გურიაში, სოფელ ჯუმათში მცხოვრებ 12 წლის ლუკა ჩხარტიშვილს ორის ნაცვლად ოთხი თირკმელი აქვს. მას ანომალიის შედეგად ოთხი თირკმელი განუვითარდა. თანდაყოლილმა დაავადებამ 6 თვის ასაკში იჩინა თავი. ლუკას გეგმიური აცრის შემდეგ კრუნჩხვა დაემართა, რასაც მისი მდგომარეობის დამძიმება მოჰყვა. მძიმე შეტევები მოზარდს ბოლო 12 წლის განმავლობაში ხშირად ემართება. "გაშავდა, პირიდან ქაფები სდიოდა, რაღაცა სასწაულ მდგომარეობაში ჩავარდა...", - ასე აღწერს ლუკას დედა არსებულ შეტევებს.
იმის გამო, რომ თირკმელები ვერ ასრულებს ფიზიოლოგიურ ფუნქციას, ლუკას სხვა ორგანოების სათანადო ფუნქციონირებასაც ექმნება საფრთხე.
როგორც ბავშვის დედა, ინგა ცენტერაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მის შვილს გამოკვლევა რამდენჯერმე ჩაუტარეს, საქართველოში ექიმები ზუსტი დიაგნოზის დასმას ვერ ახერხებენ. ლუკას მკურნალობის კურსს ბათუმსა და თბილისში უტარებენ, თუმცა მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება.
ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია. მრავალწლიან მკურნალობას ჩხარტიშვილების სახლის გაყიდვა და მთელი დანაზოგი დასჭირდა. უსახსრობის გამო ლუკას საზღვარგარეთ წაყვანას ოჯახი ვერ ახერხებს.
მსგავსი პრობლემების დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროში რეფერალური პროგრამის სარეზერვო ფონდია შექმნილი, თუმცა დაფინანსების მოსაპოვებლად გარკვეული პროცედურებია გასავლელი.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარიამ ჯაში აცხადებს, ოჯახმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკა ან მკურნალობა ვერ ხერხდება საქართველოში. მას შემდეგ, რაც კომისია საქმეს განიხილავს, დადებითი დასკვნის შემთხვევაში სამინისტრო პაციენტს 10 ათას ევროს გადაურიცხავს.
საბანკო რეკვიზიტები: GE90CN0000036101504063 USC Bank CONSTANTA
მომზადებულია "კურიერის" სიუჟეტის მიხედვით.