაზმულ მოქალაქეებზე, რომლებსაც უჭირთ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ასვლა".

კიდევ ერთ პრობლემად სახელდება ის, რომ ღამის 12 საათის მერე საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობს. ლაშა ქავთარაძე მიუთითებს, რომ მოქალაქეები იძულებულები არიან ტაქსით წავიდნენ, როდესაც ამ ქვეყანაში ბევრს არ აქვს ტაქსით გადაადგილების ფინანსური შესაძლებლობა.

გიორგი მაისურაძე კი დედაქალაქის ჰაერის დაბინძურებით არის შეწუხებული. მისი თქმით, "ჩვენ ვცხოვრობთ მოწამლულ, ფაქტობრივად გაზის კამერებში, ესეც შედეგია არასწორი განაშენიანების".

ინგა თოიძე კი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უსახლკაროების საკითხია, რომლებიც ყველა ნაბიჯზე გვხვდებიან.

"მე მგონი არ არის რთული, რომ მოიძებნოს კონკრეტული ადგილი მათთვის, რომ დასაქმდნენ", - აცხადებს თოიძე.

დავით ლაღიძე ყველაზე მთავარ საკითხად უმუშევრობის საკითხს აყენებს. მისი თქმით, თუ გახვალ ქუჩაში არის უამრავი ტაქსი, რაც უმუშევრობაზე მიუთითებს.

"ეს პრობლემა შეიძლება არც არის, მაგრამ შეიძლება არის. იმიტომ რომ, სახელმწიფო არ ზრუნავს ამ ადამიანების დასაქმებაზე" - დავით ლაღიძე.

ანა თვალავაძეს კი ყველაზე მეტად დაბინძურებული მიწისქვეშა გადასასვლელები აწუხებს: "ისეთი სუნი დგას ხოლმე, რომ ხშირ შემთხვევაში ზემოდან გადასვლა მიწევს. ეს ძალიან მაღელვებს. ასევე პრობლემაა, რომ არ არის საჯარო ტუალეტები.

გვერდის ავტორები ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებსაც აწუხებთ ქალაქში არსებული პრობლემები.

"იდეების ავტორებს არ გვინდა გამოჩენა, ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ და გვინდა რომ ის პრობლემები, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ. გამოჩნდეს", - გვითხრეს მათ.

ლექსო ნაბახტეველი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია