პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"მინდა მთელს საქართველოს მივულოცო მართლაც თავისუფალი, გამჭვირვალე, ღია და დემორკატიული არჩევნების ჩატარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მინდა ასევე გამარჯვება მივულოცო ჩვენს კანდიდატებს. 8 საათის მონაცემებით, თბილისში პირველ ტურში მოიპოვა გამარჯვება ჩვენმა კანდიდატმა დავით ნარმანიამ. ახლა საჭიროა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ "ქართული ოცნების" შტაბში გამრთულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, დღევანდელი გამარჯვებით კოალიციიამ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნება" მართლაც უალტერნატივო ძალაა. "მიუხედვად უპრეცედენტო მაღალი საარჩევნო ბარიერისა და სამართლიანი კონკურენციისა, ჩვენ სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ეს ნიშნავს, რომ 2012 წელს ჩვენს მიერ დაწყებული დემოკრატიული ცვლილებები განვითარების ერთადერთი სწორი გზაა. მინდა ჩვენს ხალხს გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადავუხადო. გარწმუნეთ, რომ ჩვენ ერთად მივიყვანთ ქვეყანას რეალურ დემოკრატიამდე", - აღნიშნა პრემიერმა.
ცესკოს მიერ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე, 20:00 საათზე ტელეკომპანიების "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა. "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს. ამომრჩეველთა წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ნარმანიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 52,6 %-მა მისცა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე 23,9 %-ით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა.
თბილისის მერობის დანარჩენ კანდიდატებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე, "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" - 10,8%, "პატრიოტთა ალიანსი" – ირმა ინაშვილი 5,8 %, ასმათ ტყაბლაძე, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2,6%, კახა კუკავა – არასაპარლამენტო ოპოზიცია – 2,1 %, გიორგი გაჩეჩილაძე -1,1 %.
რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის დაკვეთით გერმანული კომპანია GFK-ის ეგზიტპოლის შედეგებს, მის მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. GFK-ის ცნობით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია, 46,3%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია, რომელსაც, ეზგიტპოლის თანახმად, 27,2 % უჭერს მხარს. მესამე ადგილს კი "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იკავებს 10,4%-ით. მეოთხე ადგილზეა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანიდატი ირმა ინაშვილი – 6%-ით, რის შემდეგაც 2,3%-ით კახა კუკავა მოდის.
ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე, ერთად ვიზრუნოთ თბილისზე, - ასე მიმართა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ. მისი თქმით, თავისუფალი არჩევნების ჩატარებამ შედეგი გამოიღო და მთელი საქართველო ამას ზეიმობს. "ჩვენ კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ ქვეყანას, რომ ღირსნი ვართ ვიცხოვროთ თავისუფალი საქართველოში. მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ჩვენ არასდროს შეგვპარვია ეჭვი საკუთარ სამართლიანობაში. თქვენმა შემართებამ, ერთგულებამ, თავისუფალი არჩევნების ჩატარებამ შედეგი გამოიღო და მთელი საქართველო ამას ზეიმობს. მადლობა უზარმაზარი ნდობისთვის, შეუდრეკელობისთვის და რწმენისთვის. ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ერთხელაც არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენ გამარჯვებაში", - მიმართა "ქართულ ოცნებასთან" შეკრებილ მხარდამჭერებს ნარმანიამ.მისივე თქმით, საქართველომ დაუმტიკიცა მსოფლიოს, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია თავისუფალი და დემოკრატიულია არჩევნების ჩატარება.
"ჩვენ დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ საქართველოშიც შესაძლებელია თავისუფალი და დემოკრატიული არჩვენების ჩატარება და სახელმწიფო შესაძლებელია ხალხს ემსახურებოდეს. ხვალიდან ჩვენ ერთად, ახალი ენერგიით გავაგრძელებთ ქვეყნის შენებას. საქართველო აღარასოდეს დაბრუნდება უკან, აღარასოდეს იცხოვრებს სიცრუეში. ჩვენ საბოლოოდ დავალაგებთ ქვეყანას და ერთად შევქმნით დიდ მომავალს. ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე, ერთად ვიზრუნოთ თბილისზე", - აღნიშნა ნარმანიამ.
"ინტერპრესნიუსი"