საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა ისევ შემცირდა. "საქსტატის" მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში, 2013 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ბიზნესში სამუშაო ადგილები 23,3 ათასით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი - 10 ათასით გაიზარდა. იმის გამო, რომ დასაქმებულთა რაოდენობა, ძირითადად, სამშენებლო სექტორში შემცირდა, ექსპერტთა ნაწილი ამას სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შეფერხებას უკავშირებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის I კვარტალში ბიზნესსექტორში 495 700 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2013 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე 10 000-ით მეტია, ხოლო მეოთხე კვარტალის შედეგებზე 23 300-ით ნაკლები. 2013 წლის ბოლოს კერძო სექტორში 519 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.
"საქსტატის"ინფორმაციით, საწარმოებში დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში 40.5% ქალია, ხოლო 59.5% - კაცი. მსხვილ ბიზნესსექტორში დასაქმებულთა 6.2% მუშაობს, საშუალო ბიზნესში - 15.2%, 22,8% - მცირე ბიზნესში.
საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე შეადგინა 1.123 მლრდ ლარი, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი ბიზნესი - 78.0 პროცენტი; საშუალო ბიზნესი -10.8 პროცენტი; მცირე ბიზნესი - 11.1 პროცენტი.
საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 779.1 ლარია, მათ შორის, ქალების - 574.5 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი - 946.3 ლარი, საშუალო ბიზნესი - 550.0 ლარი, მცირე ბიზნესი - 426.7 ლარი.
2014 წლის პირველ კვარტალში საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე.
"23 ათასით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა ბიზნეს-სექტორში, ანუ იქ, სადაც მოსახლეობა დაქირავებით მუშაობს. თუ შევადარებთ წინა წლების იგივე კვარტალის მონაცემებს, მაშინ არცთუ დიდ განსხვავებას მივიღებთ. საფიქრებელია, რომ დასაქმებულთა შემცირება სეზონური ფაქტორითაც იყოს გამოწვეული.
გარდა ამისა, ეს მაჩვენებელი მიღებულია საწარმოთა გამოკითხვის შედეგად, რომელიც სამუშაო ძალის გამოკვლევის შედეგად მიღებული მაჩვენებლისგან განსხვავებული რამაა. ამ რაოდენობით ქვეყანაში დასაქმების მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებთ. ძალიან მნიშვნელოვანია - სამუშაო ძალის გამოკვლევის ობიექტი არის მთლიანად მოსახლეობა, ხოლო ამ გამოკვლევის ობიექტი არის მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრირებული საწარმოები. შესაბამისად, აქედან შორსმიმავალი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია",- განაცხადა კაპანაძემ.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ გიორგი ღაღანიძის თქმით, საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობაზე გავლენა სამშენებლო სექტორის ინერტულობამ იქონია.
"როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, დასაქმებულთა შემცირება მოხდა სამშენებლო სექტორში. თუ ჩვენ ავიღებთ 2013 წლის პირველ კვარტალს და შევადარებთ 2014 წლის პირველ კვარტალს, ვნახავთ, რომ შემცირება სწორედ სამშენებლო სექტორზე მოდის. საერთო მაჩვენებლის ასეთი ზრდა კი გამოიწვია იმან, რომ სხვა სექტორებმა ის უკვე ვეღარ დააბალანსეს. როდესაც იყო ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს სექტორი იზრდებოდა. იქედან გამომდინარე, რომ მთავრობამ ამ პროექტებზე გარკვეული დოზით უარი თქვა, შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.