როგორ აფასებენ ელჩები ჩატარებულ არჩევნებს

როგორ აფასებენ ელჩები ჩატარებულ არჩევნებს

15 ივნისის არჩევნები, 27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ, თვითმმართველობების გაძლიერებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია , - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოები ავრცელებენ.

საელჩოები ულოცავენ საქართველოს წარმატებულ და კარგად ჩატარებულ საარჩევნო დღეს, რა დროსაც ადგილობრივმა ამომრჩეველმა მერები და გამგებლები პირდაპირი წესით პირველად აირჩია.

"ეს არჩევნები, 27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ, თვითმმართველობების გაძლიერებისაკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია. ჩვენი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 95-მა დამკვირვებელმა 23 საარჩევნო ოლქში 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი მოინახულა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში, საარჩევნო გარემო იყო მშვიდი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთელს ქვეყანაში გახსნილ 3,600-ზე მეტ საარჩევნო უბანში შედარებით მცირე რაოდენობის დარღვევები დაფიქსირდა. გვჯერა, რომ ოპოზიციური პარტიების ძლიერი გამოსვლა და რამდენიმე ქალაქში დანიშნული განმეორებითი არჩევნები ქართულ დემოკრატიაში მზარდ პლურალიზმზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ოლქების უმეტეს ნაწილში წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და მხოლოდ მცირე დარღვევები დარეგისტრირდა. ამავე დროს, შეშფოთებით შევნიშნავთ, რომ ვრცელდებოდა ცნობები კონკრეტულ ქალაქებში წინასაარჩევნო ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილი აგრესიის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩოები მთავრობას მოუწოდებენ, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები განმეორებით არჩევნებამდე და მიიღოს საჭირო ზომები, რათა არჩევნები საქართველოში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს. "კვლავ გულდასმით დავაკვირდებით პროცესებს, მათ შორის მომავალ წინასაარჩევნო კამპანიასა და განმეორებით არჩევნებს. ამასობაში, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა