"თბილისში მეორე ტური ჩატარდება" - როგორ აფასებენ ეგზიტპოლების შედეგებს "ნაციონალები"

"თბილისში მეორე ტური ჩატარდება" - როგორ აფასებენ ეგზიტპოლების შედეგებს "ნაციონალები"

შეიძლება გადაჭრითაც უკვე ითქვას, რომ თბილისში მეორე ტური ჩატარდება, - ამის შესახებ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, სრულიად ცალსახაა, რომ თითქმის ყველა თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური იქნება.

"ქართულმა საზოგადოებამ ნათლად დაანახა ივანიშვილს და მმართველ კოალიციას, რომ მას არ მოწონს ქვეყნის ის განვითარება, რომელიც მათ შესთავაზეს. მათ არ მოწონთ იმ ტყუილ დაპირებებზე აგებული პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა მათ სთავაზობს. მათ არ მოწონთ უმუშევრობის, კრიმინალის ზრდა. ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად დაანახა და აგრძნობინა ამ არჩევნებით მთავრობას ეს გზავნილი. სრულიად ცალსახაა მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმები წინაა, რომ თითქმის ყველა თვითმმართველ ქალაქში ჩატარდება მეორე ტური. პირველ რიგში, მეორე ტურის მაღალი ალბათობაა და შეიძლება გადაჭრითაც ითქვას, რომ თბილისში მეორე ტური ჩატარდება", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, მეორე ტურის მაღალი ალბათობაა რუსთავში, ბათუმში, თელავში, გორში და მაღალი ალბათობით მეორე ტური ასევე შესაძლოა იყოს ქუთაისში.

"გორის გარდა, წინასწარი მონაცემებით, ყველა დიდ თვითმმართველ ქალაქში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები არიან მეორე ტურში", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, მეორე ტურში საზოგადოება კიდევ უფრო ნათლად დაანახებს მთავრობას, რომ აღარ შეიძლება ასე გაგრძელება.

"მთავარი ინდიკატორი და მთავარი გზავნილი საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ იყო ის, რომ უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა მთელ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში. შეუდარებლად დაბალი იყო აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით. აქტივობა წარმოუდგენელად დაბალი იყო საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით და წარმოუდგენლად დაბალი იყო წინა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით. მე მგონი, ეს ძალიან ცალსახა გზავნილია იმისა, რომ მთავრობამ არსებითად უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა და რაც მთავარია დაანებოს თავი იმ ცინიკურ პოლიტიკას, რომ თითქოს ყველა დაპირება შესრულებულია, რომ ყველაფერი კარგად არის და მთავრობამ დაპირებებზე მეტი გააკეთა", - აღნიშნა უგულავამ.

მისი თქმით, დანარჩენ უმრავლეს რაიონში გამგებლების არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

"ჯერჯერობით უცნობია დანარჩენ 59 რაიონში ვითარება და ჩვენ ველოდებით, რომ უმრავლეს რაიონებში გამგებლობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა აქტივისტს, რომელმაც უამრავი ცილისწამების მიუხედავად აგრძნობინა მთავრობას, რომ საზოგადოება აღარ მოითმენს იმ ცინიზმს, რომელიც ივანიშვილის მთავრობის მხრიდან მოდის", - აღნიშნა უგულავამ.

ეგზიტპოლის შედეგებს გაომეხაურა ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი.

"დღეს ცხადი გახდა, რომ ამომრჩეველმა უარი უთხრა ტყუილს, შეუსრულებელ დაპირებებს, გაჩერებულ ქვეყანას, – აღნიშნა გაბაშვილმა.

მისი თქმით, არსებული მონაცემებით, ცხადია, რომ თბილისსა და ყველა დიდ თვითმმართველ ქალაქში საჭირო იქნება არჩევნების მეორე ტურების ჩატარება, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

"შეიძლება ითქვას, რომ ყველა მესამე ამომრჩეველმა ხმა მისცა მთავარ ოპოზიციურ ალტერნატივას – "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებმაც შეიძლება სხვა პარტიების სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, მეორე ტურებში მხარი დაუჭირონ მთავრობის ალტერნატივას", – აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

გაბაშვილი "ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელთა განწყობები ცხადყოფს, რომ სურთ, არჩევნების რეალური შედეგების შეცვლა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით კი, მთავრობა ცდილობს, საზოგადოებას ზეიმის იმიტაცია შესთავაზოს, თითქოს მათ საზეიმოდ და მისალოცად აქვთ საქმე.

"რა უნდა იზეიმოს მთავრობამ, სადაც მოსახლეობის 60% არ მოვიდა არჩევნებზე?! თითოეული არმოსული ადამიანი ეს არის პროტესტი მთავრობისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ. რა უნდა იზეიმოს მთავრობამ, როცა ეგზიტპლის მონაცემების მიხედვით, პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში დანიშნული აქვს მეორე ტური, მათ შორის თბილისშიც. რა უნდა იზეიმოს მთავრობამ, რომელიც საზეიმოდ აცხადებდა რამდენიმე დღის წინ, რომ მას აღარ ჰყავდა ოპოზიცია და დღეს დაფიქსირდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან ძლიერი ოპოზიციური ძალა. ამიტომ მე ვერ გეტყვით რამდენად საზეიმოდ აქვს მთავრობას საქმე. არც ჩვენ ვაპირებთ ზეიმს და ვართ შერიგებაზე, ქვეყნის დამშვიდებაზე ორიენტირებული ძალა, რომელიც მოდის ერთადერთი მიზნით – წერტილი დაუსვას დაპირისპირებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა