აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება.
"ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად, გადავდექი აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, შეინარჩუნეთ სამოქალაქო მშვიდობა და მოგიწოდებთ ჩაატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში", - ნათქვამია ხალხისადმი ანქვაბის მიმართვაში.
გუშინ, დღის პირველ ნახევარში დეფაქტო პრემიერი და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ანქვაბის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.
ე.წ. აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სერგეი შამბა აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ალექსანდრე ანქვაბის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.
"ინეტრფაქსთან" საუბრისას შამბამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ანქვაბის გადაწყვეტილებამ რესპუბლიკაში სტაბილური ვითარება შექმნა.
"მე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, ყოფილ პრეზიდენტს შემიძლია მივცე უსაფრთხოების სრული გარანტიები", - აღნიშნა შამბამ. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მასთან არანაირი პრეტენზია არ ექნებათ, მით უმეტეს, რომ ანქვაბმა ვითარების დასტაბილურება შეძლო.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.