სამართალდამცველებმა არჩევნებში ხელის შეშლის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა არჩევნებში ხელის შეშლის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეში, მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 15 ივნისს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე შეიარაღებული პირები შეიჭრნენ მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანში, იარაღის მუქარით ბიულეტენები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ გატაცებული ბიულეტენები დალუქულ მდგომარეობაში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. გამოძიება არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 162-ე მუხლით.

შსს-ს ინფორმაციით, ასევე ხონის რაიონის სოფელ ძეძილეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს ბრალი 163-ე მუხლით წარედგინათ, რაც საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები 15 ივნისს 20:30 საათზე 22-ე საარჩევნო უბანში შეიჭრნენ, საარჩევნო ყუთი დააზიანეს და ბიულეტენები დახიეს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება შეტყობინებისთანავე მოახდინეს. წუხელვე დაიკითხნენ შემთხვევის თვითმხილველები.

სამინისტროს ცნობითვე, ასევე, დედოფლისწყაროს რაიონში საარჩევნო უბნებზე მომხდარი ხულიგნობის ფაქტებზე დაკავებულია სამი პირი. ორი პირი დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე, ღამით, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ დროს მივიდა, როდესაც იქ ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობდა. მათსა და საოლქო კომისიის წევრებს შორის წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება, რაც შენობის გარეთ გაგრძელდა. ბრალდებულებმა საოლქო კომისიის წევრებს სიტყვიერი, ხოლო მე-7 საარჩევნო უბნის უფროსს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ხოლო დედოფლისწყაროში, გომელაურის ქუჩაზე, #3-ე ბაგა-ბაღში განთავსებულ #20-ე საარჩევნო უბანში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა ერთ-ერთ დამკვირვებელს, ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ პნევმატური იარაღიდან ჰაერში ერთხელ გაისროლა. გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ