15 ივნისის არჩევნებზე 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევენ

 15 ივნისის არჩევნებზე 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევენ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ამომრჩეველი 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევს. 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები ყველა სხვა ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებული და გამორჩეული იმით არის, რომ ასარჩევად გაცილებით მეტი მანდატი "თამაშდება", ვიდრე ეს წინა არჩევნების დროს იყო.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" რეფორმირების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მერებს პირდაპირი წესით აირჩევენ 12 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. ასევე პირდაპირი წესით, თვითმმართველი თემის გამგებლები აირჩევიან, რომელთა რაოდენობაც 59-ია.

მერისა და გამგებლის პოსტს ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებს, ამ არჩევნებისთვის ასარჩევია: 71 საკრებულოს 2088 წევრი.

თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისგან, ასევე შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან (რომლებიც ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შედის) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.

თვითმმართველი ქალაქის საკრებულო (გარდა თბილისისა) შედგება: პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს, ხოლო თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ზე ნაკლებია, პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისგან.

წევრების რაოდენობით ყველაზე დიდია თბილისის საკრებულო, რომელიც 50 დეპუტატისგან შედგება. ამათგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

მერები, გამგებლები და საკრებულოს წარმომადგენლები ოთხი წლის ვადით აირჩევიან.

თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატებს შორის არიან: N1 - კახა კუკავა ("არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)"), #3 - დიმიტრი ლორთქიფანიძე ("ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია") #5 - ნიკანორ მელია (ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), #6 - გიორგი გაჩეჩილაძე ("გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია"), #7 - მიხეილ სალუაშვილი ("უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე") , #8 - ირმა ინაშვილი ("დავით თარხან-მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ) #9 - სერგო ჯავახიძე (ბლოკი "თვითმმართველობა ხალხს!" ), #11 - ირაკლი ღლონტი ( "ირაკლი ღლონტი - რეფორმატორები" ), #13 - გიორგი ლაღიძე ("მომავალი საქართველო"), #18 - თეიმურაზ მურვანიძე ("სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზა"), #20 - ასმათ ტყაბლაძე ("შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"), #30 - გიორგი ლილუაშვილი ("მერაბ კოსტავას საზოგადოება" ) #36 - როინ ლიპარტელიანი ("საქართველოს მშრომელთა საბჭო"), #41 - დავით ნარმანია ("ქართული ოცნება" ).

გარდა მერისა, თბილისი დღეს საკრებულოსაც აირჩევს, 50 წევრიდან 25-ს - პროპორციული სიით, 25-ს კი - მაჟორიტარული წესით.

ბოლო მონაცემებით თბილისის 10 საარჩევნო ოლქში 918 667 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან ყველაზე მეტი ამომრჩეველი - 132 697 სამგორის საარჩევნო ოლქშია, ყველაზე ცოტა, 41 118 კი - კრწანისში.

მერის პოსტს ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა