სამეფო წყვილის საქორწინო კონტრაქტის დეტალები და ჯილდო შორენა ბეგაშვილს ოჯახის დანგრევისთვის

სამეფო წყვილის საქორწინო კონტრაქტის დეტალები და ჯილდო შორენა ბეგაშვილს ოჯახის დანგრევისთვის

სამეფო კარი განსაკუთრებით აქტიური ბოლო წლებში გახდა, მაშინ როცა შორენა ბეგაშვილის და დავით ბაგრატიონის სიყვარულის ისტორია გაიგო საზოგადოებამ. განსაკუთრებული პოპულარობით არც ბეგაშვილი გამოირჩეოდა და არც დავით ბაგრატიონის შესახებ ჰქონდა ხალხს ინფორმაცია, მაგრამ მეფის საყვარელი ქალის ისტორიამ ინტერესი სამეფო ოჯახისადმი გაზარდა. შემდეგ კი დავით ბაგრატიონმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ქალიშვილზე, ანა ბაგრატიონზე იქორწინა. რომელიც სამეფო შტოს პირდაპირი მემკვიდრეა. ანა ბაგრატიონისთვის ეს მეორე ქორწინება გახლდათ.

პირველ მეუღლესთან გაშორებიდან ორი წლის თავზე, საპატრიარქომ სასიძოს კანდიდატურად მისაღებად მიიჩნია ესპანეთიდან საქართველოში გადმოსახლებული, მუხრანელ ბაგრატიონთა არასამეფო განშტოების წარმომადგენელი - დავით ბაგრატიონი. მას საპატრიარქოში გამართულ სხვადასხვა წვეულებებზე პატრიარქი ახვედრებდა ბატონიშვილ ანას მისი მშობლების თანდასწრებით. ანა მაშინ 32 წლის, ამიტომ მისი ხელმეორედ გათხოვება მშობლებისათვის მისაღები იყო.

დედოფლის მამა იმედოვნებდა, რომ პატრიარქის ჩანაფიქრი - ბაგრატოვანთა ამ ორი შტოს დაქორწინების გზით გაერთიანება, დაასრულებდა ამ ორ ოჯახს შორის არსებულ დავას, რაც კერძოდ გამოწვეული იყო ემიგრაციაში (ესპანეთში) XX საუკუნის 40-იან წლებში მყოფი მამა-შვილის, თავადიშვილების - გიორგისა და მისი ვაჟის, ირაკლი ბაგრატიონი-მუხრანელების მიერ საქართველოს სამეფო ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრეების - ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო უფლებების მითვისებით. სწორედ ამიტომაც მიენდო ბატონიშვილი ნუგზარი საქართველოს პატრიარქს.

2008 წლის დეკემბერში, მისი უწმინდესობა, ილია II, მოსკოვიდან, რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ის დაკრძალვიდან დაბრუნებისთანავე შეხვდა სამეფო სახლის მეთაურს, ბატონიშვილ ნუგზარს და მის სასიძოს, დავითს, რომელთაც შესთავაზა ქორწინება დანიშნულიყო 2009 წლის აღდგომისათვის. თავის მხრივ, ბატონიშვილმა ნუგზარმა შეხვედრის დროს, (სასიძოს – დავითის თანდასწრებით), მოითხოვა დინასტიურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით ქორწილამდე გაფორმებულიყო დინასტიური საქორწინო ხელშეკრულება, როგორც ეს დღეს მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში, დაფიქსირდებოდა დასაქორწინებელ მხარეთა სტატუსები, ბატონიშვილი ანას უპირატესი დინასტიური უფლებები მისი მომავალი მეუღლის მიმართ, რის შესაბამისადაც, ამ ქორწინებიდან შობილი შვილიც დაბადებითვე მიიღებდა დედის სამეფო გვარს. ვაჟის დაბადების შემთხვევაში, ქართული დინასტიური სამართლის თანახმად იგი გაუსწრებდა უფროს დებს ტახტის მემკვიდრეობით რიგში. სიძე - თავადი დავითი გახდებოდა თანამოსაყდრე - მეუღლე-კონსორტი (ისევე როგორც ამ სტატუსს ატარებდა ბატონიშვილი ანას პირველი მეუღლე), როგორც მომავალი ტახტის მემკვიდრის მამა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქორწინება არადინასტიურ ქორწინებად ჩაითვლებოდა და შობილი შვილი იქნებოდა მუხრანელთა თავადური შტოს და არა სამეფო შტოს გამგრძელებელი.

ტრადიციისამებრ, სასიძო – თავადი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ეწვია სამეფო სახლის მეთაურს სახლში, ქალიშვილის ხელის სათხოვნელად. ოჯახის წევრების გადმოცემით, მან ბოდიში მოიხადა იმ ქმედებებზე, რაც ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში მისი უშუალო წინაპრებისგან უნებლიედ ხდებოდა და  სიტყვიერად დააფიქსირა, რომ ის აღიარებდა ბაგრატიონი-გრუზინსკების უპირატესობას საგვარეულოში.

2009 წლის პოლიტიკური მოვლენების გამო, პატრიარქმა სთხოვა ნუგზარ ბატონიშვილს ქორწილი 8 თებერვალს გამართულიყო. საპატრიარქო შეუდგა წინასაქორწინო მზადებას. მოულოდნელად, მისი უწმინდესობა ილია II ავად გახდა და ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. იმის გამო, რომ მოსაწვევები საპატრიარქოს მიერ უკვე დაგზავნილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა მონარქიულ სახლებში, ამიტომ 2009 წლის 8 თებერვალს დანიშნული ქორწილის გადადება შეუძლებელი შეიქმნა. პატრიარქის არყოფნის გამო ჯვრისწერის ცერემონიალშიც არ იქნა დაცული დინასტიური სამართლის მოთხოვნები.

საქორწინო ხელშეკრულების ქორწილამდე გაუფორმებლობამ თავისი უარყოფითი შედეგი მაინც გამოიღო. როგორც სამეფო კარის დანართშია ნათქვამი, გარკვეული ძალები დავით მუხრანელს აიმედებდნენ, რომ იგი გახდებოდა ტახტის მემკვიდრე. თუმცა სამეფო სახლის მეთაურის მიერ ქორწილში, საერთაშორისო და ქართულ დინასტურ სამართალზე დაყრდნობით გაკეთებული სიტყვიერი განცხადებით, რომ დავითს, როგორც სამეფო ოჯახის სიძეს, განესაზღვრა თანამოსაყდრის - "მეუღლე კონსორტის" სტატუსი, დავითისა და მის "მრჩეველთა" ფარულ ჩანაფიქრს წერტილი დაესვა.

დავითმა განაგრძო ბაგრატიონ-გრუზინსკების ლეგიტიმური უფლებების უხეში ხელყოფა. ბატონიშვილ ანას კი განუცხადა, რომ იგი თავად არის ტახტის მემკვიდრე და რომ მას შვილი არ სჭირდება. ქორწინებიდან, სულ რაღაც თვენახევარში, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა დავითის არაადექვატური და უღირსი საქციელების გამო.

შექმნილი ვითარების გამო, ბატონიშვილმა ნუგზარმა თავისი ქალიშვილი სახლში დააბრუნა. მდგომარეობა დაიძაბა...

2010 წელს, რუსეთის სინოდის წევრთა ვიზიტისას საქართველოში, ისინი შეხვდნენ დავით მუხრანელს. დელეგაციის გამგზავრების შემდგომ, მან ამ საქორწინო ხელშეკრულებას აღარ მოაწერა ხელი და უმალ ესპანეთში გაემგზავრა. მან უარი თქვა მეუღლე კონსორტობაზე, ასევე მომავალი ვაჟის, ბაგრატიონ-გრუზინსკების ხაზით საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარებაზე და მისი წინაპრის მიერ უკანონოდ, სამეფო ოჯახის სახელის გამოყენებით, დაარსებული რაინდული ორდენების შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე. ქორწინებაში მყოფი წყვილის ცალცალკე ცხოვრება გრძელდებოდა, ამიტომ პატრიარქი ბატონიშვილ ანას ყოველი შეხვედრისას მოუწოდებდა ოჯახის გადარჩენის მიზნით შერიგებოდა მეუღლეს და დავითისთვის მიეცა კიდევ ერთი შანსი. რამაც, ბოლოს თავისი შედეგი გამოიღო. ანა ესპანეთში გაემგზავრა 2010 წლის 12 ნოემბერს და შერიგდნენ, 2011 წლის 27 სექტემბერს კი შვილი, უფლისწული გიორგი გაუჩნდათ. იმის გამო, რომ ქორწინება დღემდე არ მოექცა ქართული დინასტიის ჩარჩოებში, უფლისწული ბაგრატიონ-მუხრანელთა გვარის გამგრძელებელია.

ანა და დავითი რამდენიმე თვის წინ საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს, ამის შესახებ განცხადება დავით ბაგრატიონმა გაავრცელა. უფლისწული დედის ოჯახში იზრდება, მამა ხშირად სტუმრობს მას და ერთად დადიან რუსთავში, სადაც ავტოსპორტით ერთობიან.

როგორც სამეფო კარის მიერ გამოგზავნილ დანართშია აღნიშნული: ჟენევაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, სახელწოდებით "საერთაშორისო რესპუბლიკურ ლიგა"-ს, თავისი ყოველწლიური ჯილდოც კი გაუცია ბეგაშვილისთვის - "ევროპის რუქაზე კიდევ ერთი მონარქისტული სახელმწიფოს არ გაჩენაში გაწეული ღვაწლისთვის..."

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია