ამას წინათ ახლობელი მიყვებოდა, ბაზარში ვიყავი და ჯიბიდან საფულე ვიღაც გარეწარმა ამომაცალაო... ისე, ასეთი რამ თუ კიდევ ხდებოდა, აღარ მეგონა, რადგანაც მიმაჩნდა, რომ ადამიანებმა ე.წ. "კარმანშიკებთან" ურთიერთობის ცუდი მოგონებები 90-იანებში დატოვეს... ერთი-ორჯერ მათგან მეც კარგად ვარ გამწარებული... მართლა საოცარი განცდაა, როდესაც აღმოაჩენ, რომ ჯიბიდან რაღაც ამოგაცალეს...
მოკლედ, ჯიბის ქურდების მსხვერპლი ალბათ, არაერთი ადამიანი ყოფილა, მაგრამ ჩემი გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას ხულიგნების მიერ მინიჭებული ეს საშინელი განცდა არ სწვევია... თუმცა არიან ადამიანები (ცნობილთა შორისაც), ვისთვისაც ჯიბეში ხელი ჩაუყვიათ.
ვახტანგ რჩეულიშვილი, ყოფილი პარლამენტარი:
- უნდა გითხრათ, რომ ეს ფრიად უსიამოვნო გრძნობაა, რომელიც ჩემს ახლგაზრდობაში, სტუდენტობისას გამოვცადე. პლეხანოვზე ხალხით გაჭედილ ტროლეიბუსში ჩავჯექი და უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაც ჯიბეში ხელს მიყოფდა. პირველი წამები გავშეშდი, იმდენად უჩვეულო და უსიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდი. მივხვდი, ქურდი იყო, თან, გამიკვირდა, პლეხანოვზე ამას ვინ მიბედავს, ჯიბეში რომ მიძვრება-მეთქი. იმ ადამიანისკენ მივბრუნდი, შევხედე და დაახლოებით, 30-35 წლის კაცი იქნებოდა, უბრალოდ ეცვა, თვალი გამისწორა და ჯიბიდან უეცრად ხელი ამოიღო. ჯიბეში დანა მედო, ოდნავ გახსნილი და როგორც ჩანს, ხელში ეჩხვლიტა. უსიტყვოდ მიტრიალდა და ტროლეიბუსიდან ჩავიდა. არაფერი მითქვამს. ჩხუბი რომ ამეტეხა, შეიძლება, დაეჭირათ. მგზავრებიდან მოწმე გამოჩნდებოდა და უხერხულ მდგომარეობაში (დაზარალებულის როლში) ჩავვარდებოდი, რაც ქუჩაში სამარცხვინოდ ითვლებოდა.
ახლა მინდა, რომ მაიას, ჩემი მეუღლის ამბავიც მოგიყვეთ: 1998 წელს ლაგოდეხში პარლამეტის დეპუტატის არჩევნების წინ (ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. პირველად ღიად დავუპირისპირდით შევარდნაძე-ჟვანიას "მოქალაქეთა კავშირს") საარჩევნოდ გამზადებული 5 ათასი ლარი ამოაცალეს. თავიდან ინერვიულა, მაგრამ მერე თქვა, - რომ წარმოვიდგენ, რა სიხარული დაატყდა თავს იმ ქურდს, ამოდენა თანხა რომ ნახა, - მიპატიებიაო.
და კიდევ: ჯიბეში ხელი პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით კი ჩაუყვიათ - უგულავამ და "დექსუსმა" 100-მილიონამდე მომპარეს...
დათო ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი:
- 2010 მეგობრები ბათუმში ვისვენებდით და დაახლოებით 15 კაცი ტრაპზონში რუსეთ-საქართველოს მატჩზე რაგბიში გავემგზავრეთ. მარჯვენა გულის ჯიბეში საფულე მედო, რომელშიც 2000 დოლარი მქონდა. შევედით მატჩზე, დავესწარით, ვუგულშEმატკივრეთ და მერე ყველანი ერთად, რესტორნისკენ დავიძარით. ჯიბეში ხელი რომ ჩავიყავი, საფულე აღარ მედო. შოკი მივიღე, რადგანაც იმ 15 მეგობრის ფული, ჩემთან იყო მობარებული - ზოგს ჯიბე არ ჰქონდა, ზოგს შორტი ეცვა და გადაწყვიტეს, ფული ჩემთვის მოეცათ, შენ შეინახეო. მივიბარე და ვუთხარი, - ნუ გეშინიათ-მეთქი. მოკლედ, როგორ ამომაცალეს, ვერც მივხვდი. საოცრად უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ამასთან, ბავშვებიც გვახლდნენ და ყველანი მშივრები დავრჩებოდით, იმ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს რომ არ ესესხებინა, ვინც ბათუმიდან ტრაპზონში წაგვიყვანა. მერე გავიგე, იქ ბევრი თბილისელი იყო და ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილა. როგორც ჩანს, ტრაპზონში "კარმანშიკები" კარგად მუშაობენ.
- პოლიციისთვის არ მიგიმართავთ?
- კი, მთელი ამბავი ავტეხე. წამიყვანეს, რაღაცები დაწერეს, მაგრამ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა... თან, შეურაცხყოფაც მომაყენეს, ეს ვიღაც ქართველი იქნებოდაო. რაც არ უნდა ცუდი იყოს, ვალდებული ვარ, ქართველი დავიცვა, არასოდეს გავალანძღინებ სხვას ჩემი ქვეყნის მოქალაქეს. მოკლედ, ქართველები დავიცავი და მათი ნათქვამი გავაპროტესტე. იმის მერე საფულეს საოცრად ვუფრთხილდები.
ხატია სიჭინავა, ტელეწამყვანი:
- ასეთი ამბავი მინდა, გავიხსენო: მაშინ მაღაზიები თბილისში არ იყო (90-იან წლებს ვგულისხმობ), სადაც ადამიანი ტანსაცმელს შეიძენდა. ამიტომ, ერთადერთი ადგილი შოფაგოლიკებისთვის ბაზრობა გახლდათ. 15 წლის ვიყავი და ზურგჩანთით დავდიოდი. ვიგრძენი ვიღაც ჩანთაზე ფრთხილად მექაჩებოდა. ძალიან ფიცხი ხასიათი მაქვს და დამავიწყდა, რომ გამაფრთხილეს, ჯიბის ქურდები ბასრი დანებით დადიან და ადამიანებს წინააღმდეგობის გაწევისას სახეს უსერავენო. მოკლედ, როცა ვიგრძენი, რომ ჯიბეში ხელი ჩამიყო, მოვტრიალდი და პირდაპირ თმაში ვწვდი. ისე დაიბნა, რომ ძლივს მოიშორა თმიდან ჩემი ხელი და კისრისტეხით გაიქცა... ისე, წიგნებს თუ ამომაცლიდა, თორემ ფულს ვინ მომცემდა 15 წლისას იმდენს, რომ მოსაპარად მქონოდა. ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა...
სპეციალურად Ambebi.ge-სთვის,
ლალი ფაცია