რუსთავი ყარს: ვირთხები, ანტისანიტარია, ნაგვის სუნი და მწერები - მოსახლეობა შველას ითხოვს

რუსთავი ყარს: ვირთხები, ანტისანიტარია, ნაგვის სუნი და მწერები - მოსახლეობა შველას ითხოვს

კორპუსებში განთავსებული ნაგვის ბუნკერები რუსთაველებისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მობინადრეები საერთო ბუნკერების გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სადარბაზოებში არსებული ანტისანიტარია, ნაგვის სუნი, ბუნკერებში მობინადრე მწერები და ვირთხები მათ მუდმივად პრობლემებს უქმნით. ზაფხულის დადგომასთან ერთად რუსთავის მცხოვრებლებისთვის პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. როგორც მობინადრეები ამბობენ, დასუფთავების სამსახურს ნაგავი კვირაში ორჯერ გააქვს, რაც არ არის საკმარისი. ნაგვის სუნი განსაკუთრებულ დისკომფორტს კორპუსის ქვედა სართულების მაცხოვრებლებს უქმნის:

"კორპუსში არსებული სანაგვე ურნა განსაკუთრებულად პრობლემატურია ზაფხულში. ნაგავი გააქვთ საშუალოდ კვირაში 2-ჯერ და წარმოიდგინეთ, ამდენი საკვები და სხვა ნარჩენი რომ დალპება, როგორი სუნი ექნება. კორპუსში არის უამრავი კატა, რაც ეჭვს აჩენს, რომ ვირთხებიც იქნებიან. ფაქტობრივად, ბუნკერები ანტისანიტარიის ბუდე უფროა, ვიდრე მოსახლეობისთვის კომფორტის შემქმნელი. გარდა ამისა, ზაფხულში, როდესაც დილით ადრე ნაგავი გააქვთ, ფანჯრის გაღება ჭირს, რადგან შემოდის ნაგვის არასასიამოვნო სუნი. დასუფთავების მუშაკები გადაადგილდებიან ძალიან ძველი საბჭოთა ავტომობილებით და ნიჩბით ხვეტენ ნაგავს. ქარიან ამინდში კი სუნს სხვა პრობლემა ემატება - მსუბუქ ნაგავს, პოლიეთილენის პარკებსა და ქაღალდებს ქარი მანქანიდან იტაცებს ხოლმე. მოკლედ, სრული მარაზმია"- განაცხადა "ამბები.გე"-სთან საუბრისას ტაშკენტის 5 ნომერში მცხოვრებმა მარიამ შიხაშვილმა.

იმავე კორპუსის რამდენიმე მაცხოვრებელმა Ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საჭიროა ამხანაგობის მიერ მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება, რომლის მიხედვითაც ისინი ბუნკერების გაუქმების თანხმობას დაადასტურებენ. რამდენიმე ზედა სართულის მობინადრემ კი აღნიშნა, რომ ვიდრე მერია ლიფტების რეაბილიტაციას უზრუნველყოფდა, ისინი ბუნკერების გაუქმების იდეას არ ეთანხმებოდნენ, რადგან მე-8 მე-9 სართულიდან ეზოში ფეხით ჩასვლა და უკან დაბრუნება დისკომფორტს უქმნიდათ. მაგრამ ახლა, როდესაც თითქმის ყველა კორპუსის ლიფტი გამართულად ფუნქციონირებს, კორპუსში ბუნკერის არსებობას არანაირი გამართლება არ აქვს.

რატომ გაჭიანურდა კორპუსებში არსებული ბუნკერების გაუქმება და გეგმავს თუ არა ქალაქ რუსთავის მერია ამ პრობლემის უახლოეს მომავალში მოგვარებას? ამ კითხვებით "ამბები.გე"-მ რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ტაბატაძეს მიმართა.

"მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგაც გამარჯვებული კომპანია პატარა და დიდი ზომის ნაგვის 700 კონტეინერით უზრუნველყოფს დასუფთავების სამსახურს. რამდენიმე კორპუსის ამხანაგობამ მერიას წერილითაც მოგვმართა, რათა მათ კორპუსებში ბუნკერები გაგვეუქმებინა, მაგრამ ვიდრე ტენდერი არ დასრულდება, პრობლემის მოგვარებას ვერ დავიწყებთ", - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის თვითმმართველობა მრავალსართულიან კორპუსებში ნაგვის ბუნკერების დალუქვას და მათ ნაცვლად მოძრავი ლითონის ურნების კორპუსებთან განთავსებას ჯერ კიდევ 2012 წელს გეგმავდა, თუმცა პროცესი გაუგებარი მიზეზების გამო გაჭიანურდა და დღემდე მოუგვარებელი რჩება.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია