"იმედი მაქვს, მომავალ ტურზე არ გადაყვებით ფეხბურთის ყურებას" - წულუკიანი თბილისელ ამომრჩეველს საყვედურობს

"იმედი მაქვს, მომავალ ტურზე არ გადაყვებით ფეხბურთის ყურებას" - წულუკიანი თბილისელ ამომრჩეველს საყვედურობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისელებსა და კოალიციის ამომრჩევლებს მოუწოდებს, მეორე ტურზე უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი მომდევნო ტურზე არ გადაყვება ფეხბურთის ყურებას, მივა საარჩევნო ურნასთან და საკუთარ ბედს გადაწყვეტს ისე, როგორც მას საჭიროდ მიაჩნია.

"რაც შეეხება მეორე ტურს, ჩვენ ვამკვიდრებთ შემდეგ დემოკრატიულ კულტურას, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ ურჩევნია ჰყავდეს ხელისუფლებაში, მეორე ტური რომ დაინიშნება, ეს როგორც ჩანს, უკვე რეალობაა, მეორე ტურის შედეგად დავით ნარმანია იქნება თბილისის უმრავლესობის მერი უგულავასგან განსხვავებით, რომელიც იყო თბილისის უმცირესობის მერი. ეს არის სწორედ დემოკრატიული განმტკიცება და კონსოლიდაცია", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა გამარჯვება მიულოცა ქუთაისის, ზუგდიდის, ახალციხის, ამბროლაურის არჩეულ მერებს, რომლებიც მისი შეფასებით, გუშინ შთამბეჭდავი გამარჯვებით გამოირჩეოდნენ. ასევე თეა წულუკიანმა ზუგდიდელებს მიულოცა, რომ "ქართული ოცნება" გახდა ზუგდიდის მმართველი და ზუგდიდში დასრულდა "ახალაიებისა და მისთანების ბოგინი".

"ეს არის ძალიან დიდი წარმატება. საქართველო, გუშინ, მე შემიძლია ვთქვა, ყველა მუნიციპალიტეტში გალურჯდა. ჩვენ, ქართველებმა ერთხელ წითლები დავამარცხეთ, და ახლა მეორედ დავამარცხეთ წითლები გუშინ. მე, როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელს, მჯერა, რომ ჩვენ, 2016 წლის არჩევნებში ვიქნებით შთამბეჭდავი წარმატების ავტორები, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარასოდეს არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომაც მოვუწოდებ თბილისელებს, მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ მეორე ტურზე და ზოგიერთი ადამიანი, იმედი მაქვს, რომ მომავალ ტურზე არ გადაყვება ფეხბურთის ყურებას, მივა საარჩევნო ურნასთან და საკუთარ ბედს გადაწყვეტს ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა