საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მომხმარებლებს ე.წ. საკრედიტო მახეების შესახებ აფრთხილებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქადაგიძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა სესხის აღებისას არა მხოლოდ კარგად წაიკითხონ ხელშეკრულებები, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორებიცაა განვადება, საკრედიტო ბარათი და სესხის გადაფარვა.
"უკანასკნელი ტენდენციების ანალიზი ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საცალო დაკრედიტება სამომხმარებლო სექტორში. თუ ამას დავუმატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებს, მომენტალურ განვადებებს და სხვა, ვიღებთ სურათს, როცა ვალის მომსახურების ტვირთი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არის საკმაოდ მაღალი და კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში ის შეიძლება დიდ საფრთხეებს შეიცავდეს. ამავე დროს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ადამიანების ნაწილს ფინანსური პრობლემა შეექმნას. ასეთ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ ის მიაკითხავს შესაბამის ინსტიტუტს სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით. პრობლემა და არაეთიკური პოლიტიკა კი არის ზუსტად იმაში, რომ ესა თუ ის საკრედიტო ინსტიტუტი ასეთ ადამიანს სთავაზობს ახალ სესხს ძველი სესხის გადასაფარად. როგორც წესი, ეს არის საკითხის დროებითი მოგვარება და არა ფუნდამენტურად. თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვექნება ადეკვატური რეაგირება, თუმცა არის მეორე ფაქტორიც - მინდა უშუალოდ მომხმარებლებს ვთხოვო, გავაფრთხილო, მოვუწოდო, რომ არა მარტო ხელშეკრულებები წაიკითხონ კარგად, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორიცაა განვადება, საკრედიტო ბარათები, სესხის გადაფარვა. ესენია ყველაზე ძვირი პროდუქტები საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში. ამიტომ, როცა ასეთი ძვირადღირებულ პროდუქტის მოხმარებას ვირჩევთ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და კარგად დავგეგმოთ საკუთარი ფინანსები. ფუფუნების საგნების კრედიტით შეძენა რისკების შემცველია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
აღნიშნულ კონტექსტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბანკების მხრიდან საკრედიტო პოლიტიკის კლიენტის მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მისადაგება უნდა მოხდეს.
"მხოლოდ ის, რომ პრობლემური სესხი გადავფაროთ ახალი სესხით, ან როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ავიღოთ ერთი ბარათი, მეორე მეორე ბარათი, მერე განვადება გავაკეთოთ, პრობლემას არ ხსნის. ასეთ დროს, რაღაც მომენტში აღმოვაჩენთ, რომ ვალის მომსახურების ტვირთი პროდუქტების ფართო სპექტრზე არის საკმაოდ მაღალი, გვექმნება პრობლემა, მერე მივდივართ, ვიღებთ დიდ სესხს, რომ ეს ყველაფერი გადავფაროთ, ამ დიდი სესხის ქვეშ კი უზრუნველყოფაში ვდებთ უკვე უძრავ ქონებას. ამ პროცესს, რომელიც მე აგიღწერეთ, ჰქვია "კლასიკური საკრედიტო მახე". იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, აუცილებელია, ერთი მხრივ, მომხმარებელმა ბოლომდე გაიაზროს ის რისკები, რაც დაკავშირებულია ძვირადღირებულ საკრედიტო პროდუქტებთან და მეორე მხრივ, ბანკებმა ადეკვატურად შეაფასონ და ისინი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ მომხმარებლებს. შესაბამისად, ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ - პირველი – მოხდეს ბანკების მხრიდან საკრედიტო პოლიტიკის მაქსიმალურად მისადაგება კლიენტის მოთხოვნილებებზე და მეორე – მოხდეს მაქსიმალური გამჭვირვალობა იმ პროდუქტების, რომლებზეც ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ესმოდეს ყველა საფრთხე, რომელიც გამომდინარეობს ასეთი პროდუქტების მოხმარებისგან", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
გიორგი ქადაგიძის შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ეროვნული ბანკში გაიმართა. მას სფეროზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.