"მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი" - ინტერვიუ მოძღვართან, რომელიც წერს რომანს - "აღსარება ფეისბუქით"

"მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი" - ინტერვიუ მოძღვართან, რომელიც წერს რომანს - "აღსარება ფეისბუქით"

ის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია გახლავთ, რომელიც არასდროს ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და არ ფიქრობს იმაზე, - ვინ რას იტყვის... არც გარეგნულად ტოვებს მკაცრი მოძღვრის შთაბეჭდილებას, რაზეც თავად ასეთ განმარტებას აკეთებს: "არ შემიძლია ვიყო მკაცრი, ამას ნიჭიც უნდა!" მისთვის მართლმადიდებლობა დიდი კომფორტია და მიაჩნია, რომ ტაძრისკენ სავალი გზა სწორად აირჩია...

წერს ლექსებს, ამჟამად მუშაობს რომანზე - "აღსარება ფეისბუქით", რომელსაც არანაირი საერთო არ ექნება საეკლესიო საიდუმლოსთან.

- მამა პეტრე, დღეს როგორ გგონიათ, რატომ გაისმის სასულიერო პირების მიმართ საზოგადოების გარკვეულ ნაწილის საყვედურები და რას გრძნობთ ამ დროს თქვენ, როგორც მოძღვარი?

- სასულიერო პირების მიმართ კრიტიკა ყოველთვის იყო, მაგრამ ასეთი გადაჭარბებული დოზით არასდროს ყოფილა. ის, რაც დღეს მოძღვრების მისამართით ისმის, ყველაფერია, გარდა ჯანსაღი ოპონირებისა... მესმის, რომ ნებისმიერი ადამიანი შემოსილისგან მეტ სრულყოფილებას და თავშეკავებას მოითხოვს, თუმცა შემოსილებიც ადამიანები არიან, არანაკლები ბრძოლებით და ინტერესებით, რასაც ლოცვით, მარხვით, სულიერი ცხოვრების გამოცდილებით ებრძვიან ან ვერ ებრძვიან... ზოგადად განკითხვა მდაბიოთა ხვედრია და მასში გულისტკივილზე მეტად ბოღმა, სიძულვილი, შური, უღმერთობა იგრძნობა... სათქმელი რაც უნდა მართალი იყოს, თუ ის ჰუმანიზმს არის მოკლებული, არაფრისმომცემი და ყალბია... ყველაზე დიდი ადამიანობა ის არის, როცა სრულყოფილებას საკუთარ თავს მოვთხოვთ და მერე სხვას... როცა განკითხვის საგანი ხდები, შეიძლება ზეჭარბი იყოს, მაგრამ საფუძველი აუცილებლად ექნება და სწორად უნდა გამოიყენო... ისე კი, ამდენი განსჯა წვრთნის განსასჯელის სულს და უფრო საინტერესოს ხდის მას... მთავარია ყველაფერი მოთმინებითა და სიმშვიდით აიტანო... ყველას მოსაწონი ვერ იქნები... მაშინ ფარისეველი უნდა იყო... ამ უკანასკნელს კი სჯობს დარჩე იმად, ვინც ხარ, დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით... ადამიანი სრულყოფილია მისი არასრულყოფილებით...

- თქვენი აზრით, როგორ უნდა იცხოვროს მოძღვარმა 21-ე საუკუნეში ისე, რომ თავს არ დაიტეხოს ადამიანების რისხვა?

- ადამიანების თავსდატეხილი რისხვა ყოველთვის სუბიექტურია... მთავარია, ღვთის რისხვა არ გამოვიწვიოთ... საძულველია პირმოთნეობა, ვიღაცას რომ მოვეწონოთ, იმიტომ არ უნდა ვიქცეთ ჯამბაზებად!.. საზოგადოება სამწუხაროდ შორს არის სწორი ხედვისაგან, საგნებს თუ მოვლენებს ყოველთვის გარეგნულად აფასებს... საოცრად იზიდავთ ,,პური და სანახაობა"... ქრისტიანობა კი სიმართლესა და უბრალოებას ქადაგებს... რა საჭიროა გარედან წმინდანის როლი მოირგო და შიგნით ცოდვის მონობაში იტანჯებოდე?.. ყველა საუკუნეში მღვდელმსახური სიმართლეს, პატიოსნებას, უბრალოებას, თავისთავადობას, რწმენას, სიყვარულს, ერთგულებას, ინტელექტს უნდა ემსახურებოდეს... ,,სიმართლისა და რწმენისათვის ადი კოცონზე, იარე შენი გზით. დაე, ხალხმა ილაპარაკოს, რაც უნდა"...

- დღეს სასულიერო პირებს იმას საყვედურობენ, რომ დადიან ძვირად ღირებული ავტომანქანებით... არადა, ზოგიერთი მონასტერი მართლაც ისეთ მიუვალ ადგილას არის, რომ იქ თუ ძლიერი ჯიპით არ ახვედი, ფეხით შეიძლება, ორი დღე დაგჭირდეს...

- ... ჯიპების თემა საუბედუროდ, აქტუალურია... არადა, იმ ავტომობილით რამდენ სიკეთეს აკეთებენ მიუვალ ადგილებში გამოკეტილი ბერ-მონაზვნები... დღეს თუ რამეს წარმოვადგენთ, თუ საერთოდ ხდება სიკეთე შუაღამიანი ლოცვების და მონასტრული ღვაწლის დამსახურებაა... ყველაფერში მხოლოდ ცუდის დანახვა, უზნეო ადამიანების თვისებაა...

- რითი განსხვავდება თანამედროვე მოძღვარი მისი წინამორბედისგან? ანუ საუკუნეების წინ რომ ცხოვრობდნენ მათგან...

- ყველა დროს თავისი საცდური გააჩნია... დღეს კი მეტია, ვიდრე ,,ქვის ხანაში"... საკომუნიკაციო საშუალებები საცდურსაც გულისხმობს... თუმცა ბევრი სიკეთეც მოაქვს თანამედროვე გამოწვევებს... მოძღვარი მისი ეპოქის ღირსეული მემკვიდრე უნდა იყოს... ყველა შეკითხვას სწორად და ჯანსაღად პასუხობდეს, რადგან ეკლესია მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობაა...

- თქვენზე მსმენია, აღსარებას "ფეისბუქით" იბარებსო. ეს რამდენად მიზანშეწონილია. ამით კანონიკა ხომ არ ირღვევა?

- ამის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული... ვწერ წიგნს "აღსარება ფეისბუქით", რომელიც მხატვრული ლიტერატურის ნიმუში იქნება და არაფერი საერთო აქვს საეკლესიო საიდუმლოსთან...

- რას ითხოვთ თქვენი სულიერი შვილებისგან? სიმკაცრით მგონი, არ უნდა იყოთ გამორჩეული... ზოგიერთი მოძღვარი ისეთი მომთხოვნია, რომ ეკლესიაში ძლივს მისულ ადამიანს სიმკაცრით აფრთხობს და ადამიანს ამის გამო წირვაზე მისვლის სურვილი ეკარგება...

- ჩემი სულიერი შვილებისგან ვითხოვ სიყვარულს, ქრისტიანობას, ადამიანობას, პიროვნულ ღირსებებს, განათლებას, წიგნიერებას, სულიერ ზრდას, აზროვნებას... ვგმობ ფანატიზმს, მოჩვენებითობას, ფარისევლობას, მწუხარე ეკლესიურობას, გარეგნულ მარხვას, მოსაბეზრებელ ღვთისმოსაობას, სხვათა სწავლებას... არ შემიძლია, ვიყო მკაცრი! ალბათ ამასაც ნიჭი უნდა... ჩემთვის სიმკაცრე სიყვარულია. როცა გიყვარს, მკაცრად აუკრძალავ თავს იმ თვისებებს, რამაც შეიძლება, შენთვის ძვირფას ადამიანს გული ატკინოს...

- ცნობილია, რომ წერთ ლექსებსაც, გაქვთ გამოცემული ლექსების კრებულიც. პოეზია რა როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში და როდის წერთ?

- ზოგჯერ იცით, როგორ განწყობაზე ვარ?! ,,მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსი,/ თვით ჩემი ლექსი-სისხლის რვეული.../ პოეზიაში ვარ უდიდესი და ცხოვრებაში გზაარეული"... ლექსი ჩემთვის ყველაფერია... ვფიცავ მაღლა ღმერთს და დაბლა ჯვარზე გაკრულ პოეზიას... ვწერ ყველგან, ვწერ ყოველთვის...

- მოძღვრობა რამ გადაგაწყვეტინათ?

- ერთხელ დიოგენეს მიუახლოვდა მაკედონელი... ფილოსოფოსმა უთხრა, - გაიწიე, მზეს ნუ ეფარებიო... ქვეყნის დამპყრობელს წამოსცდა: ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენედ ყოფნას ვინატრებდიო... მამა პეტრე რომ არ ვიყო, მამა პეტრედ ყოფნას ვინატრებდი...

- მართლმადიდებლურ რელიგიაში თქვენთვის ყველაფერი მისაღებია?

- ჩენთვის მართლმადიდებლობა უდიდესი კომფორტია... უკეთესს ვერ ვინატრებ... ჩვენს საუბარს ნაპოლეონის სიტყვებით დავასრულებდი: ნაპოლეონ ბონაპარტის სიტყვა, რომელიც სიკვდილის წინ წმიდა ელენეს კუნძულზე დაწერა:

"მე ვიცნობ ადამიანებს და მე გეუბნებით თქვენ, რომ იესო არ არის ადამიანი, მას ნებავს გვწამდეს მისი, არ გვაძლევს რა სხვა საფუძველს გარდა მისი შემაძრწუნებელი სიტყვებისა: "მე ვარ ღმერთი". ფილოსოფოსებს სამყაროს საიდუმლოების ახსნა სურთ თავისი ამაო (ცარიელი) ნაშრომებით. ისინი უგუნურები არიან, მტირალ ბალღსა ჰგვანან, მთვარე რომ მოუსურვებია სათამაშოდ. ქრისტე არასდროს მერყეობდა, ის ლაპარაკობდა "ვითარცა ხელმწიფება აქუნდა". მისი რელიგია საიდუმლოებაა, მაგრამ დაფუძნებულია თავისსავე საკუთარ ძალაზე. ის ეძიებს და ითხოვს კაცთაგან აბსოლუტურ სიყვარულს - ყველაზე ძნელს, რაც შეიძლება იყოს ცისქვეშეთში. ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, ჰანიბალი იმარჯვებდნენ ქვეყანაზე, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მეგობრები. შესაძლოა, მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პატივს სცემს ალექსანდრეს, ცეზარს, ჰანიბალს.

ალექსანდრემ, ცეზარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? - ძალაზე. ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან თავისი ცხოვრება შესწირონ მას. მე თვითონ ისე მივიზიდე მასები, შთავაგონებდი რა მათ, რომ თავს წირავდნენ ჩემთვის, მაგრამ ამისთვის ჩემი იქ ყოფნა იყო საჭირო. ამჟამად მე წმინდა ჰელენეს კულძულზე ვარ და სადღა არიან ჩემი მეგობრები? - მე დავიწყებული ვარ და მალე ვიქცევი მტვრად, მატლის შესაჭმელად. რაოდენ დიდი უფსკრულია ჩემს უბედურ ყოფასა და ქრისტეს მარადიულ სამეფოს შორის, ქრისტესა, ვისაც აღიარებენ, ვინც უყვართ, ვისაც თაყვანსა სცემენ, და ვისი გავლენაც მთელ დედამიწას მიმოეფინება. სიკვდილია ნუთუ ეს? - თქვენ გეუბნებით: ქრისტეს სიკვდილი ღმერთის სიკვდილია! მერწმუნეთ მე - იესო ქრისიტე - ღმერთია!".

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია