მამა ღმერთმა არ იცის, ჩაატარებს თუ არა რუსეთი ანექსიას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს საღამოს ჟურნალისტებს განუცხადა. ამით თავდაცვის მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიით.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, რაც მოხდა უკრაინაში, ამან ცხადყო, რომ რუსეთი აგრძელებს პოლიტიკურ ანექსიას ახლო სამეზობლოში. "რაც შეეხება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ეს შევაფასე კიდევაც, რომ იყო სწორედ რუსეთიდან დაგეგმილი პოლიტიკური სცენარი. ჩაატარებს თუ არა ანექსიას რუსეთი, ეს მამა ღმერთმა არ იცის, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას იღებს ერთადერთი კაცი, ეს არის პუტინი და რა თქმა უნდა, ვერც ჩვენს პრემიერს და ვერც ყველაზე დიდ სადაზვერვო ორგანიზაციას ვერ ექნება ამის შესახებ ინფორმაცია", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
აღნიშნული კომენტარი მან ვაკის პარკში, "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატის, დავით ნარმანიას ვაკელებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.