პოლიციამ საარჩევნო უბნიდან გატაცებული ბიულეტინები იპოვა

პოლიციამ საარჩევნო უბნიდან გატაცებული ბიულეტინები იპოვა

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში, მარტვილის მე-16 საარჩევნო უბნიდან გატაცებული საარჩევნო დოკუმენტაცია უბნიდან 200 მეტრში იპოვეს.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ნაპოვნი ბიულეტენები დალუქული და ხელუხლებელი იყო და დაუბრუნდა საარჩევნო უბანს.

სამეგრელოში, მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე, სოფელ დოშაყეში ინციდენტი დილის 06:00 საათზე მოხდა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, უბანს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიტაცეს.

მოგვიანებით უბანი გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი განახლდა. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის ყველა დანარჩენი უბანი გახსნილია და დაწყებულია კენჭისყრის პროცესი.

ეკა აზარაშვილის თქმით, დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო ამომრჩევლთა აქტივობის შესახებ პირველი მონაცემები 12:30 საათზე გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, ეკა აზარაშვილის თქმით 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური კომისიის მედიაცენტრი და ცხელი ხაზი: 2 51 00 51, ონლიანჩატი და ონლაინოპერატორი, სადაც შესაძლებელია არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება.

"მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ დღეს, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. კენჭისყრის დღეს ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასდიანი და უფასო რეკლამის განთავსება, ტელევიზიის და რადიოს ეთერში. ასევე კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა